შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 18:25
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2340, 24/11/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 20-10-2340, 24/11/2020) აღნიშნულია, რომ 2020 წლის 6 აგვისტოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს გაეგზავნათ წერილი (Nგ-20-03/2521) ბენეფიციარის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით. შპს „ატამ“ (ს/კ231289977) აღნიშნულ წერილზე პასუხი წარმოადგინა 2020 წლის 18 სექტემბერს (Nშ-20-6/4837), თუმცა არასრულყოფილად, კერძოდ, კომპანიამ წარმოადგინა 50%-იანი წილის მფლობელის სს„ლედას“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის „ეროვნული რეესტრიდან“ ამონაწერი 2008 წლის 27 მაისის მდგომარეობით და როგორც წერილშია აღნიშნული ახალი ამონაწერის მიღებისთანავე წარმოადგენდა კომისიაში. 2020 წლის 6 ოქტომბერს შპს „ატამ“ ხელმეორედ გამოაგზავნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5220), რითაც კომისიას აცნობა, რომ ისევ იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში და ისევ მოითხოვა ვადა ინფორმაციის წარმოდგენისათვის. შპს „ატას“ განახლებული ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის (მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა) გამო.
შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 3 დეკემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ატას“ წარმომადგენელი, რომელმაც თავად განაცხადა სხდომაში მონაწილეობაზე უარი. შეტყობინების მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ატას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2340, 24/11/2020).
2. შპს „ატას“ 2020 წლის 17 სექტემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4837;18.09.2020).
3. შპს „ატას“ 2020 წლის პირველი ოქტომბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5220; 06.10.2020).
4. კომისიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნილი 2020 წლის 6 აგვისტოს წერილი (N გ-20-03/2521).
5. შპს „ატასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
6. მონაცემები შპს „ატას“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ატა“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010).
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. 2020 წლის 6 აგვისტოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს გაეგზავნათ წერილი (Nგ-20-03/2521) ბენეფიციარის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით.
მტკიცებულება: კომისიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნილი 2020 წლის 6 აგვისტოს წერილი (N გ-20-03/2521).
3. შპს „ატამ“ (ს/კ231289977) კომისიის წერილზე პასუხი წარმოადგინა 2020 წლის 18 სექტემბერს, თუმცა არასრულყოფილად, კერძოდ, კომპანიამ წარმოადგინა 50%-იანი წილის მფლობელის სს „ლედას“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის „ეროვნული რეესტრიდან“ ამონაწერი 2008 წლის 27 მაისის მდგომარეობით.
მტკიცებულება: შპს „ატას“ 2020 წლის 17 სექტემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/4837; 18.09.2020).
4. 2020 წლის 6 ოქტომბერს შპს „ატამ“ ხელმეორედ გამოაგზავნა წერილი, რითაც კომისიას აცნობა, რომ ისევ იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში და ისევ მოითხოვა ვადა ინფორმაციის წარმოდგენისათვის.
მტკიცებულება: შპს „ატას“ 2020 წლის პირველი ოქტომბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/5220; 06.10.2020).
5. შპს „ატას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია: „გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი“; „მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან“.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ატას“ მიერ, კომისიის მიერ მისგან მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად და მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. კომისია ასევე აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ატას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიის მიერ მისგან მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, მე-7 თავის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ატას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
2. დაევალოს შპს „ატას“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში სრულად წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ატასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ატასთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების შპს „ატასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
