წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 644

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 31, 2020 16:03

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  2020 წლის 3  აგვისტოს სს „სილენეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/3953) „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“) კომისიის   2020 წლის 30 აპრილის N4 დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია და მოთხოვნილ იქნა მისი კომერცულ საიდუმლოებად ცნობა. კომისიამ 2020 წლის 5 აგვისტოს (კომისიაში რეგისრაციის N: გ-20-06/2510) სს „სილქნეტს“  მოსთხოვა სამი სამუშაო დღის ვადაში წერილობით წარმოედგინა კომერციულ საიდუმლოებაზე ცნობის მოთხოვნის შესაბამისი დასაბუთება და დაეკონკრეტებინა წარმოდგენილი ინფორმაციიდან რა ნაწილს შეეხებოდა კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა.

2020   წლის 13 აგვისტოს სს „სილქნეტმა “ წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-20-6/4165), სადაც აღნიშნულია რომ 2020 წლის 31 ივლისის წერილის N1 დანართის შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ GIS ფორმატში წარმოდგენილი ინფორმაცია, გარდა პასიური ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემებისა, (კერძოდ გარდა ფორმა 1.1-ით (საკანალიზაციო არხები), ფორმა 2.4-ით (საკანალიზაციო ჭები) და ფორმა 4.1-ში მხოლოდ ანძის განთავსების კოორდინატიების შესახებ წარმოდგენილი მონაცემებისა) ასახავს სს „სილქნეტის“ ქსელის სრული ტოპოლოგიის (ქსელის ფიზიკური და ლოგიკური შეერთებებისა და ქსელური მოწყობილობების) შესახებ დეტალურ მონაცემებს GIS ფორმატში, რომლიც ერთის მხრივ წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას სს „სილქნეტის“ ქსელის დაგეგმარების თაობაზე, რომლიც თავის მხრივ გამოიყენება კონკურენტული და ხარისხიანი მომსახურების გასაწევად და რომლის  ოპტიმალური  დაგეგმარების  უზრუნველსაყოფადაც კომპანიას მილიონობით ინვესტიცია აქვს განხორციელებული, ხოლო მეორეს მხრივ წარმოადგენს

კრიტიკულ მონაცემებს სს „სილქნეტის“ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით; შესაბამისად  აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებამ  და კონფიდენციალურობის დარღვევავმ (მესამე პირებისათვის გამჟღავნებამ) შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, როგორც სს „სილქნეტის“ ქსელის უსაფრთხოებას, ასევე სს „სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობას და შესაბამისად მის კომერციულ ინტერესებს.

სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია: ხაზოვანი ობიექტების (საკანალიზაციო არხები და ოპტიკური კაბელები) შესახებ – არხების რაოდენობა, სიმძლავრეები, კაბელებში ძარღვების რაოდენობა და დანიშნულება, გეოგრაფიული კოორდინატები;     პასიური ელემენტების შესახებ – ქუროები, სატელეკომუნიკაციო კარადები, ოპტიკური გამანაწილებელი მოწყობილობები, საკანალიზაციო ჭები და ტერმინალური მოწყობილობები;   ლოგიკური შეერთებების შესახებ – ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელის ტოპოლოგია; ანძების და დაფარვის შესახებ – მობილური ქსელის ანძის განთავსების კოორდინატები, GSM უჯრედის ტექნოლოგია, იდენტიფიკატორი და კოორდინატები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ციფრული რუკის შექმნის მიზნით მოთხოვნილი და სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილის, კერძოდ, კომისიის   სტატისტიკური   ანგარიშგების   ფორმა   8.5-ში   მოყვანილი   ინფორმაცია   შპს ,,ჯეოსელის“ საბაზო სადგურების (BTS) რაოდენობის თაობაზე კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს N566/20 გადაწყვეტილებით ცნობილია კომერციულ საიდუმლოებად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N4 დადგენილების N1 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიანი ციფრული რუკის ჩამოყალიბებისათვის. ინფრასტრუქტურის ერთიანი ციფრული რუკის შექმნა, სხვა ფუნქციების გარდა,  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის გაზიარებას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე  საბითუმო  დაშვების  რეგულირებას,  ამის  თაობაზე აღნიშნულია „ინფრასტრუქტურის     ერთიან     ციფრულ     რუკაზე     დატანის     მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ 2020 წლის 20 თებერვლის კომისიის Nგ-20-23 / 152 გადაწყვეტილებაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად,   ინფრასტრუქტურის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება; ხოლო თავის მხრივ დაშვება ამავე კანონის მე–2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებულია როგორც – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ზ)  ვირტუალური  ქსელების  მომსახურების  სახეებით  სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;“

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე, რომელსაც დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის ინფორმაციის გამჭვირვალობის ვალდებულება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების  აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაციათავისუფალი   სიმძლავრეების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანილი იქნება მონაცემები არა მხოლოდ სს „სილქნეტის“ არამედ საქართველოში მოქმედი ყველა ავტორიზებული პირის ქსელის შესახებ, როგორც დიდი, ასევე პატარა კომპანიების ინფრასტრუქტურის შესახებ. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ყველა კომპანიისთვის და მომხმარებლისთვის ღიად და გამჭვირვალედ, რაც   შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს, მათ შორის   სს „სილქნეტს“, განავითაროს თავისი ქსელი იმგვარად, რომ სადაც ეს შესაძლებელია, თავიდან აიცილოს ქსელების არასაჭირო დუბლირება, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ხარჯების დაზოგვა;  მომხმარებელი კი მიიღებს ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას.

ციფრული რუკის შექმნის ერთ–ერთი მიზანი სწორედ მასში ასახული ინფორმაციის გასაჯაროებაა.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ განიხილა სს „სილქნეტის“ 2020 წლის 3 აგვისტოს წარმოდგენილი ინფორმაცია და მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ  წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ქსელის გარკვეული ელემენტების  შესახებ ზოგად ინფორმაციას, რომელთა ერთობლიობა გაანალიზების და ქსელის სხვა ელემენტების მონაცემებთან გაერთიანების შემთხვევაში საშუალებას არ იძლევა დადგინდეს სს „სილქნეტის“ ქსელის აგებულების ლოგიკა და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლის გამჟღავნება ზიანს მიაყენებს სს „სილქნეტის“ კონკურეტუნარიანობას. ამასთან, წარმოდგენილი მონაცემების ძირითად ნაწილს (გეოგრაფიული კოორდინატების გარდა) სს „სილქნეტი“ ყოველთვიურად წარმოადგენს კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   კომისია   ვერ   გაიზიარებს   სს „სილქნეტის“ მოთხოვნას ციფრული რუკის შექმნის მიზნით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებას ცნობის შესახებ.

კომისიას აგრეთვე აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ და სპეციალური პროგრამული აპლიკაციების გამოყენებამ მობილური ქსელის ოპერატორებს ხელი შეუწყო მარტივად მოახდინონ ქსელის დაგეგმვა და მომხმარებლისათვის მობილური ქსელით მომსახურების ხარისხიანი მიწოდება. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით სამივე მობილური კომპანიების მიერ უკვე უზრუნველყოფილია ძირითადი არეალების დაფარვა იმგვარად, რომ თითოეულის ქსელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და მისი ხელმისაწვდომობა კონკურენტებისთვის ვერ იქნება დამაზიანებელი ქსელის მფლობელისთვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციული საიდუმლო ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რომლის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისის 2017 წლის  24 აგვისტოს N566/20 გადაწყვეტილებით კომერციულ საიდუმლოებად ცნობილმა ინფორმაციამ დაკარგა ის ღირებულება, რომელიც მას თავის დროზე გააჩნდა და რის გამოც იგი ცნობილ იქნა კომერციული საიდუმლოებად. აქედან გამომდინარე კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს N566/20    გადაწყვეტილებებით კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი ინფორმაცია უნდა გამოცხადდეს ღიად, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადაკარგულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე, 31-ე, 53-ე, 61-ე, 95-ე - 99-ე მუხლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის #1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2020 წლის 3 აგვისტოს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-20-6/3953)  კომისიაში  წარმოდგენილი  ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2017 წლის 24 აგვისტოს N566/20 გადაწყვეტილება და კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი ინფორმაცია გამოცხადდეს ღიად.

3. სს „სილქნეტის“ 2020 წლის 3 აგვისტოს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3953) წარმოდგენილი დოკუმენტაცია  ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სს „სილქნეტმა“ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც სს „სილქნეტმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები