შპს „ორბი ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2020 19:49
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
შპს „ორბი ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2257, 11/11/2020) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ორბი ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2257, 11/11/2020) და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, შპს „ორბი ნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილიდან (შ-20-6/5550, 30.10.2020) ირკვევა, რომ შპს „ორბი ნეტის“ წილის 100% მფლობელი ფიზიკური პირი ზვიად ზოიძეს განზრახული ქონდა გადასცეს კუთვნილი წილი ფიზიკურ პირ ზაზა ზოიძეს. წერილს თან ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B20003855, 17/01/2020), სადაც შპს„ორბი ნეტის“ წილის 100% მფლობელად ფიქსირდება ფიზიკური პირი ზვიად ზოიძე. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად კომისიის მიერ 2020 წლის 5 ნოემბერს გაგზავნილ იქნა წერილი Nგ-20-08/3505, სადაც განმარტებული იყო, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, საჭირო იყო კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღება.
კომისიის წერილის (Nგ-20-08/3505, 05.11.2020) პასუხად შპს „ორბი ნეტმა“ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5651 06.11.2020) კომისიას აცნობა, რომ წილის შეძენასთან დაკავშირებული ტრანზაქცია განახორციელა კომისიის თანხმობის გარეშე, რაც ჩათვალა, როგორც ფორმალური გადაცდომა და თხოვნით მიმართა კომისიას, აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით არ იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) წილის 100% ფიზიკურ პირ ზაზა ზოიძის მიერ შეძენით დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი.
ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-2291, 18/11/2020) თანახმად, შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
შპს „ორბი ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N გ-20-03/3855, 19/11/2020). შეტყობინებით, შპს „ორბი ნეტ“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ორბი ნეტის“ წარმომადგენლები ელდარ თურმანიძე და თენგიზ ყურაშვილი. კომისიის სხდომაზე თ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ წერილში ასახული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ანუ ინფორმაცია, რასაც უნდა შეიცავდეს მსგავსი ტიპის მომართვა ავტორიზებული პირის წილის გასხვისების ან შერწყმის დროს. შესაბამისად, ამ ნაწილში ვალდებულება გარკვეულწილად შესრულებული იყო. თ. ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „ორბი ნეტი“ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ბაზრის სეგმენტზე და კონკურენციის შეზღუდვა ვერ მოხდებოდა. ეს მარტივად გადამოწმებადია, თუნდაც მათ მიერ წარმოდგენილი ნულოვანი გაანგარიშებებით და დეკლარაციებით, რაც იგზავნებოდა კომისიაში საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შპს „ორბი ნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თვითონ წილის გასხვისების ოპერაცია იყო ფორმალური ხასიათის, ვინაიდან ზვიად ზოიძე და ზაზა ზოიძე არიან ძმები. მათ შორის რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ჩუქების ხელშეკრულებაში, რის საფუძველზეც გადაეცა წილები ზაზა ზოიძეს, არის დათქმა გაკეთებული, რომ ფაქტობრივი მესაკუთრე ამ ქონების ყოველთვის იყო ზაზა ზოიძე, რომელიც ფაქტობრივად განკარგავდა ამ ქონებას და ამ ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ჩანაწერის გასაკეთებლად რეესტრში გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. ამის საფუძველზე მოხდა არა მხოლოდ შპს „ორბი ნეტის“, არამედ „ორბის“ ჰოლდინგში შემავალი ბევრი სხვა კომპანიის წილების გასხვისება, რომელიც როგორც ფორმალურად, ისე ფაქტობრივად გაიფორმა ბატონმა ზაზა ზოიძემ. თ. ყურაშვილმა დასძინა, რომ ამ შემთხვევაში, ამოსავალი არის კანონის მიზნობრიობა, თუ რატომ ითხოვს კანონი შეთანხმების პროცედურას და თანხმობის მიღებას კომისიისგან. შპს „ორბი ნეტი“ არ არის ბაზარზე მსხვილი მოთამაშე და ვერანაირ გავლენას მასზე ვერ მოახდენს და კომისიის თანხმობაც, მეტწილად, ფორმალური სახისაა. საკითხის უფრო სიღრმისეული განხილვის და დამატებითი სხდომების აუცილებლობა თვითონ კანონის მიზნობრიობიდან და მისი 27-ე მუხლიდან გამომდინარე, თუ რა შემთხვევაში ხდება დამატებითი განხილვა, ასეთი ფაქტობრივი სამართლებრივი გარემოებები არ იყო სახეზე და ამიტომაც მოხდა წილის გასხვისება ბატონ ზაზა ზოიძეზე. მათი შეფასებით ეს არის ფორმალური პროცედურული გადაცდომა და შესაბამისობაშია ზემოთ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სწორედ ამას ეფუძნება წერილობით მომართვაში დაფიქსირებული თხოვნა, რომ არ იყოს პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული განსახილველ შემთხვევაში. თ. ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გადაცდომა ან სხვა სამართალდარღვევა კომპანიას არ ჰქონია და მისი აზრით, საკითხის გადაწყვეტისას ეს გარემოებაც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.
კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომა გადაიდო 2020 წლის 3 დეკემბრისთვის კომისიის მიერ შპს „ორბი ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების მიზნით.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2257, 11/11/2020) თანდართული მასალით (შპს„ორბი ნეტის“ წერილი (შ-20-6/5550, 30.10.2020), კომისიის წერილი (Nგ-20-08/3505, 05.11.2020), შპს „ორბი ნეტის“ წერილი (Nშ-20-6/5651 06.11.2020), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან B20003855, 17/01/2020 და B20088803, 29/10/2020);
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2291, 18/11/2020);
3. შპს „ორბი ნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-20-03/3855, 19/11/2020) კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
4. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ორბი ნეტის“ შესახებ;
5. შპს„ორბი-ნეტის“ წარმომადგენლის თ.ყურაშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ორბი ნეტ“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, შპს „ორბი ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2. შპს „ორბი ნეტმა“ წერილით (შემოსვლის გზა: ელექტრონული ფოსტა, 29.10.2020, 19:11 საათი; კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5550, 30.10.2020) აცნობა კომისიას წილის გადაცემის განზრახვის თაობაზე (შპს „ორბი ნეტის“ წილის 100% მფლობელი ფიზიკური პირ ზვიად ზოიძეს განზრახული ქონდა გადასცეს კუთვნილი წილი ფიზიკურ პირ ზაზა ზოიძეს). ამასთან დაკავშირებით კომისიამ წერილობით (Nგ-20-08/3505, 5.11.2020) განუმარტა კომპანიას, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, საჭირო იყო კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღება. კომისიის წერილის პასუხად შპს „ორბი ნეტმა“ წერილობით (Nშ-20-6/5651 06.11.2020) კომისიას აცნობა, რომ წილის შეძენასთან დაკავშირებული ტრანზაქცია განახორციელა კომისიის თანხმობის გარეშე, რაც ჩათვალა, როგორც ფორმალური გადაცდომა და თხოვნით მიმართა კომისიას, აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით არ იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები;
3. საჯარო რეესტრის მონაცემებით 2020 წლის 29 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილება შპს „ორბი ნეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტებში (B20088803, 29/10/2020), კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს„ორბი ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელმა ზვიად ზოიძემ წილი სრულად გადასცა ზაზა ზოიძეს;
4. შპს „ორბი ნეტს“ თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;
6. შპს „ორბი ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება: ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია; გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26- ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. ასევე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან 4 შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტ ურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
13.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ორბი ნეტმა“ 2020 წლის 30 ოქტომბერს კომისიას აცნობა წილის გადაცემის განზრახვის თაობაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წლის 29 ოქტომბერს კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს „ორბი ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელმა ზვიად ზოიძემ წილი სრულად გადასცა ზაზა ზოიძეს. ამ აქტივობის განხორციელებამდე (თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ) შპს „ორბი ნეტს“ არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, შპს „ორბი ნეტის“ მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდოგმარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის შესწავლით (სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2291, 18/11/2020) ირკვევა, რომ შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ445548818) წილის შეძენამდე და წილის შეძენის შემდგომ, შპს „ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს„ორბი ნეტის“ (ს/კ 445548818) წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ორბი ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პუნქტის „ბ“, ქვეპუნქტი, 25-ე, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ორბი ნეტს“ (ს/კ 445548818) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ორბი ნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ორბი ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ორბი ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ორბი ნეტისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
