სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2020 18:30
მიღების თარიღი იანვარი 30, 2020
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივარზე (№შ-19-6/4734 10.12.2019) დაწყებულ წარმოების ფარგლებში სს „სილქნეტმა“ 2020 წლის 22 იანვრის №411/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/297 22.01.2020) წარმოადგინა სს „სილქნეტსა და შპს „მალტისოფტს“ შორის 2019 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება და ამავე დროს მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა შემდეგი არგუმენტაციის გათვალისწინებით:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური მოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. წარმოდგენილი ხელშეკრულება შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ონფორმაციას, კერძოდ აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს მხარეთა შორის არსებული კომერციული შეთანხმების (მოდელის), ასევე ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობების შესახებ, რომლის ხელშეკრულებაში ასახვაც განხორციელდა მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად და აღნიშნული პირობების საჯაროდ დატოვება და გამჟღავნება მესამე პირებისთვის, ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ კონკურენტი კომპანიებისათვის ცნობილი გახდება ის კომერციული და ფინანსური პირობები, მათ შორის მხარეთა პასუხისმგებლობები, რა პირობების გათვალისწინებითაც წარმოდგენილი ხელშეკრულების მხარეები შევიდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში. გარდა აღნიშნულისა, თავად ხელშეკრულება შეიცავს კონფიდენციალურობის მუხლს, რომლითაც მხარეებს შეზღუდული აქვთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მესამე პირებისთვის გამჟღავნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს წარმოდგენილი ხელშეკრულების გასაჯაროვება და მესამე პირებისთვის გადაცემა.
სს „სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასაც კომპანია ითხოვს, კერძოდ, მომსახურების ანაზღაურების პირობები და მხარეთა პასუხისმგებლობები (ჯარიმები, საურავები), ისევე როგორც მხარეთა რიგი ვალდებულებები, არ არის დაკავშირებული სს „სილქნეტისათვის“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებულ არც ერთ სპეციფიკურ ვალდებულებასთან, რომელიც შესაძლოა სს „სილქნეტისთვის“ დაკისრებული ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ან სატარიფო რეგულირების სპეციფიკური ვალდებულების გათვალისწინებით არ წარმოადგენდეს კომერციულ საიდუმლოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტი“ მოითხოვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი სს „სილქნეტსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის 2019 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 6.2, 6.3 პუნქტები, მე-9 მუხლი და ხელშეკრულების დანართი №2.
კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 22 იანვრის №411/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/297 22.01.2020) წარმოდგენილი, სს „სილქნეტსა და შპს „მალტისოფტს“ შორის 2019 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად სს „სილქნეტსა“ და შპს „მალტისოფტს“ შორის 2019 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 6.2, 6.3 პუნქტები, მე-9 მუხლი და ხელშეკრულების დანართი №2.
2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარებისღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
