წვდომის მენიუ

შპს „ილიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 903

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2020 13:27

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2020

შპს „ილიონისთვის“ ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2313, 20/11/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ილიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ილიონის“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას  წინასაარჩევნო დებატები  განთავსებული  არ ყოფილა. 2020 წლის 10 ნოემბერს, კომისიამ წერილობით მიმართა მაუწყებელს და მოითხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა. კომისიის მიერ განსაზღვრულ პერიოდში მაუწყებელს ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ილიონის“ მხრიდან ადგილი აქვს  კანონმდებლობით  დადგენილი ვალდებულების დარღვევას.

შპს   „ილიონისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების  თაობაზე საკითხის  განხილვის  დღედ  განისაზღვრა  2020  წლის  3  დეკემბერი, 15:00  საათი,  რის თაობაზეც   მაუწყებელს   ეცნობა   წერილობითი   შეტყობინებით  და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  98-ე  და  99-ე მუხლებით გათვალისწინებული  მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

შპს „ილიონის“ მიერ 2020 წლის პირველ დეკემბერს კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6054), რომლის შესაბამისად, შპს „ილიონმა“ იშუამდგომლა კომისიის სხდომის ერთი კვირით გადადების თაობაზე,  ვინაიდან  აქვს სურვილი  კომისიას    წარმოუდგინოს წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ: კვალიფიციური საარჩევნო  სუბიექტებისგან  ცნობები, რომლითაც ისინი დაადასტურებენ, რომ „ილიონის“ მხრიდან საარჩევნო პერიოდში მიიღეს შეთავაზება დებატებში მონაწილეობის საკითხზე.

კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე, კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ილიონის“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 10 დეკემბრის სხდომისთვის.

კომისიის 2020 წლის 10 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ილიონის“ წარმომადგენელი თ. ომანიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მაუწყებელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალის გამომრიცხავი მტკიცებულებების მოპოვება და კომისიაში წარმოდგენა ვერ შეძლო.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2313, 20.11.2020);

2. კომისიის  წერილი შპს „ილიონს“ (10.11.2020 Nგ-20-04/3633);

3. შპს „ილიონის“ წერილი კომისიას (01.12.2020 Nშ-20-6/6054);

4. შპს „ილიონის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 10 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება;

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ილიონის“ შესახებ.

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს  „ილიონი“  წარმოადგენს  კერძო,  საერთო  მაუწყებლობაზე  (მაუწყებლობის  სახე  - ტელემაუწყებლობა) ავტორიზებულ პირს.

2. შპს „ილიონის“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დებატები განთავსებული არ ყოფილა.

3. შპს „ილიონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტების მიმართ დებატებში მონაწილეობის მისაღებად შეთავაზების დამადასტურებელი  მტკიცებულებები;

4. შპს „ილიონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს  მის  მიერ  გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების    შესახებ    ინფორმაციის    საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2  პუნქტის     მიხედვით,     მაუწყებლის     საქმიანობის     საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების    ფარგლებში  განხორციელებული    ზედამხედველობისა      და კონტროლისა.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია   აღნიშნავს,   რომ   შპს   „ილიონის“   მიერ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ბადეში დებატების  განუთავსებლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.  გამომდინარე  იქიდან,  რომ   შპს „ილიონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის     არცერთი სახე    გამოყენებული  არ ყოფილა, მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს  წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ილიონს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451   მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების  შპს„ილიონისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ   ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს„ილიონისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების  თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს „ილიონისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ილიონისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები