შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2020 1:04
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2020
შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (შემდგომში „კომისია“) ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (10/12/2020; N20-10-2450) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 18 ნოემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/146512) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია ფინანსური ანგარიშგება„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. კომისიამ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“ წერილობით (N გ-20-01/3882; 20/11/2020) აცნობა, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით“. ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო“. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“ ამავე წერილით ასევე განემარტა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის (N 16/146512) წერილით კომისიას ეცნობა, რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ არის მე-3 კატეგორიის საწარმო და წარდგენილი ანგარიშგება არ იყო მომზადებული მსს ფასს სტანდარტის შესაბამისად, კერძოდ, ანგარიშგებაში მოგება-ზარალის ფორმა არ იყო წარმოდგენილი შესადარის პერიოდზე. ასევე კომპანიას, განემარტა, რომ 2020 წლის 26 ნოემბრისათვის წარედგინათ ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით, მე-3 კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრული წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიმართავდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.
კომისიას შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ 2020 წლის 25 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის შ-20-6/5949; 25.11.2020) ეცნობა რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა“ წარადგინა ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-3 საწარმოსათვის განსაზღვრული წესით. თუმცა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის
2020 წლის 18 ნოემბრის (N 16/146512) წერილის საფუძველზე 2020 წლის 9 დეკემბრის თანდართული მასალისა და 2020 წლის 11 დეკემბრის (N 16/146512) წერილის მიხედვით, შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ წარდგენილი ანგარიშგება არ იყო მომზადებული მსს ფასს სტანდარტის შესაბამისად, კერძოდ, ანგარიშგებაში არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი განმარტებითი შენიშვნები.
კომისიას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წლის 16 დეკემბრის წერილით (N 16/157449) ასევე ეცნობა, რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ წარდგენილ იქნა ფინანსური ანგარიშგება და მოხდა მისი გასაჯაროვება.
შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, კომისიის სხდომაზე. კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე კომისიის შეტყობინებით ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები, მ. თორდია და ე. გოგია, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, ი. კობახიძე, რომელმაც დაადასტურა შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების ფაქტი.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი10/12/2020; N20-10-2450) თანდართული დოკუმენტაციით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი (18/11/2020; N 16/146512).
3. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი 2020 წლის 25 ნოემბრის წერილი (კომისიაშირეგისტრაციის შ-20-6/5949; 25.11.2020).
4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი (11/12/2020 N 16/146512).
5. კომისიის მიერ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისათვის“ გაგზავნილი წერილი (N გ-20-01/3882; 20/11/2020).
6. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წლის 16 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილი წერილი (N 16/157449).
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდანდა კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ შესახებ მონაცემები.
8. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
9. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ მიეკუთვნება მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოს („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მესამე კატეგორიის საწარმოს.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „საქართველოს აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)“.
5. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილი ანგარიშგება არ იყო მომზადებული მსს ფასს სტანდარტის შესაბამისად, კერძოდ, ანგარიშგებაში არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი განმარტებითი შენიშვნები.
6. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის წერილის (N 16/157449) შესაბამისად, კომისიას ეცნობა, რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ წარდგენილ იქნა ფინანსური ანგარიშგება და მოხდა მისი გასაჯაროვება, რითაც კომპანიამ აღმოფხვრა დარღვევა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის ანგარიშგებების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში კანონით დადგენილი სტანდარტის დაუცველად წარდგენით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დღისათვის გასაჯაროვებულია ანგარიშგების პორტალზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან კომპანიამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღმოფხვრა დარღვევა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისა“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
