ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2020 16:48
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020
ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას…“.
„ელექტონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად კომისიის ძირითადი ამოცანებია: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება (მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი (მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), ასევე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება (მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).
კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ზემოაღნიშნული ამოცანებისა და უფლებამოსილებების ჯეროვნად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, ამ ეტაპზე კომისიის აპარატში მიმდინარეობს მუშაობა საკომუნიკაციო დარგის ერთიანი ინფრასტრუქტურის ციფრული რუქის შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნული რუკა წარმოაჩენს ავტორიზებული პირების მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ერთიან გეოსაინფორმაციო სისტემას. ერთიანი ინფრასტრუქტურის ციფრული რუქის ფორმირების მიზნით აუცილებელია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ინფორმაცია, კომისიის აპარატის მიერ შემუშავებული ფორმების შესაბამისად, რაც საშუალებას მისცემს კომისიას განახორციელოს მასზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები და ამოცანები.
აღნიშნული ინფრასტრუქტურის ციფრული რუქის შექმნა და შესაბამისი ბაზის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს:
ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებისა და ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიაში მითითებული ვალდებულებების შესრულებას;
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაზიარებას;
კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის
2018 წლის 31 ოქტომბრის განკარგულება N2033-ის ფარგლებში კრიტიკული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ელემენტების განსაზღვრას;
ელექტრონული კომუნიკაციებისა სფეროში ავტორიზებული პირების ინფრასტრუქტურული ბაზრის საქმიანობის ანალიზს;
ელექტრონული კომუნიკაციებისა სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ხარჯების დაზოგვას;
ავტორიზებულ პირებს მიერ საკუთარი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მართვას და ანალიზს;
სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციებისა და პოტენციალის დადგენას;
ცალკეული სუბიექტების სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გამოვლენას;
კომპანიებისა და მომხმარებლების ინფორმირებას არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესახებ;
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ბაზარზე განვითარებულ ცვლილებებზე კომისიის მიერ მოქნილი და ადეკვატური რეაგირების მექანიზმის შექმნას;
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე საბითუმო დაშვების რეგულირებას;
კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების გამოვლენისათვის საჭირო ბაზრის ანალიზს;
ცალკეულ საჩივრებზე სწრაფ რეაგირებას;
კომისიის დადგენილებით მოხდება ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცება, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს ექნებათ ვალდებულება კომისიას წარმოუდგინონ დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად და ამავე ფორმებით განსაზღვრული პერიოდულობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 26 მარტს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს (ა. ღლონტი) და სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს (ა. ღლონტი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
