წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 890

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 21:03

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისთვის“ ადმინისტრაციული     პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2318, 20/11/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას  წინასაარჩევნო  დებატები  განთავსებული  არ ყოფილა. 2020 წლის 10 ნოემბერს, კომისიამ წერილობით მიმართა მაუწყებელს და მოითხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დებატებში ოპონირება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან სურდათ, რაზეც ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა. აქედან გამომდინარე, რადგანაც მაუწყებლის მცდელობის მიუხედავად დებატების გამართვა ვერ ხერხდებოდა, მაუწყებელმა თანაბარი დრო გამოყო საარჩევნო სუბიექტებისათვის და მისცა შესაძლებლობა წარედგინათ საკუთარი პროგრამა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო- ვიზუალური  მედია  მომსახურების  რეგულირების დეპარტამენტს  მიაჩნია,  რომ  შპს„ტელეკომპანია  თანამგზავრის“  მხრიდან  ადგილი აქვს  კანონმდებლობით  დადგენილი ვალდებულების დარღვევას.

შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიერ 2020 წლის 30 ნოემბერს კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/6021), რომლის მიხედვითაც, მაუწყებელი განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები შექმნილი ვითარების გამო არ მივიდნენ მათ წინასაარჩევნო დებატებში, მათ სატელევიზიო ეთერში გაუშვეს სხვების მიერ მომზადებული დებატები, სადაც თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას და განათავსეს მათ ვებ-გვერდზე.

შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ წარმომადგენელი, ე. კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დებატები ტელეკომპანიის ეთერში არ ყოფილა განთავსებული, არამედ განთავსდა ტელეარხის ვებ გვერდზე. ტელეკომპანიამ ვერ შეძლო დებატების ორგანიზება, ვინაიდან პოლიტიკური პარტიები ამაზე უარს აცხადებდნენ, რისთვისაც მოუწიათ რამდენიმე გადაცემის გაკეთება. ამასთან, მათთვის ბევრად მარტივი იყო ერთი დებატის გამართვა, ვიდრე ამდენი გადაცემის ჩაწერა და პირდაპირ ეთერში გაშვება. შესაბამისად, ტელეკომპანიას ჰქონდა მცდელობა რაღაც მაინც გაეკეთებინა.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2318, 20/11/2020).

2. კომისიის  მიერ  შპს  „ტელეკომპანია  თანამგზავრისთვის“  გაგზავნილი  2020 წლის  10 ნოემბრის წერილი (N გ-20-04/3636).

3. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიერ კომისიისთვის გამოგზავნილი 2020 წლის 10 ნოემბრის საპასუხო წერილი (შ-20-6/5700).

4. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის  სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიერ 2020 წლის 30 ნოემბერს კომისიის ელექტრონულ  ფოსტაზე  წარმოდგენილი  წერილი  (კომისიაში  რეგისტრაციის  N შ-20-6/6021) თანდართული მასალით.

6. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ შესახებ.

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრი“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა) ავტორიზებულ პირს.

2. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დებატები განთავსებული არ ყოფილა.

მტკიცებულება:   კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია  მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2318, 20/11/2020).

3. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრი“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტების მიმართ დებატებში მონაწილეობის მისაღებად შეთავაზების დამადასტურებელი  მტკიცებულებები.

მტკიცებულება: კომისიის მიერ შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისთვის“ გაგზავნილი 2020 წლის 10 ნოემბრის წერილი (N გ-20-04/3636) და შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიერ კომისიისთვის გამოგზავნილი 2020 წლის 10 ნოემბრის საპასუხო წერილი (შ-20-6/5700).

4. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიერ სატელევიზიო ეთერში არ ყოფილა განთავსებული დებატები, სადაც თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული მასალა განთავსდა მხოლოდ კომპანიის ვებ-გვერდზე.

მტკიცებულება: შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიერ 2020 წლის 30 ნოემბერს კომისიის ელექტრონულ  ფოსტაზე  წარმოდგენილი  წერილი  (კომისიაში რეგისტრაციის  N  შ-20-6/6021) თანდართული მასალით.

5. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებელი ვალდებულია  უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო  დებატები  მისი  მომსახურების  ზონაში  მიმდინარე  საარჩევნო კამპანიის დროს. ხოლო ამავე კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია თანამგზავრი“ როგორც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

კომისია   აღნიშნავს,   რომ   შპს   „ტელეკომპანია   თანამგზავრის“   მიერ  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები განათავსა კომპანიის ვებგვერდზე, ნაცვლად სატელევიზიო ეთერში განთავსებისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა, რითიც მაუწყებლის მხრიდან დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში   მიმდინარე   საარჩევნო   კამპანიის   დროს.  გამომდინარე  იქიდან,  რომ   შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის     არცერთი სახე    გამოყენებული  არ  ყოფილა, მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს  წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს წერილობითი გაფრთხილება შპს „ტელეკომპანია თანამგზავრს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისათვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელეკომპანია თანამგზავრისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები