წვდომის მენიუ

შპს „კატევე 1”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 907

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2020 21:26

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2020

შპს „კატევე 1”-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  მოხსენებითი  ბარათის  (N20 10-2450,10.12.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კატევე 1“- ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 18 ნოემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/146512, 18.11.2020. N16/155707, 11.12.2020) აცნობა, რომ კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ სუბიექტს, შპს „კატევე 1“-ს, რომელიც არის მე-3 კატეგორიის საწარმო, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია 2019 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგება.

2020 წლის 20 ნოემბერს, კომისიამ შპს „კატევე 1“-ს წერილობით (Nგ-20-01/3878, 20.11.2020) მიმართა 2020 წლის 26 ნოემბრისთვის   ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარედგინა    ფინანსური     ანგარიშგება, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-3 კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრული წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია ვალდებული   იქნებოდა   განეხილა  ავტორიზებული/ლიცენზირებული პირის   მიერ საქართველოს კანონმდებლობის    დარღვევის     საკითხი     და     მიეღო     შესაბამისი გადაწყვეტილება.

შპს „კატევე 1“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 17 დეკემბერის კომისიის სხდომაზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

2020 წლის 17 დეკემბერს შპს „კატევე 1“-მა კომისიას წერილობით (შ-20-6/6340) აცნობა, რომ კომპანიამ შეასრულა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2019 წლის შესაბამისი ანგარიშგების დოკუმენტი წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.

2020 წლის 17 დეკემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „კატევე 1“-ს წარმომადგენელი, თუმცა კომისიის შეტყობინება კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შპს „კატევე 1“-ს ჩაბარდა 2020 წლის 14 დეკემბერს. ამასთან, კომპანიას კომისიაში  არ    წარმოუდგენია    შუამდგომლობა    სხდომის  გადადების  თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული   მხარე   მისი  მოთხოვნის  საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ  წარმოებაში,    ხოლო    ამავე  მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამდენად, კომისიამ შეასრულა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ი. კობახიძემ განმარტა, რომ შპს ,,კატევე 1“-მა 2019 წლის შესაბამისი ანგარიშგების დოკუმენტი დღეს წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, ის უხარვეზოა და მოხდა მისი გასაჯაროება.

II.   კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N20-10-2450,  10.12.2020).

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილები (N16/146512, 18.11.2020. N16/155707, 11.12.2020).

3. კომისიის წერილი (N გ-20-01/3878,  20.11.2020) შპს „კატევე 1“-ს.

4. შპს ,,კატევე 1“-ის წერილი (შ-20-6/6340, 17.12.2020) კომისიას.

5. კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა- განმარტება.

6. შპს ,,კატევე 1“-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,კატევე 1“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (08.02.2010) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი. შპს „კატევე 1“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით,  შპს ,,კატევე 1“ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის უ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ III კატეგორიის საწარმოს.

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „კატევე 1“ ვალდებულია  ამ კანონით მისთვის დადგენილი ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  შპს „კატევე 1“-ს არ შეუსრულებია მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის შესაბამისი ანგარიშგება 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე არ წარუდგენია, თუმცა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის კომპანიას წარდგენილი აქვს 2019 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგება, რაც დაადასტურა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ  შორის, კონსოლიდირებული  ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის  სერიოზულობიდან    გამომდინარე    – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე    მუხლის    მე-2    პუნქტის    შესაბამისად, ამ    კანონისა    და    მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანო.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.

5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

6.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის   შესახებ“  საქართველოს კანონის 27-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   თანახმად,  სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კატევე 1“-ის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კატევე 1“-მა ნებაყოფლობით აღმოფხვრა დარღვევა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის ანგარიშგება წარადგინა  ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს ,,კატევე1“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან,

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „კატევე 1“ ცნობილ იქნას   სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2. შპს „კატევე 1“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3.  დაევალოს  კომისიის   აპარატის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  ასლის შპს„კატევე 1“-სთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „კატევე 1“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  N64) შპს „კატევე 1“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები