შპს „იუ-ჯი-თი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2021 20:47
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020
შპს „იუ-ჯი-თი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N20-10-2450, 10.12.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,იუ-ჯი- თი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 18 ნოემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/146512, 18.11.2020.) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტს, შპს „იუ-ჯი-თი“-ს (ს/კ 204892964), რომელიც არის მე-2 კატეგორიის საწარმო, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია 2019 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუდირებული ფინანსური ანგარიშგება.
2020 წლის 20 ნოემბერს, კომისიამ შპს „იუ-ჯი-თი“-ს წერილობით (Nგ-20-01/3866, 20.11.2020) მიმართა 2020 წლის 26 ნოემბრისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარედგინა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშგება მე-2 კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრული წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია ვალდებული იქნებოდა განეხილა ავტორიზებული/ლიცენზირებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
კომისიის 2020 წლის 20 ნოემბრის N გ-20-01/3866 წერილის პასუხად, შპს ,,იუ-ჯი-თი“-მ კომისიას აცნობა, რომ შპს „იუ-ჯი-თი“-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს შპს „ბიდიო“, რომლის საფუძველზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით წარადგენს აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. შპს „იუ-ჯი-თი“-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ახლაც მიმდინარეობს, ვინაიდან, ინფორმაციის დიდი მოცულობიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დაგეგმილზე მეტი ვადა სჭირდება აუდიტის დასრულებას. კომპანია განმარტავს, რომ ფინანსური ანგარიშგების დროულად წარდგენა არ არის მხოლოდ კომპანია „იუ-ჯი-თი“-ზე დამოკიდებული. დაგვიანების ობიექტური მიზეზების შესახებ წარდგენილი აქვთ, ასევე შპს „ბიდიოს“ წერილიც. შპს ,,იუ-ჯი-თი’-ს ანგარიშგების ვალდებულება აქვს, აგრეთვე, მსხვილ აიტი ტექნიკის მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთანაც (Microsoft, HP, Acer და სხვა), რომლებიც, მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ითვალისწინებენ კომპანიის მდგომარეობას. შპს ,,იუ-ჯი-თი“- ს განმარტებით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსაც მიაწოდეს ინფორმაცია ანგარიშგების წარდგენის დაგვიანებისა და ანგარიშგების დეკემბრის თვეში წარდგენის თაობაზე, რაზედაც ზეპირსიტყვიერად მიიღეს დასტური. შპს ,,იუ-ჯი-თი“ განმარტავს, რომ ყველა გზას მიმართავს ანგარიშგების უმოკლეს ვადაში წარმოდგენის მიზნით და კომისიას თხოვნით მიმართავს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ გამოიყენოს კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობის ზომები.
2020 წლის 17 დეკემბერს, შპს „იუ-ჯი-თი“-მ კომისიას წერილობით (Nგ-20-6/6334,17.12.2020) აცნობა, რომ შპს „იუ-ჯი-თი“-მ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა ფინანსური ანგარიშგება (აუდიტის დასკვნასთან ერთად).
2020 წლის 17 დეკემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N 16/157955, 17.12.2020) აცნობა, რომ შპს „იუ-ჯი-თი“-მ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა ფინანსური ანგარიშგება (აუდიტის დასკვნასთან ერთად). „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული ანგარიშგებები შეისწავლა რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე და გამოარკვია, რომ შპს „იუ-ჯი-თი“ - ს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაში პროგრამულად არასწორადაა მითითებული ანგარიშგების პერიოდი, პროგრამულად მითითებული არ არის შვილობილი საწარმოები და პროგრამულად არ არის მონიშნული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშობელი საწარმოა, ასევე, არ აქვს წარმოდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშგება.
შპს „იუ-ჯი-თი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 17 დეკემბერის კომისიის სხდომაზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ი. კობახიძემ აღნიშნა, რომ შპს ,,იუ-ჯი-თი“-მ 16 დეკემბერს წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ანგარიშგების დოკუმენტი, სადაც არასწორად არის მითითებული ტექნიკური დეტალები და საკითხის განხილვის გადადების წინადადებით მიმართა კომისიას. შპს ,,იუ-ჯი-თი“-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ანგარიშგების ხარვეზის შესახებ მისთვის ახლა გახდა ცნობილი და აღნიშნა, რომ ორი კვირის ვადაში აღმოფხვრიდა ხარვეზს. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით საკითხის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე, სადაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ი. კობახიძემ დაადასტურა, რომ შპს ,,იუ-ჯი-თი“-მ, 2020 წლის 28 დეკემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარმოადგინა 2019 წლის შესაბამისი ანგარიშგების უხარვეზო დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდა.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N20-10-2450, 10.12.2020).
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილები (N16/146512, 18.11.2020; N16/155707, 11.12.2020; N 16/157955, 17.12.2020).
3. კომისიის წერილი (N გ-20-01/3866, 20.11.2020) თანდართული მასალით შპს „იუ-ჯი-თი“- ს.
4. შპს „იუ-ჯი-თი“-ს წერილები (შ-20-6/6125, 7.12.2020; Nგ-20-6/6334, 17.12.2020).
5. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 17 და 31 დეკემბრის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
6. შპს ,,იუ-ჯი-თი“-ს შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,იუ-ჯი-თი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს (ინტერნეტით მომსახურება. 11.04.2019). შესაბამისად, შპს „იუ-ჯი- თი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის მიხედვით, შპს ,,იუ-ჯი-თი“ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს ,,იუ-ჯი-თი“ ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს ,,იუ-ჯი-თი“-მ, როგორც მეორე კატეგორიის საწარმომ, უნდა მოამზადოს და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს მმართველობის ანგარიშგება.
4. შპს „იუ-ჯი-თი“-ს არ შეუსრულებია მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის 2019 წლის ანგარიშგება 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე არ წარუდგენია.
5. 2020 წლის 28 დეკემბერს, შპს „იუ-ჯი-თი“-მ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის უხარვეზო ანგარიშგება, რომელიც გასაჯაროვდა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და სამსახურს უნდა წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური.
3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.
4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანო.
5. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.
6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
7. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუ-ჯი-თი“-ს მიერ, აბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „იუ-ჯი-თი“-მ ნებაყოფლობით აღმოფხვრა დარღვევა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის ანგარიშგება წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს ,,იუ-ჯი-თი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „იუ-ჯი-თი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის მე - 2 პუნქტის დარღვევის გამო.
2. შპს „იუ-ჯი-თი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „იუ-ჯი-თი“- სთვის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუ-ჯი- თი“-სთვის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „იუ-ჯი-თი“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
