შპს „სილქ მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 17:51
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
შპს „სილქ მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10/2301, 19.11.2020) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სილქ მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის არადისკრიმინაციული მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „სილქ მედიას“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა. 2020 წლის 10 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ წერილობით მიმართა მაუწყებელს და მოითხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების წარმოდგენა. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, პანდემიის გამო მაუწყებელმა ვერ შეძლო კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის დებატების ორგანიზების უზრუნველყოფა, თუმცა ისინი ცალ-ცალკე მიიწვია და პროგრამის წარდგენის შესაძლებლობა მისცა. აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სილქ მედიას“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენლი ვალდებულების დარღვევას და ითხოვს რეაგირების განხორციელებას.
2020 წლის 11 ნოემბერს, შპს ,,სილქ მედიამ“ წერილობით მიმართა კომისიას, სადაც აღნიშნულია, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ჰქონოდა შესაძლებლობა თანაბრად და არადისკრიმინაციულად მიეღო მონაწილეობა წინასაარჩევნო გაშუქებაში. ამისთვის, ევრონიუსის ფორმატის გათვალისწინებით შეეცადნენ მოეძებნათ ოპტიმალური გზა, რათა ყველა სუბიექტი სათანადოდ და თანაბრად ყოფილიყო წარმოდგენილი და დაცული ყოფილიყო შეჯიბრებითობის პრინციპი. ამისთვის ჩამოაყალიბეს 5 შეკითხვა, რომლებიც კვალიფიციური სუბიექტების საარჩევნო პლატფორმას წარმოაჩენდნენ. შემდეგ ყველა წარმომადგენელს დაუსვეს ეს შეკითხვები, თანაბარი დრო დაუთმეს მათზე საპასუხოდ და პასუხები ,,ევრონიუს ჯორჯიას“ პლატფორმაზე ერთდროულად განათავსეს. შპს ,,სილქ მედიას“ განმარტებით, ვინაიდან ასეთი ფორმატი არ აღმოჩნდა საკმარისი, მომავალში ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ.
შპს ,,სილქ მედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს„სილქ მედიას“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,სილქ მედიას“ წარმომადგენელმა აღიარა დარღვევა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო დებატები, თავისი კლასიკური გაგებით, შპს,,სილქ მედიას“ ეთერში არ გასულა. მან განმარტა, რომ კომპანია მაუწყებლობს „ევრონიუს ჯორჯიას“ ფორმატით და სრულად არის დამოკიდებული ,,ევრონიუსზე“, რომელთანაც ამინდის პროგნოზის გაშვებაც კი თანხმდება, ვინაიდან არ აქვთ უფლება გადაუხვიონ,,ევრონიუსის“ საერთო მახასიათებელ ფორმატს. მან აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შპს,,სილქ მედიას“ მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდა 2020 წლის აგვისტოში მაუწყებლობის დასაწყებად, ხოლო მაუწყებლობის დაწყებიდან მალევე დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი, რისთვის ტელეკომპანიას მომზადება სჭირდებოდა. შპს ,,სილქ მედიას“ წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიამ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს მისცა შესაძლებლობა გამოეხატა თავისი პოზიცია, კომპანიის მიზანი არ ყოფილა კანონის დარღვევა და მსგავსი დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, შპს ,,სილქ მედია“ მაქსიმალურად შეეცდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები შეათანხმოს ,,ევრონიუსთან“ და მომზადებული შეხვდეს მომავალ წინასაარჩევნო კამპანიას. შპს ,,სილქ მედიას“ წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა კომისიას გაითვალისწინოს ყოველივე აღნიშნული და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სცნოს შპს ,,სილქ მედია“ სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისაგან.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1.კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2301, 19.11.2020).
2. კომისიის 2020 წლის 10 ნოემბრის N გ-20-04/3626 წერილი შპს ,,სილქ მედიას“.
3. შპს ,,სილქ მედიის“ 2020 წლის 11 ნოემბრის წერილი კომისიას.
4. შპს ,,სილქ მედიას“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სილქ მედიას“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,სილქ მედია“ (ს/ნ 402140553) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა (ავტორიზაციის თარიღი: 26.03.2020). კომისიის 2020 წლის 26 მარტის №გ-20-1/356 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სილქ მედია“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 26 მარტის №გ-20-1 / 356 გადაწყვეტილება
2. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შპს„სილქ მედიას“ წინასაარჩევნო დებატები არ გადაუცია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2301, 19.11.2020); კომისიის 2020 წლის 10 ნოემბრის N გ-20-
04/3626 წერილი შპს ,,სილქ-მედიას“; შპს ,,სილქ-მედიის“ 2020 წლის 11 ნოემბრის წერილი კომისიას; შპს ,,სილქ მედიას“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
3. შპს „სილქ მედიას“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობით შპს „სილქ მედიას“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და კომისიის 2020 წლის 26 მარტის №გ-20-1/356 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, კომპანიის სანქცირების საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სილქ მედია“ აღიარებს დარღვევას; არასდროს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე; კომპანიამ მაუწყებლობა დაიწყო აგვისტოში, საარჩევნო კამპანიის დაწყების წინა თვეს და მას ჰქონდა მოკლე მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მიმდინარეობდა პანდემიის პირობებში; კომპანია მაუწყებლობს ,,ევრონიუსის“ ფორმატით და გადაცემების მასთან შეთანხმებას სჭირდებოდა დრო, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს ,,სილქ მედია“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „სილქ მედია“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2020 წლის 26 მარტის №გ-20-1/356 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს,,სილქ მედია“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სილქ მედიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სილქ მედიასთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სილქ მედიასთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
