წვდომის მენიუ

შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-20-22 / 483

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2020 18:00

მიღების თარიღი ივნისი 09, 2020

შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა შპს  „ემ  ეს  ჯგუფმა“  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-20-6/2899, 02.06.2020) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ემ ეს ჯგუფმა“ კომისიას მიმართა 2020 წლის 2 ივნისს და კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ დგინდება თუ როგორ აპირებს კომპანია ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდებას. ასევე გამომდინარე იქიდან რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, 2020 წლის 8 ივნისს კომისიის №27 დღის წესრიგის პროექტის გამოაქვეყნება, რომელშიც შეტანილ იქნა შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2020 წლის 9 ივნისს 15:00 საათზე.

სხდომაზე აღინიშნა რომ შპს „ემ ეს ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ დგინდება თუ როგორ აპირებს კომპანია აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდებას. შესაბამისად საჭიროა დამატებით იქნას წარმოდგენილი დეტალური აღწერა და ტექნიკური სქემა, თუ როგორ მოხდება ფიქსირებული და მობილური ქსელის საკომუნიკაციო სისტემების  აბონენტებისთვის  ტექსტური  შეტყობინების  მომსახურების  მიწოდება. შესაბამისად კომისიამ მიზანშწონილად მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად 5-დღიანი ვადის განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ემ ეს ჯგუფს“ (ს/კ 404404122) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/2899, 02.06.2020 და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართემვს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა)  აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  აღნიშნული გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.  გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები