შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2020 12:54
მიღების თარიღი ივლისი 16, 2020
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
კომუნიკაციების კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 9 ივლისს და 13 ივლისს შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2019 წლის აუდირებული ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/3566 და Nშ-20-6/3597) და მოთხოვნილ იქნა მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობა სრულად, გარდა განზოგადებული ინფორმაციისა, რომელიც ეხება მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს. შპს „მაგთიკომის“ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს კომერციული ფასეულობის ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას, ვინაიდან დოკუმენტში მოცემულია დეტალიზებული ინფორმაცია კომპანიაში ფულადი სახსრების მოძრაობაზე, ასევე შპს „მაგთიკომის“ მიერ ცალკეული მიმართულებებით განხორციელებული ინვესტიციების, ხარჯების, შემოსავლების თაობაზე, კომპანიის საოპერაციო, საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასებაზე. კომპანია აცხადებს, რომ ჩამოთვლილი ინფორმაციის გაანალიზების შემთხვევაში კონკურენტ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მაგთიკომში არსებული თითოეული ბიზნეს-მიმართულებების მიხედვით შემოსავლებზე, თვითღირებულებაზე და მომგებიანობაზე, რაც წარმოადგენს კომპანიისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და რომლის გამჟღავნების შემთხვევაში, კონკურენტ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა განსაზღვრონ მაგთიკომის კონკრეტული მომსახურებების გაწეული დანახარჯები, მიღებული შემოსავლები, კომპანიის როგორც საოპერაციო ისე ფინანსური ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ის სტრატეგია, რომელიც გააჩნია (წლების მანძილზე) შპს „მაგთიკომს“ და შესაძლოა აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისას. მოცემულ შემთხვევაშიც, KPMG-ის მიერ აუდირებული და დამოწმებული ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს„მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას. ზემოაღნინულიდან გამომდინარე შპს„მაგთიკომი“ ითხოვს 2020 წლის 9 ივლისს და 13 ივლისს განცხადებით წარმოდგენილი დანარით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3566, და Nშ-20-6/3597) შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას:
გვერდი 7 - საკუთარ კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება (Separate Statement of Changes in Equity) 2018 და 2019 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით;
გვერდი 8 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება (Separate Statement of Cash Flows) 2018 და 2019 წლების;
გვერდები 11,12,13 - ცვლილებები მნიშვნელოვან სააღრიცხვო პოლიტიკებში (Changes in significant accounting policies);
გვერდები 13,14,15 - შემოსავლები (Revenue);
გვერდი 16 - გაყიდვების თვითღირებულება (Cost of Sales), გაყიდვებთან დაკავშირებული საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები (Selling, General and Administrative expenses), თანამშრომლების ანაზღაურება (Personnel costs);
გვერდი 17 - ფინანსური შემოსავალი და ხარჯი (Finance Income and Finance Costs), მოგების გადასახადის სარგებელი (Income Tax Benefit);
გვერდები 18,19,20 - ძირითადი საშუალებები (Property, Plant and Equipment);
გვერდები 20,21,22 -არამატერიალური აქტივები და გუდვილი (Intangible Assets and Goodwill);
გვერდები 23,24 - მარაგები (Inventories); სავაჭრო და სხვა მოთხოვნები (Trade and other Receivables); ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები (Cash and equivalents); კაპიტალი (Equity); კაპიტალის მართვა (Capital Management);
გვერდები 24,25 - სესხები და კრედიტები (Loans and Borrowings);
გვერდი 25 - სავაჭრო და სხვა ვალდებულებები (Trade and other Payables);
გვერდები 26,27,28,29,30 - სამართლიანი ღირებულება და რისკების მართვა (Fair Value and risk management);
გვერდი 31 - შვილობილი კომპანიები (Subsidiaries); კაპიტალური ვალდებულებები (Capital Commitments); პირობითი ვალდებულებები (Contingencies);
გვერდები 32,33 - ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან (Related party transactions);
გვერდი 45 - საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები (Events subsequent to the reporting date).
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება- მოვალეობების შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებელმა თავად მოითხოვა ხელშეკრულების იმ პირობების ღიად დატოვება, რომლებზეც კომისია თვლის, რომ არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ: განზოგადებული ინფორმაცია მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. ხოლო, ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული ანგარიში ქვეყნდება reportal.ge-ზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ 2020 წლის 9 ივლისის და 13 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციისმNშ-20-6/3566, დამNშ-20-6/3597) წერილით წარმოდგენილი 2019 წლის აუდირებული ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მოთხოვნილ ნაწილში კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა;
2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს„მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისთვის მომართვიდან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს„მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 15 დღის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
