განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2020 21:18
მიღების თარიღი ივლისი 16, 2020
განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია“) მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად, აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით.
კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, ანუ შესაბამისად არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისამდე.
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიური ვალდებულება წარმოადგენენ: შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო“, შპს „ახალი ქსელები“, შპს„ახტელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს„კავაკასუს ონლაინი“, შპს „რკინიგზის ტელეკომი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“, შპს „პისი მაქსი“, სს“ საქართველოს რკინიგზა“ და შპს „დელტაკომი“.
შპს „ვიონი საქართველომ“ კომისიაში 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში წარმოადგინა 2020 წლის 24 ივნისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3271); შპს„მაგთკომმა“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში წარმოადგინა
2020 წლის 30 ივნისს (წერილის კომისიასი რეგისტრაციის Nშ-20-6/3394); სს „სილქნეტმა“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 1ივლისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/3399).
შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „რკინიგზის ტელეკომს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტს“, შპს „პისი მაქსს“, სს“ საქართველოს რკინიგზას“ და შპს „დელტა კომმს“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დადგენილ ვადებში ანუ 2020 წლის 1 ივლისამდე არ წარმოუდგენიათ.
გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს, შპს“ რკინიგზის ტელეკომს“, შპს„ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით პირველად დაეკისრა შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
2020 წლის 22 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „დელტა კომმის“ წერილი Nშ-20-6/3209. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ანგარიშგების წარმოდგენა პირველად ხდება კომისიაში, სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნას და შეთანხმებას დასჭირდა მოსალოდნელზე მეტი დრო და შპს„დელტა კომმი“ ითხოვს 2019 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვადის გაგრძელებას 2020 წლის 3 აგვისტომდე.
2020 წლის 9 ივლისს კომისიაში შემოვიდა წერილი Nშ-20-6/3563, სადაც შპს „რკინიგზის ტელეკომი“ ითხოვს 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის კომისიაში წარმოდგენის ვადის გადაწევას 2020 წლის 7 სექტემბრამდე, გამომდინარე იქიდან რომ შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 2019 წლის შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადება უწევს პირველად.
2020 წლის 29 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ წერილი Nშ-20-6/3360, სადაც კომპანია ითხოვს მოეხსნას განცალკევებული აღრიცხვის წარმოების ვალდებულება. ასევე 2020 წლის 8 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ დამაზუსტებელი წერილი Nშ-20-6/3528. კომპანია აცხადებს, რომ 2019 წლის არააუდირებული მონაცემებით აღნიშნული რეგულირებული სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 66,102 ლარს, რაც არამატერიალურია კომპანიის მთლიან შემოსავლებში, და ითხოვს შეთანხმებას, რათა 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდეს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით. ამ ინფორმაციის წარმოდგენას კომპანია შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი-ფოპტნეტი“ კომისიაში შეძლებს 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის.
კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მე -9 პუნქტის თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, ამ დადგენილების მიხედვით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის პირველად მომზადების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსოლია განსაზღვროს განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების და კომისიაში წარმოდგენის განსხვავებული ვადები.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირების - შპს „დელტა კომმისთვის, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“, შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებში” გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები:
ა) შპს „დელტა კომმისთვის“ –განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა -2020 წლის 3 აგვისტომდე;
ბ) შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ -განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვარა-2020 წლის 7 სექტემბრამდე;
გ) შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“ 2019 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის შესაბამისი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მოხდეს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
