წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 976

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2021 16:12

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის    (შემდგომში  „კომისია“) ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (10.12.2020 N20-10-2450) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 18 ნოემბერს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/146512) აცნობა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის შპს „ტელეიმედს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია ფინანსური ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.

კომისიამ   შპს   „ტელეიმედს“   წერილობით   (20.11.2020   Nგ-20-01/3862)   აცნობა,   რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ   შემთხვევებში  აუდიტორული   დასკვნა   ერთად,   დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით“. ამავე კანონის  23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო“. ასევე კომპანიას, განემარტა, რომ 2020 წლის 26 ნოემბრისათვის უნდა წარედგინა ფინანსური ანგარიშგება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით, მე-2 კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრული წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიმართავდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.

შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, კომისიის სხდომაზე. კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე კომისიის შეტყობინებით ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

2020 წლის 17 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ლაშხი, რომელმაც იშუამდგომლა ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ. კომისიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადადო 2020 წლის 31 დეკემბრისთვის.

2020 წლის 31 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ანდრო ლაშხი, რომელმაც განაცხადა, რომ მაუწყებელმა ფიზიკურად ვერ მოახერხა ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა, სამუშაო არის საკმაოდ მოცულობითი, დიდი ნაწილის შესრულება დისტანციურად ვერ ხერხდება, ადგილზე მისვლა არის აუცილებელი.  შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის ფონზე ვერ შეძლო ტელეკომპანიამ ანგარიშგების მომზადება, თუმცა დაწყებულია მუშაობა და უახლოეს მომავალში შპს „ტელეიმედი“ ვალდებულებას შეასრულებს.

II.  კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები;

1.  კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი  ბარათი 10.12.2020, N20-10-2450) თანდართული დოკუმენტაციით;

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილები (18.11.2020, N 16/146512; 11.12.2020, N16/155707);

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები;

4. შპს „ტელეიმედისა“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის გაგზავნილი შეტყობინებები კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს;

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბაზის  მიხედვით,     შპს    „ტელეიმედი“  წარმოადგენს    „ბუღალტრული  აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ II კატეგორიის საწარმოს;

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ტელეიმედი“ ვალდებულია  ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება     (მათ     შორის,    კონსოლიდირებული    ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ   შემთხვევებში    აუდიტორული დასკვნა      ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული  აღრიცხვის, ანგარიშგების  და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შპს „ტელეიმედს“ წინამდებარე  გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს წარდგენილი 2019 წლის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტი - აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებები.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით;

2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა   უნდა   მოამზადონ  და   სამსახურს   უნდა   წარუდგინონ   მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება მოიცავს: ა) საქმიანობის მიმოხილვას; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგებას; გ) არაფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობის მიმოხილვას ამზადებენ სდპ და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები;

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე    მუხლის    მე-2    პუნქტის    შესაბამისად, ამ კანონისა და მის    საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო;

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.     ხოლო    მეორე    პუნქტის    თანახმად,    ამ    მუხლის    პირველი    პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;

5.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის  შესახებ“   საქართველოს კანონის 27-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის  თანახმად, სამართალდარღვევის  საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  სამართალდარღვევის  გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ      აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და    აუდიტის      შესახებ“    საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2019 წლის    ანგარიშგებების,     ბუღალტრული     აღრიცხვის, ანგარიშგებებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ 2019 წლის ანგარიშგებების დოკუმენტების წარუდგენლობისთვის,  შპს „ტელეიმედს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომისიას მიაჩნია, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს      ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ტელეიმედს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის მე- 2 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა“ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 2019 წლის აუდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ერთი თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული    გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის   გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება. (ო.ვოტ);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები