წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-20-19 / 519

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2020 19:05

მიღების თარიღი ივნისი 18, 2020

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება   და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე (N 20-10-1102 1102-შ-20-10-3-202005251756 25/05/2020) დადგინდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საჭიროება - კერძოდ, საჭიროება, სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმებში დაემატოს ახალი ფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურების ხელშეკრულებებისა და სხვა სანებართვო დოკუმენტაციის ერთიანი ბაზის შექმნა. აღნიშნული საჭიროება, თავის მხრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ კანონმდებლობის თანახმად, როგორც მაუწყებლობის, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს კომისია. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი (მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის სფეროში ავტორიზებული პირი) ვალდებულია კომისიას წარუდგინოს კომისიის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მონიტორინგი, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების ტრანზიტის მართლზომიერების დადგენის მიზნით. აღნიშნული დეპარტამენტის  მიერ  ჩატარებული  მონიტორინგების  დროს  ხორციელდება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ხელშეკრულებებისა და სხვა სანებართვო დოკუმენტაციის გამოთხოვა და გადამოწმება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია თვლის, რომ მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და სხვა სანებართვო დოკუმენტაციის ერთიანი ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს მონიტორინგის განხორციელებისას   დოკუმენტაციის სწრაფ და ეფექტიან შესწავლასა და ანალიზს, რაც უფრო ეფექტურს გახდის კომისიის მუშაობას.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  მიზანშეწონილია  კომისიის  N95/19 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს დაემატოს ფორმა4.16 - მაუწყებლობის  ტრანზიტული მომსახურება-ხელშეკრულებები, სადაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები ერთიან ბაზაში ატვირთავენ მოქმედ  და ახალ ხელშეკრულებებსა და სხვა სანებართვო დოკუმენტაციას.

ამასთან, კომისია ითვალისწინებს ავტორიზებული პირების მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულებების გარკვეული ნაწილების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესაძლო საჭიროებას. შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის პროცედურის ვადების გათვალისწინებით, ფორმა 4.16-ში ავტორიზებული პირების მიერ ხელშეკრულების წარმოდგენის ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვე, რაც საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ავტორიზებულმა პირმა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულებაში წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა და კომისიას მიღებული ჰქონდეს საპასუხო გადაწყვეტილება. შედეგად, ავტორიზებულ პირს, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა, ფორმა 4.16-ში წარმოადგინოს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გარეშე, რაც მინიმუმადე დაიყვანს შესაძლო კომერციული საიდუმლოების გასაჯაროების რისკს.

აღსანიშნავია, რომ ფორმა 4.16-ის სპეციფიკის ანალოგიურია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში გადაწყვეტილებით N837/19 (28.12.17) დამატებული ფორმა 4.13 აუდიო- ვიზუალური  მომსახურება - ხელშეკრულებები. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, ზემოთ აღნიშნული გარემოებების  გათვალისწინების  მიზნით,  შეიცვალოს ფორმა 4.13-ის შევსების ვადა - ფორმა 4.13-ში ხელშეკრულების წარმოდგენის ვალდებულება შესაბამის ავტორიზებულ პირებს განესაზღვორთ არა გაფორმებისთანავე, არამედ, გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე, 55-ე და 63-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დანართი 1-ს დაემატოს ფორმა 4.16, თანდართული სახით;

ბ) ფორმა 4.13, ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან და ამოქმედდეს 2020 წლის 1-ლი ივლისიდან;

3. დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  წინამდებარე  გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

 

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.  თბილისის   საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)ერთი თვის ვადაში.

ფორმა 4.16 მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება არხების ხელშეკრულებები

(ივსება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში)

ველი

განმარტება

ხელშეკრულების მოქმედების საწყისი თარიღი

შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების საწყისი თარიღი

ხელშეკრულების მოქმედების დასრულების თარიღი

შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების დასრულების თარიღი

უფლებამფლობელი კომპანია

შესაბამისი უფლებამფლობელი კომპანია

 

დასკანერებული ხელშეკრულება

ფაილის სახით იტვირთება შესაბამისი დასკანერებული ხელშეკრულება

არხების ჩამონათვალი

მიუთითეთ არხების ჩამონათვალი

შენიშვნა

 

ფორმა 4.13 აუდიო-ვიზუალური მომსახურება - ხელშეკრულებები პროდუქციის განთავსებაზე

(ივსება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში)

 

 

ველი

 

 

განმარტება

 

ხელშეკრულების მოქმედების საწყისი თარიღი

 

ხელშეკრულების მოქმედების საწყისი თარიღი

 

ხელშეკრულების მოქმედების დასრულების  თარიღი

 

ხელშეკრულების მოქმედების დასრულების თარიღი

 

მწარმოებელი

პროდუქციის მწარმოებელი, მაგ.: sony

Pictures და. ა.შ.

დისტრიბუტორი

შესაბამისი პროდუქციის დისტრიბუტორი

დასკანერებული ხელშეკრულება

ფაილის სახით იტვირთება შესაბამისი დასკანერებული ხელშეკრულება

შენიშვნა

 

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები