ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2020 19:34
მიღების თარიღი მარტი 19, 2020
ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებებით მიმართეს ი/მ „ილო ლაბაძემ“ (ს/ნ 18001016147) და შპს „იმერ ტვ+“- მა (ს/კ 430039530) (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/1081, 28.02.2020 და №შ-20-6/1356, 16.03.2020) ი/მ „ილო ლაბაძეს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის შპს „იმერ ტვ+“-სთვის გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის 2020 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ კომისიის 2019 წლის 30 ნოემბრის N769/6 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);
ბ )ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 16 ოქტომბრამდე;
დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364) სიხშირული დიაპაზონის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ე) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მფლობელმა 12672მჰც÷12868 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემებისაგან;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის Nგ-19-11/735 გადაწყვეტილებით, მიეცა თანხმობა ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს “იმერ TV“-ს, ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) და შპს „იმერ TV“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები) შპს „იმერ ტვ+“-ის მიერ შეძენაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:
ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;
გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 19 მარტის მდგომარეობით ი/მ „ილო ლაბაძეს“ კომისიის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის 2020 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტის თანახმად შპს „იმერ ტვ+“ იღებს ვალდებულებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივ რეესტრში ლიცენზიის მფლობელად რეგისტრაციისთანავე, იმ ბოლო მომხმარებლებს, რომელთაც ტელემაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება მიეწოდებოდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსით, უწყვეტად გაუწიოს იგივე მომსახურება მათთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოება, ამავე დროს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ უნდა იქნას, ხომ არ არსებობს ლიცენზიის გადაპირების შეზღუდვასთან დაკავშირებული გარემოება, რომელიც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით. სწორედ ამ მიზნით კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და დასკვნის წარმოდგენა;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის შპს „იმერ ტვ+“-ზე გადაპირების შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2020 წლის 23 აპრილს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „ილო ლაბაძესთვის“ და შპს „იმერ ტვ+“-სთვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
