„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2020 23:17
მიღების თარიღი მარტი 12, 2020
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 23 იანვრის Nშ-20-7/275 განცხადებით მომართა შპს „ევაკუატორი ჯორჯიამ“ და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ N3 დანართის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი ტექნიკური დახმარებისთვის განკუთვნილი სააბონენტო ნომრის 13111 მინიჭება. ზემოაღნიშნული მთავრობის დადგენილებით აღნიშნული ნომერი კომისიამ უნდა გასცეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საავტომობილო ტექნიკური დახმარებისთვის განკუთვნილი ნუმერაციის რესურსის 131XX გაცემის წესი არ არის განსაზღვრული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“; ასევე არ არის გათვალისწინებული საქალაქთაშორისო, საერთაშორისო ავტოსადგურების (1334X) და ტაქსის გამოძახების (132XX) მოკლე ნომრების გაცემის წესი. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ N2 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტში გათვალისწინებული ნომრები („რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტებს საინფორმაციო- საცნობარო სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 4-ციფრიანი – შესაბამისი საქმიანობის ვადით”) მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით გამოყოფილია კონკრეტული სამსახურებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული სამსახურებისთვის მთავრობის დადგენილებით გამოყოფილი ნომრები ამოღებული უნდა იქნას წინამდებარე დადგენილებიდან.
დადგენილების პროექტი ასევე ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ - ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) უფასოდ და უვადოდ მინიჭების საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 16 აპრილს, 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ო.ვოტ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
