შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნითდაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2020 0:39
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2020
შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნითდაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 20-10-2314, 20.11.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „სიგულდას“ ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წინასაარჩევნო დებატები განთავსებული არ ყოფილა. 2020 წლის 10 ნოემბერს, კომისიამ წერილობით (Nგ-20-04/3627) მიმართა მაუწყებელს და მოითხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა. კომისიის მიერ განსაზღვრულ პერიოდში მაუწყებელს ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საერთო მაუწყებლები ვალდებული არიან გადასცენ წინასაარჩევნო დებატები მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სიგულდას“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევას.
შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე
საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
შპს „სიგულდას“ მიერ 2020 წლის პირველ დეკემბერს კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6054), რომლის შესაბამისად, შპს „სიგულდამ“ აცნობა კომისიას, რომ მის სამაუწყებლო ეთერში 2020 წლის
30 ოქტომბერს 17:53 საათზე განთავსებული იყო პოლიტიკური დებატი, რომელშიც მონაწილეობდნენ: კონსერვატიული პარტიიდან (საარჩევნო N47) ხათუნა საგინაშვილი და პოლიტიკური პარტია „გირჩი"-დან (საარჩევნო N36) ლევან ჯგერენაია. შპს „სიგულდამ“ წარმოადგინა აღნიშნული დებატების ამსახველი ბმული www.myvideo.ge- დან.
არმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის მიზნით, კომიისიის სხდომა გადაიდო 2020 წლის 10 დეკემბრისთვის.
2020 წლის 10 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თამარ ხუხუნაიშვილმა, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისიას გააცნო ახლადგამოვლენილი ფაქტობრივი გარემოება, შპს „სიგულდას“ სამაუწყებლო ეთერში 2020 წლის 30 ოქტომბერს, კენჭისყრის წინა დღეს, განთავსებული დებატების თაობაზე, რომელშიც მონაწილეობდა ორი არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2314, 20.11.2020));
2. კომისიის წერილი შპს „სიგულდას“ (10.11.2020 Nგ-20-04/3627);
3. შპს „სიგულდას“ წერილი კომისიას (01.12.2020 Nშ-20-6/6054);
4. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თ.ხუხუნაიშვილის მიერ კომისიის 2020 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტება;
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სიგულდას“ შესახებ.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „სიგულდა“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა) ავტორიზებულ პირს.
2. შპს „სიგულდას“ სამაუწყებლო ეთერში 2020 წლის 30 ოქტომბერს, კენჭისყრის წინა დღეს, განთავსდა დებატები, რომელშიც მონაწილეობდა ორი არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი;
3. შპს „სიგულდას“ სამაუწყებლო ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა შორის გამართული დებატები არ ყოფილა განთავსებული.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
6. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, მისი მომსახურების ზონაში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. საერთო მაუწყებელი უფლებამოსილია დებატებისას მოიწვიოს აგრეთვე შესაბამის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტია/ბლოკი;
7. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 83-ე მუხლის პირველი პუნქტის წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით;
8. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 82-ე მუხლითა და 83-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ოქმის შედგენა იწვევს საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომას; ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სასამართლოს სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს;
9.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სიგულდას“ მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ბადეში დებატების განთავსება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, რაც ამავე კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სიგულდას“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხანდაზმულია ვინაიდან:
1. კომისიის დაქირავებული მონიტორინგის ჯგუფის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პერიოდში ვერ იქნა გამოვლენილი ზემოაღნიშნული სამართალდარღვევა;
2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, აღნიშნული ვადა კი ამოწურულია.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „სიგულდას“ სამაუწყებლო ეთერში 2020 წლის 30 ოქტომბერს შედგა დებატები ორ არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს შორის, შპს „სიგულდას“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა (დებატების განუთავსებლობა) სახეზე არ არის და შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„სიგულდასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სიგულდასთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სიგულდასთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
