შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2020 14:55
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 12 თებერვლის №20/02/12-10 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/729 12.02.2020) წერილით, შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია არასტანდარტული SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებისა და გაგზავნილი SMS- ების ოდენობის თაობაზე, იურიდიული პირების მიხედვით, CD დისკზე (კომისიის 2019 წლის 5 დეკემბრის Nგ-19-16/677 გადაწყვეტილებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 24 დეკემბრის №გ-19-08/4041 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია).
შპს „მაგთიკომმა“ თხოვნით მიმართა კომისიას, ზემოაღნიშნული წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ინფორმაციაში მოცემულია ცალკეული სუბიექტებისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა და მიღებული შემოსავლები. შპს „მაგთიკომი“ განმარტავს, რომ კონკრეტული პაკეტი/შეთავაზება წარმოადგენს კომპანიის მხრიდან შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შექმნილ პროდუქტს. კონკურენტების მხრიდან კონკრეტული პაკეტების მოცულობის, მიღებული მომსახურების და შემოსავლის გაანალიზების შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა მარტივად დაადგინონ, თუ რომელი პაკეტი არის უფრო მიმზიდველი და შემოსავლიანი და შესაბამისად, ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ 2020 წლის 12 თებერვლის №20/02/12 10 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/729 12.02.2020) წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად 2020 წლის 12 თებერვლის №20/02/12-10 (კომისიაში რეგისტრაციის№შ-20-6/729 12.02.2020) წერილით CD დისკზე წარმოდგენილი ინფორმაცია, არასტანდარტული SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებისა და გაგზავნილი SMS-ების ოდენობის თაობაზე, იურიდიული პირების მიხედვით;
2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), შპს „მაგთიკომისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
