წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-18 / 886

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 20:51

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10/2315, 20.11.2020) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანი ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის არადისკრიმინაციული მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასწარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა. 2020 წლის 10 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, მაუწყებელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია. აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენლი ვალდებულების დარღვევას და ითხოვს რეაგირების განხორციელებას.

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, კომპანიას გაეგზავნა     შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის დირექტორმა ვ. მეძმარიაშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ნამდვილად აპირებდა სტუმრების მოწვევას დებატებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ რეიტინგის გამო, საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირება და მოწვევაც რთული იყო. კომპანიას აქვს რამდენიმე აუდიოჩანაწერი, როდესაც მაუწყებლის თანამშრომლები ტელეფონით უკავშირდებიან საარჩევნო სუბიექტებს. მან, ასევე აღნიშნა, რომ არცერთ პარტიას არ მიუმართავს და არ გამოუთქვამს დებატებში მონაწილეობის სურვილი. კომპანიას სურდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოწვევა, მომზადებული იყვნენ ამისთვის, მაგრამ ჟურნალისტს და ტექნიკური ჯგუფის მთავარ სპეციალისტს დაემართათ COVID19 და სურვილის მიუხედავად, დებატების გამართვა ვერ მოხერხდა.

II.  კომისიის მიერ გამოკვლეული  მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2315, 20.11.2020).

2. კომისიის 2020 წლის 10 ნოემბრის N გ-20-04/3634 წერილი შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს.

3. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის დირექტორის ახსნა-განმარტება.

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ.

III.  კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის თარიღი:. 06.10.2014; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები

2. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს წინასაარჩევნო დებატები არ გადაუცია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2315, 20.11.2020); კომისიის 2020 წლის 10 ნოემბრის N გ-20-04/3634 წერილი; შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის დირექტორის ახსნა-განმარტება.

3. შპს „ტელე-რადიო   კომპანია   ტვ   24“-ის   მიმართ   არ   ყოფილა  გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები

IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი   კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის  დადგენილებები   და გადაწყვეტილებები.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა  და სპონსორების  შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის      შემთხვევაში   კომისია   ვალდებულია  განიხილოს   შესაბამისი   საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა  ან   პრევენცია.   კომისია   მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა                            განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობით შპს „ტელე- რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  55-ე მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი,   რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის, შპს „ტელე- რადიო კომპანია კომპანია ტვ 24“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის      პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს გაფრთხილება  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადაწყვეტილების შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  მე-2   პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის    აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები