წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 154

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2020 12:23

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020

 შპს „მაგთიკომის“  მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“)  აღნიშნავს, რომ 2020 წლის 11 თებერვალს შპს „მაგთიკომმა“ წერილით№20/02/11-7 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/760) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიის მიერ გამოთხოვილი და მაგთიკომის მიერ შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ წერილში შპს „მაგთიკომი“ ითხოვს, რომ კომისიის წერილის პასუხად წარმოდგენილი ინფორმაცია იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეთავაზებული მომსახურებების ე.წ. „ბანდლების“ ანუ კომბინირებული შეთავაზებების შესახებ, რომელიც მოიცავს პაკეტის დეტალურ აღწერილობას, მათ შორის: გეოგრაფიულ არეალს, ინტერნეტის სიჩქარეს, სატელევიზიო არხების რაოდენობას, ამ პაკეტის მომხმარებლების რაოდენობას, სააბონენტო გადასახადის მოცულობას, შემოსავალს, დღგ-ს ა.შ. ასევე, ინფორმაციას ინსტალაციის ღირებულების შესახებ სხვადასხვა პაკეტისთვის, მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად.

შპს „მაგთიკომი“ განცხადებაში განმარტავს, რომ თუ ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იქნა მიჩნეული კომერციულ საიდუმლოდ, ასეთ შემთხვევაში კონკურენტ კომპანიებს აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ მიეცემათ შესაძლებლობა განსაზღვრონ, თუ რომელია შპს „მაგთიკომის“ მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული წინადადებებიდან უფრო მიმზიდველი და ამ ინფორმაციიდან გამომდინარე იხელმძღვანელონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.

შპს „მაგთიკომი“ ასევე აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომელიც არის შპს „მაგთიკომის“ მხრიდან შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შექმნილი ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი და რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ განიხილა შპს „მაგთიკომის“ 2020 წლის 11 თებერვალს წერილი №20/02/11-7ნ (კომისიაში რეგისტრაციის№შ-20-6/760) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს:

1. კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, ნაწილობრივ კომპანიის მიერ უკვე წლებია ივსება კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, კერძოდ ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში).

ფორმა 4.1

1. დასახლებული პუნქტი;

2.  მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);

3.  ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);

4.  პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);

5.  პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);

6.  პაკეტის დასახელება;

7.  პაკეტის ღირებულება;

8.  აბონენტები;

9.  სააბონენტო შემოსავალი;

10. დღგ;

ფორმა 4.2-ში

1.  დასახლებული პუნქტი;

2.  მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);

3.  ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);

4.  პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);

5.  პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);

6.  პაკეტის დასახელება;

7.  პაკეტის ღირებულება;

8.  აბონენტები;

აღნიშნულ ფორმებში უკვე შევსებული და წარმოდგენილია 2019 წლის მონაცემებიც, რომელიც უფრო ჩაშლილი სახით გამოითხოვა კომისიამ წლიური ანგარიშის მომზადების მიზნით. კომისია აღნიშნავს, რომ ამ სახით ინფორმაცია კომისიამ 2019 წელსაც გამოითხოვა კომპანიებისგან, რა დროსაც მათი მხრიდან არ დაფიქსირებულა მსგავსი მოთხოვნა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ   საიდუმლოებად   ან   პერსონალურ  მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და  „პერსონალურ    მონაცემთა    დაცვის    შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.

4. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული     მომსახურების     პირობების,     მათ     შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე. ამავე რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში  განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების (მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის შემთხვევაში პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხების თაობაზე) და მომსახურების ტარიფების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ავტორიზებულ პირებს დაკისრებული აქვთ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით,  ასევე   კომისიის  2006  წლის  17  მარტის  N3 დადგენილებით  დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, წარმოდგნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. ამავე დროს, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მონაცემები შეიცავს ასევე, ინფორმაციას შპს „მაგთიკომის“  აბონენტების ოდენობების შესახებ კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული კონკრეტული პაკეტებისა და დასახლებული პუნქტების ჭრილში, ასევე ინფორმაციას აღნიშნული პაკეტების ჭრილში შემოსავლებისა და გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის - შპს „მაგთიკომის“ მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა, აქცია) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის   გამჟღავნებამ   კი   კომისიის   აზრით  შესაძლოა   ზიანი   მიაყენოს   შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომპანიის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მონაცემები:

1.  ფიზიკური    პირების    შესახებ    წარმოდგენილი    ინფორმაციის    შემთხვევაში კონკრეტული კომბინირებული შეთავაზების (ბანდლის) ჭრილში არსებული აბონენტების რაოდენობა, შემოსავალი, დღგ;

2.  იურიდიული   პირების   შესახებ   წარმოდგენილი   ინფორმაციის   შემთხვევაში კონკრეტული კომბინირებული შეთავაზების (ბანდლის) ჭრილში არსებული აბონენტების რაოდენობა, შემოსავალი, დღგ;

რაცც შეეხება ინსტალაციების შესახებ ინფორმაციას, იგი არ უნდა იქნას ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან ის წარმოადგენს შეთავაზებაში შემავალ მომსახურების პირობას და უნდა იყოს ღია/ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, პოტენციური მომხმარებლისთვის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე  მუხლის, 31–ე მუხლის,”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „მაგთიკომის“ 2020 წლის 11 თებერვალს   №20/02/11-7 (კომისიაში რეგისტრაციის№შ-20-6/760) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი:

ა) ფიზიკური პირების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შემთხვევაში კონკრეტული კომბინირებული შეთავაზების (ბანდლის) ჭრილში არსებული აბონენტების რაოდენობა, შემოსავალი, დღგ;

ბ) იურიდიული პირების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შემთხვევაში კონკრეტული კომბინირებული შეთავაზების (ბანდლის) ჭრილში არსებული აბონენტების რაოდენობა, შემოსავალი, დღგ;

2.   ინფორმაცია   შპს   „მაგთიკომის“   კომერციულ   საიდუმლოებად   ჩაითვალოს  შპს „მაგთიკომის“  მიერ  ინფორმაციის  გასაიდუმლოების  შესახებ  კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

 კახი ბექაური       თავმჯდომარე

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები