შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2021 18:44
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020
შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში: „კომისია“) აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-2438, 08/12/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „მთავარ არხს“ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 22091,91 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიაში შემოვიდა შპს „მთავარი არხის“ წერილი (შ-20-6/6244, 14.12.2020), რომელშიც კომპანია მიუთითებს, რომ 2020 წლის 18 ნოემბრიდან შპს „მთავარ არხის“ ანგარიშს ადევს ინკასო, რის გამოც მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განახორციელონ რაიმე სახის ტრანზაქცია, მათ შორის, რეგულირების საფასურის გადახდა. არსებული მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში კომპანია დამატებით შეტყობინების გზით აცნობებს ამის თაობაზე კომისიას. ასევე, ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებას.
შპს „მთავარი არხის“ წერილს (შ-20-6/6244, 14.12.2020) თან ერთვის შემოსვლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ბრძანება N011-2020-182762, 18.11.2020, რომლის თანახმად, გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები შპს „მთავარი არის“ საბანკო ანგარიშზე.
შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2020 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-20-03/4209, 18/12/2020).
კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
კომისიაში 2020 წლის 18 დეკემბერს შემოვიდა შპს „მთავარი არხის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6380, 18.12.2020), რომელშიც კვლავ უთითებს, რომ შპს „მთავარი არხის“ ანგარიშს ადევს ინკასო, რის გამოც ვერ ახორციელებენ ვერანაირ ტრანზაქციას, მათ შორის, ვერც რეგულირების საფასურს ვერ იხდიან. ინკასო არის ობიექტური გარემოება, სახელმწიფო ორგანოების გატარებული ზომა, რის გამოც ფიზიკურად შეუძლებელია რეგულირების საფასურის გადახდა. ამასთან, კომპანია ითხოვს, კომისიამ მიუთითოს, როგორ და რა გზებით განახორციელოს არხმა რეგულირების საფასურის ტრანზაქცია, ისე რომ ეს კომისიამ არ ჩათვალოს დარღვევად.
წერილში ასევე მითითებულია, რომ „მთავარი არხი“ არ გაურბის რეგულირების საფასურის გადახდას და ყოველთვის იხდის ჩვეულებრივ რეჟიმში და არასდროს ყოფილა ამაზე რაიმე პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ ინკასოს მოხსნა მოხერხდა 24 დეკემბრამდე, ამის თაობაზე ეცნობება კომისიას. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიხსნა, კომპანიისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კომისიამ გამოიყენოს მედიის წინააღმდეგ ზომები იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ადევს ინკასო, ქვეყანაში პანდემიაა და ეს მძიმედ აისახება ეკონომიკაზე.
შპს „მთავარი არხი“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6380, 18.12.2020) წერილში ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს არხისთვის რაიმე სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ობიექტური და სამართლებრივი საფუძველი. არხმა იცის, რომ გადასახდელი აქვს რეგულირების საფასური და ცხადია ნებაყოფლობით აპირებს გადახდას. ამ ეტაპისთვის კი, გადაუხდელობა არის გამოწვეული სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოს გამო (რომელიც კომპანიას დაედო იქამდე, სანამ რეგულირების საფასურის გადახდის ვადა დადგებოდა) და არა კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია იმედოვნებს იმას, რომ კომისია მიიღებს აღნიშნულ გარემოებას მხედველობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება. ხოლო, ინკასოს მოხსნისთანავე კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას მყისიერ კომუნიკაციაზე.
კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N 20-10-2582, 23/12/2020) დამატებით ირკვევა, რომ შპს „მთავარმა არხმა“ წარმოადგინა ნოემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა, თანხით 5,411.51 ლარი და 22 დეკემბრის მდგომარეობით გადასახდელი აქვს სულ 27,503.22 ლარი.
კომისიის 2020 წლის 23 დეკემბრის წერილით (Nგ-20-03/4259, 23/12/2020) შპს „მთავარ არხს“ გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალა - კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2582, 23/12/2020).
კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ რადგანაც ამ პერიოდში ტელეკომპანიას ადევს საინკასო დავალება, ფიზიკურად შეუძლებელია რეგულირების საფასურის გადახდა. ამ გარემოებას დარღვევად არ აღიქვამენ, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს თანხა გადასახდელია და გადაიხდიან როგორც კი ინკასო მოიხსნება. საახალწლო პერიოდია, დასარიგებელი იქნება ხელფასები და კომპანია ყველა ღონეს მიმართავს, რომ მოიხსნას ინკასო და იქნებ დეკემბერშივე შეძლონ გადახდა. თუ ასე არ მოხდა, იანვარში შეძლებენ გადახდას, ვინაიდან წინა საახალწლო პერიოდში რეკლამების რაოდენობა იმატებს ტელეკომპანიაში. თ. მურადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან აღნიშნული თანხის გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამენ, მისი წინადადებაა შეწყდეს წარმოება. რადგანაც სანქციის მიზანი პრობლემის აღმოფხვრა და პრევენციაა, სანამ ინკასო არ მოეხსნება ტელეკომპანიას, ფიზიკურად იქნება შეუძლებელი გადახდა. მან ასევე დასძინა, რომ თუ წარმოების შეწყვეტა შეუძლებელია, მისი თხოვნაა გადაიდოს სხდომა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 დეკემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 31 დეკემბერს, 12 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხილდა.
კომისიაში 2020 წლის 28 დეკემბერს შემოვიდა შპს „მთავარი არხის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6522, 28/12/2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ „მთავარ არხს“ მოეხსნა ინკასო და შესაძლებელი გახდა რეგულირების საფასურის გადახდა. შესაბამისად, კომპანიამ გადაიხადა 2020 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის რეგულირების საფასური სრულად, ჯამში - 27,503.49 ლარი. წერილს თან ერთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქვითარი.
ზემოაღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულ იქნა კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათით (N20-10-2622, 28/12/2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მთავარმა არხმა“ 2020 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის 1,9 ფორმების შესაბამისად, სრულად დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2438, 08/12/2020);
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ;
3. შპს „მთავარი არხის“ წერილი (შ-20-6/6244, 14.12.2020) თანდართული მასალებით (შემოსვლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ბრძანება N011-2020-182762, 18.11.2020);
4. შპს „მთავარი არხის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6380, 18.12.2020);
5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2582, 23/12/2020);
6. კომისიის შეტყობინება შპს „მთავარ არხს“ 2020 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
7. კომისიის წერილი (Nგ-20-03/4259, 23/12/2020) გაგზავნილი შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალით;
8. შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე;
9. შპს „მთავარი არხის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/6522, 28/12/2020);
10. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2622, 28/12/2020).
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მთავარი არხი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ.
2. შპს „მთავარ არხს“ კომისიის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად 2020 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება
22091,91 ლარის ოდენობით. შემდგომ შპს „მთავარმა არხმა“ წარმოადგინა ნოემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა, თანხით 5,411.51 ლარი და 22 დეკემბრის მდგომარეობით გადასახდელი ქონდა სულ 27,503.22 ლარი.
მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 20-10-2438, 08/12/2020) და კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 20-10-2582, 23/12/2020).
3. 2020 წლის 18 ნოემბერს გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები შპს „მთავარი არის“ საბანკო ანგარიშზე.
მტკიცებულება: შპს „მთავარი არხის“ წერილი (შ-20-6/6244, 14.12.2020) თანდართული მასალებით (შემოსვლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ბრძანება N011-2020-182762, 18.11.2020);
4. 2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით შპს „მთავარმა არხმა“ სრულად გადაიხადა 2020 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის რეგულირების საფასურის დავალიანება - 27,503.22 ლარი.
მტკიცებულება: შპს „მთავარი არხის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/6522, 28/12/2020) თანდართული დოკუმენტაციით და კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი(N 20-10-2622, 28/12/2020).
5. შპს „მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ შპს „მთავარი არხის“ ანგარიშს 2020 წლის 18 ნოემბერს დაედო ინკასო თავისთავად არ ნიშნავს, რომ პირი განთავისუფლებულია სხვა კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისაგან. ეს არ იწვევს ავტორიზებული პირის კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას და შესაბამისად, ვერ გახდება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ის გარემოება, რომ კონკრეტული პირის მიმართ გაცემულია საინკასო დავალება, მის მიერვე აღიარებული გადასახადების გადაუხდელობის გამო, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სხვა, ასევე კანონით გათვალისწინებული გადასახდელის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად. იმ მოცემულობაში როცა ავტორიზებული პირი ჩვეულებრივ ეწევა რეგულირებად სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია გადაიხადოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირის, შპს „მთავარი არხის“ მიერ 2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით (ვადების დარღვევით) გადახდილ იქნა 2020 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის რეგულირების საფასურის დავალიანება. შესაბამისად, კომპანიის მიერ კანონით დადგენილ ვადებში რეგულირების საფასურის გადაუხდელობით დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა), კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერების პრინციპი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მთავარი არხი“ “ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
2. შპს „მთავარი არხი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო,ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
