საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესის დამტკიცებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2020 15:52
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესის დამტკიცებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია“) მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლების პროცესი. 2020 წლის განმავლობაში ამ კუთხით განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები: კომუნიკაციების კომისიამ გაიარა ხარისხის მართვის სისტემის სასერთიფიკაციო აუდიტი, ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რაც გულისხმობდა ორგანიზაციული პროცესების აღწერა-ოპტიმიზაციას და აღნიშნულის სამუშაო პროცესებში დანერგვას; შეიცვალა კომუნიკაციების კომისიის ბრენდის დასახელება, ასევე კომუნიკაციების კომისიაში ბოლო დროს დამკვიდრებული როლის, მისიის, ფილოსოფიის და ფასეულობების შესაბამისად შეიცვალა კომუნიკაციების კომისიის ლოგო. მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე (COVID – 19, პანდემია) საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით კომუნიკაციების კომისია 2020 წლის მარტიდან გადავიდა დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე, ისე, რომ არ შეფერხდა ორგანიზაციაში მიმდინარე ძირითადი პროცესები. 2020 წლის ივლისში დამტკიცდა კომუნიკაციების კომისიაში დასაქმებულთა შეფასების წესი და სამოტივაციო და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო, რომელმაც განსაზღვრა კომუნიკაციების კომისიაში თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, მეთოდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები და შეფასების შედეგების გამოყენების ეფექტური გზები, ასევე, კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელთა არამატერიალური და მატერიალური მოტივაციის და კარიერის განვითარების საშუალებები, რაც აისახა შესაბამის პროცედურებში.
გარდა შიდა ეფექტიანობის გაზრდისათვის განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებებისა, ცვლილებები შევიდა ასევე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ (შემდგომში - შრომის კოდექსი), რომელიც ამოქმედდა 2020 წლის 29 სექტემბრიდან. განახლებულ შრომის კოდექსში დამატებულია ან/და შეცვლილია ისეთი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის, შვებულების, შრომის ანაზღაურების, ღამის ცვლის, ცვლაში მუშაობის და ღამით მუშაობის, ასევე ინდივიდუალური სამუშაო ურთიერთობებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებს .
ვინაიდან თითოეული ცვლილება კავშირშია ორგანიზაციულ ფასეულობებთან, ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან თუ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან, საჭირო გახდა აღნიშნულის შრომის შინაგანაწესში ასახვა.
აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავება.
ზემოთ აღწერილი მოთხოვნების გათვალისწინებით, შინაგანაწესში ახლებურად დარეგულირდა დისკრიმინაციის აკრძალვასთან, დასაქმებულის ვალდებულებებთან, კონფიდენციალურ ინფორმაციის დაცვასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. შინაგანაწესს დაემატა ისეთი თავები, როგორიცაა ორგანიზაციული ფასეულობები, ტერმინთა განმარტება, კომუნიკაციების კომისიაში დასაქმებულთა შეფასება, წახალისება და კარიერული განვითარება, დისციპლინური პასუხისმგელობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის საკითხები შრომის კოდექსის ცვლილებების შესაბამისად დარედაქტირდა დეკრეტული შვებულებით სარგებლობის, შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, შეჩერების/შეწყვეტის, ზეგანაკვეთურ მუშაობასთან დაკავშირებული თუ სხვა, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, VII თავისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის შრომის შინაგანაწესი“ (დანართი N1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილება და მასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება (2017 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილება N 754/22, 2017 წლის 21 დეკემბერის გადაწყვეტილება N 832/19 და 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება N 369/19).
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2021 წლის 18 იანვრიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა) გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში მისი დასაქმებულთათვის გაცნობა.
6. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს (კ.ბექაური).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
დანართი იხილეთ მიმაგრებულ ფაილად
