შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2020 15:37
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020
შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების თანახმად (N20-10-66 14.01.2020 და N20-10-38 10.01.2020) რადიომონიტორინგის სისტემის თბილისის სტაციონარული სადგურიდან TCI მონიტორინგის სისიტემის პროგრამული უზრუნველყოფა “Scorpio Client”-ის საშუალებით ჩატარებული ხანგრძლივი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „რ-რადიოს“ რადიოსადგური (FM 101.3 მჰც) არ ფუნქციონირებს 2019 წლის 20 აგვისტოდან. სამსახურებრივი ბარათებთან ერთად წარმოდგენილია მონიტორინგის სისტემის შედეგები 2019 წლის 18 სექტემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე პერიოდის მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა შესაძლებელია მონიტორინგის სისტემის Screenshot-ების სახით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რ-რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიას 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 20 მაისამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;
ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის
განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარიზაცია
V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე
(ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან
(მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი სატელევიოზიო ანძა |
101.3 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.49"N
44°47'5.92"E |
85 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე. შეტყობინება საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე 2020 წლის 3 თებერვალს გაეგზავნა შპს „რ-რადიოს“ საფოსტო და ელექტრონულ მისამართებზე. შპს „რ-რადიომ“ 2020 წლის 6 თებერვალს მეილით დაადასტურა შეტყობინების მიღება.
კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან შპს „რ-რადიოს“ მიერ ქ. თბილისში არ ხორციელდება რადიომაუწყებლობა 2019 წლის 20 აგვისტოდან დღემდე სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს
„რ-რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რ-რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2020 წლის 19 მარტს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რ-რადიოსთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
