საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2020 11:43
მიღების თარიღი ივლისი 16, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - „კომუნიკაციების კომისია“) 2016 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდება ორგანიზაციულ მოწყობასთან, სამუშაო და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები. 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული კომუნიკაციების კომისიის ახალი დებულებით განსაზღვრული საშტატო ერთეულების ფუნქციებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდა თანამშრომელთა ატესტაცია კომუნიკაციების კომისიის არსებულ თანამშრომელთა შეფასების მიზნით, ამავე პერიოდში განისაზღვრა ორგანიზაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის სამომავლო აქტივობებიც. შიდა საოპერაციო მართვის გაუმჯობესებისათვის 2017-2018 წლებში კომუნიკაციების კომისიაში განხორციელდა არსებული სამუშაო/ბიზნეს პროცესების აღწერა, შემდგომ მათი ანალიზის, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებისათვის. 2019 წელს ასევე განხორციელდა კომუნიკაციების კომისიის აპარატის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციაც.
2018 წლიდან, კომუნიკაციების კომისია ეტაპობრივად ნერგავს პროექტებზე დაფუძნებულ მუშაობას და თანამშრომლების ჩართულობით ახორციელებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს. პროექტულ მუშაობასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიაში დაიწყო შესრულების მართვის სისტემის დანერგვა, პირველ ეტაპზე შემუშავდა თითოეული სტრუქტურული ერთეულისათვის მიზნები და შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI), გათვალისწინებულ იქნა აღწერილი და ოპტიმიზირებული სამუშაო პროცესები.
2019 წელს პირველად, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 14 ივნისის ბ-19-6/8 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება წინასწარ განსაზღვრული მიზნების მიხედვით. შეფასების ეფექტურად განხორციელებას წინ უსწრებდა USAID – HICD პროექტის ფარგლებში მიღებული ექსპერტული დახმარება, ტრენინგები - კომუნიკაციების კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, USAID – HICD და ევროკავშირის Twinning-ის პროექტების ფინანსური მხარდაჭერით. 2019 წელს ასეთი წესით თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება ჩატარდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 12 დეკემბრის ბ-19-6/21 ბრძანების საფუძველზე, ხოლო 2020 წლის პირველი ციკლის შეფასება განხორციელდება 2020 წლის 2 ივლისის ბ-20-6/18 ბრძანების საფუძველზე.
შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების და სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია და შეიმუშავა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესი“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო“ დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტებით განისაზღვრება კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, მეთოდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები და შეფასების შედეგების გამოყენების ეფექტური გზები, ასევე, კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელთა არამატერიალური და მატერიალური მოტივაციის და კარიერის განვითარების საშუალებები. აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებისას გათვალისწინებული იყო როგორც საერთაშორისო ექსპერტული რეკომენდაციები, ასევე, 2019 წლის განმავლობაში კომისიაში განხორციელებული შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცედურული საკითხები. დოკუმენტების შემუშავებამდე იდენტიფიცირებულ იქნა ყველა ისე საკითხი, რაც პრაქტიკაში გამოვლინდა და ყურადღებას საჭიროებდა; ასევე გათვალისწინებულ იქნა კომუნიკაციების კომისიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და კომისიის წევრების რეკომენდაციები;
აღნიშნული სისტემის არსებობა კომუნიკაციების კომისიას საშუალებას მისცემს იზრუნოს ორგანიზაციული ეფექტიანობის სისტემურ განვითარებაზე, ასევე განახორციელოს ისეთი შიდა ორგანიზაციული აქტივობები, როგორიცაა თანამშრომელთა დასახული მიზნების შესრულების ხარისხის გაუმჯობესება, თანამშრომელთა კარიერული და პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა, მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა, დასაბუთებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, წახალისება თუ სხვა შრომით-სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა და სხვა.
წარმოდგენილი შეფასების სისტემა კავშირშია საოპერაციო მართვის მიდგომასთან - შედეგებზე დაფუძნებულ და პროექტულ მართვასთან, რაც გულისხმობს თითოეული თანამშრომლისათვის პროექტის თუ ყოველდღიური მუშაობის პროცესში ისეთი მიზნის განსაზღვრას, რომელიც კავშირშია კომუნიკაციების კომისიის ორგანიზაციულ მიზნებთან. შესაბამისად, თანამშრომელთა შეფასება ხდება შედეგების მიხედვით, ხოლო წახალისება - დამსახურებაზე დაფუძნებით, რაც საბოლოო ჯამში ორგანიზაციული გაუმჯობესების წინაპირობაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს“ დამტკიცება.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს:
ა) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
ბ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო“ თანდართული სახით (დანართიN2).
2. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge ) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ამოქმედდეს კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.cocmcom.ge) გამოქვეყნების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, განახორციელებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
გადაწყვეტილების დანართები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში
