წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 885

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 18:40

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-2317, 20/11/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის   მიმდინარეობისას   წინასწარჩევნო   დებატები  განთავსებული   არ   ყოფილა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   საერთო მაუწყებელმა   უნდა   გადასცეს   წინასაარჩევნო   დებატები  მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა.

კომისიამ 2020 წლის 10 ნოემბრის წერილით (N გ-20-04/3638) მიმართა შპს „სტუდია მაესტროს“ და მოსთხოვა ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობის თაობაზე,  რაზედაც  კომპანიამ   წერილობით  (  კომისიაში რეგისტრაციის  Nშ20-6/5678,10.11.2020 და შ-20-6/5875, 19.11.2020) აცნობა კომისიას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით უიარი განაცხადა სტუდიაში მოეწვიათ სტუმრები. შპს„სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო დებატი არ გამართულა. წერილში აღნიშნულია, რომ COVID-19 ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე ახალ რეალობაში უწევთ მუშაობა. მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია კომპანიის საეთერო ბადეზე, დაგეგმილ გადაცემებზე და სხვადასხვა აქტივობებზე. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში 19 კვალიფიციური სუბიექტი იყო რეგისტრირებული, წინასაარჩევნო დებატის გამართვის შემთხვევაში კი კანონი ყველას მოწვევას ავალდებულებს მაუწყებელს, კომპანიამ გადაწყვიტა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  საერთოდ  უარი ეთქოვა აღნიშნულ  ფორმატზე.  წერილის თანახმად, კომპანიისთვის პრიერიტეტული მათი თანამშრომლების და ზოგადად, საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობა, ის მიზანი კი, რაც წინასაარჩევნო დებატებს ემსახურება, ვერ გადაწონის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას. ამასთან, გარკვეულწილად მოსახლეობის ინფორმირებული არჩევანის უფლება მაინც დაცული იყო, რადგან მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალურად შეუფერხებლად და სრულფასოვნად კომპანია ანთავსებდა ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამას, მათი მომართვის შესაბამისად.

კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 3 დეკემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „სტუდია მაესტროს“ გაეგზავნა  შეტყობინება (N გ-20-03/3922,26/11/2020) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ნინო ფაშალიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ამ პერიოდში ბევრს დაუდასტურდა, კომპანიამ გადაწყვიტა უარი ეთქვა დებატის უზრუნველყოფაზე, ვინაიდან კომპანიისთვის პრიორიტეტული მათი თანამშრომლების და საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობაა. ნ. ფაშალიშვილმა ასევე დასძინა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიის მიერ ამ პერიოდში აქტიურად შუქდებოდა პოლიტიკური პროცესი და თავსდებოდა  პოლიტიკური რეკლამები. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, რისკი ვირუსის გავრცელების იმის ხარჯზე შემცირდა, რომ კომპანიამ უარი განაცხადა დებატების პროგრამის განთავსებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ითხოვა კომისიამ სცნოს კომპანია სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2317, 20/11/2020) თანდართული მასალით (კომისიის წერილი (Nგ-20-04/3638, 10.11.2020); შპს „სტუდია მაესტროს“ წერილები  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ20-6/5678, 10.11.2020  და  შ-20-6/5875, 19.11.2020);

2.  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სტუდია მაესტროს“ შესახებ;

3.   შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლის ნინო ფაშალიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე.

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „სტუდია  მაესტრო“  წარმოადგენს  კერძო,  საერთო  მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (BR-385, 13/07/2012);

2. შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის   მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა.

3.   შპს  „სტუდია  მაესტროს“  წერილებში  Nშ20-6/5678,  10.11.2020  და  შ-20-6/5875, 19.11.2020) მითითებულია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო დებატი არ გამართულა, ვინაიდან კომპანიამ გადაწყვიტა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთოდ უარი ეთქოვა აღნიშნულ ფორმატზე;

4.   შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    პასუხისმგებლობის    არცერთი    სახე    გამოყენებული    არ ყოფილა.

IV.კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო  მაუწყებელმა  უნდა  გადასცეს  წინასაარჩევნო დებატები  მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის  მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების  შესახებ    ინფორმაციის    საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება  ამ  კანონის  561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული  ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტრო“ წარმოადგენს საერთო მაუწყებელს და შესაბამისად, ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ვინაიდან, იგი არ ათავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში წინასაარჩევნო დებატებს, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ)ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის  მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის არ ყოფილა გამოყენებული;

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის   პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „სტუდია მაესტროს“ მიეცეს გაფრთხილება , „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტით   გათვალისწინებული დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) შპს „სტუდია მაესტროსთვის“  ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები