წვდომის მენიუ

შპს „დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 643

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2020 15:57

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020

შპს „დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 3 აგვისტოს შპს „დელტა კომმის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/3951) „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის  ფორმების დამტკიცების  შესახებ“  კომისიის   2020 წლის 30 აპრილის N4 დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია და მოთხოვნილ იქნა მისი კომერცულ საიდუმლოებად ცნობა. ვინაიდან,  შპს „დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილ წერილთან ერთად თანდართული CD დისკზე ჩაწერილი ფაილში მოცემული ინფორმაცია დაცული იყო პაროლით, 2020 წლის 5 აგვისტოს კომისიამ შპს „დელტა კომმს“ მოსთხოვა წარმოდგენილი დაცული ფაილის გახსნისათვის საჭირო მონაცემები გამოეგზავნა კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (post@comcom.ge), ასევე შპს „დელტა კომმს“   მოსთხოვა სამი სამუშაო დღის ვადაში წერილობით წარმოედგინა კომერციულ საიდუმლოებაზე ცნობის მოთხოვნის შესაბამისი დასაბუთება და დაეკონკრეტებინა წარმოდგენილი ინფორმაციიდან რა ნაწილს შეეხებოდა კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა.

2020 წლის 12 აგვისტოს, შპს „დელტა კომმა“ კომისიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე გამოაგზავნა კომისიაში წარმოდგენილი დაცული ფაილის გახსნისათვის საჭირო მონაცემები, ხოლო კომისიის 2020 წლის 5 აგვისტოს წერილზე პასუხი შპს „დელტა კომმს“ არ წარმოუდგენია.

შპს „დელტა კომმის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია: ხაზოვანი ობიექტების (საკანალიზაციო არხები და ოპტიკური კაბელები) შესახებ – არხების რაოდენობა, სიმძლავრეები, კაბელებში ძარღვების რაოდენობა და დანიშნულება, გეოგრაფიული კოორდინატები;  პასიური ელემენტების შესახებ – ქუროები, ოპტიკური გამანაწილებელი მოწყობილობები, საკანალიზაციო ჭები და ტერმინალური მოწყობილობები; ლოგიკური შეერთებების შესახებ – ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელის ტოპოლოგია;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N4 დადგენილების N1 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიანი ციფრული რუკის ჩამოყალიბებისათვის. ინფრასტრუქტურის ერთიანი ციფრული რუკის შექმნა, სხვა ფუნქციების გარდა,   ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს   ინფრასტრუქტურის გაზიარებას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე საბითუმო  დაშვების  რეგულირებას,  ამის  თაობაზე აღნიშნულია „ინფრასტრუქტურის  ერთიან  ციფრულ     რუკაზე     დატანის    მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ 2020 წლის 20 თებერვლის კომისიის Nგ-20-23 / 152 გადაწყვეტილებაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად,   ინფრასტრუქტურის მფლობელი ვალდებულია ავტორიზებული პირი მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება; ხოლო თავის მხრივ დაშვება ამავე კანონის მე–2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებულია როგორც – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ზ)  ვირტუალური  ქსელების  მომსახურების  სახეებით  სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;“

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „დელტა კომმი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე, რომელსაც დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ინფორმაციის გამჭვირვალობის ვალდებულება.      „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი   სიმძლავრეების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანილი იქნება მონაცემები არა მხოლოდ შპს „დელტა კომმის“, არამედ საქართველოში მოქმედი ყველა ავტორიზებული პირის ქსელის შესახებ, როგორც დიდი, ასევე პატარა კომპანიების ინფრასტრუქტურის შესახებ. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ყველა კომპანიისთვის და მომხმარებლისთვის ღიად და გამჭვირვალედ, რაც   შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს, მათ შორის შპს „დელტა კომმს“, განავითაროს თავისი ქსელი იმგვარად, რომ სადაც ეს შესაძლებელია, თავიდან აიცილოს ქსელების არასაჭირო დუბლირება, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ხარჯების დაზოგვა; მომხმარებელი კი მიიღებს ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას.

ციფრული რუკის შექმნის ერთ–ერთი მიზანი სწორედ მასში ასახული ინფორმაციის გასაჯაროებაა.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ განიხილა  შპს „დელტა კომმის“ 2020 წლის 3 აგვისტოს წარმოდგენილი  ინფორმაცია  და  მიაჩნია,  რომ  შპს  „დელტა  კომმის“  მიერ წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ქსელის გარკვეული ელემენტების  შესახებ ზოგად ინფორმაციას,  რომელთა ერთობლიობა  გაანალიზების  და ქსელის  სხვა  ელემენტების მონაცემებთან  გაერთიანების შემთხვევაში საშუალებას  არ  იძლევა  დადგინდეს  შპს „დელტა კომმის“ ქსელის აგებულების ლოგიკა და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლის გამჟღავნება ზიანს მიაყენებს შპს „დელტა კომმის“ კონკურეტუნარიანობას. ამასთან, წარმოდგენილი  მონაცემების  ძირითად ნაწილს (გეოგრაფიული  კოორდინატების გარდა) შპს  „დელტა  კომმი“  ყოველთვიურად წარმოადგენს კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   კომისია   ვერ   გაიზიარებს   შპს „დელტა კომმის“ მოთხოვნას ციფრული რუკის შექმნის მიზნით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებას ცნობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე, 53-ე, 61-ე, 95-ე - 99-ე მუხლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის #1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „დელტა კომმის“ 2020 წლის 3 აგვისტოს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/3951) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.

2. შპს „დელტა კომმის“ 2020 წლის 3 აგვისტოს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/3951) წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „დელტა კომმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დელტა კომმისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „დელტა კომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები