შპს „სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილი „სერვისბოქსსა“ და „მალტისოფტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2020 18:00
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020
შპს „სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილი „სერვისბოქსსა“ და„მალტისოფტს“შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარზე (№შ-19-6/4734 10.12.2019) დაწყებულ წარმოების ფარგლებში კომისიის №გ-20-08/330 04.02.2020 წერილით მოთხოვნილ იქნა შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების სრული ვერსიის წარმოდგენა. შპს „სერვისბოქსის“ მიერ № 026-20 06.02.2020 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/612 06.02.2020) წარმოდგენილი იქნა შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების სრული ვერსია (შემდგომში „ხელშეკრულება“) და ამავე დროს მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, კერძოდ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
შპს „სერვისბოქსის“ განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თხოვნა ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური მოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „სერვისბოქსის“ განმარტებით, ხელშეკრულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, კერძოდ ინფორმაციას ერთობლივი პროდუქტის საფასურის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ყველაზე სენსიტიურ, ფინანსური ხასიათის ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება დააზარალებს კომპანიის ინტერესებს, რადგანაც კონკურენტი კომპანიებისათვის ცნობილი გახდება მხარეთა შორის შეთანხმებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური პირობა. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულება ითვალისწინებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მუხლს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ფინანსური პირობები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ხოლო ხელშეკრულების 7.4.1. მუხლის თანახმად, მხარეები არ არიან უფლებამოსილნი მესამე პირებს გაუმჟღავნონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ შპს „სერვისბოქსის“ მიერ №026-20 06.02.2020 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/612 06.02.2020) წარმოდგენილი ხელშეკრულება, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს „სერვისბოქსის“ მოთხოვნა და შპს „სერვისბოქსის“ მიერ № 026-20 06.02.2020 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/612 06.02.2020) წარმოდგენილი შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად;
2. ინფორმაცია შპს „სერვისბოქსის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს„სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სერვისბოქსისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სერვისბოქსისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
