მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2020 13:43
მიღების თარიღი მარტი 26, 2020
მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: კომისია) მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (მიმართვის N20-10-681; 11/03/2020). მისი მითითებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ფიქსირდება მომხმარებელთა მაღალი მომართვიანობა შპს „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 6 აპრილიდან პაკეტი „მარტივი 25-ის“ გააქტიურება აღარ იქნება შესაძლებელი და შეთავაზებული იქნება პაკეტი „მარტივი 30“. კერძოდ, მომხმარებლები გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ „მარტივი 25-ის“ მხოლოდ ულიმიტო წუთების მიღების მიზნით შემძენი პირებისთვის „მარტივი 30-ის“ შეთავაზებით ფაქტობრივად იზრდება მომსახურების საფასური. შესაბამისად, მომხმარებლები ითხოვენ კომპანიისგან პაკეტ „მარტივი 25-ის“ შენარჩუნებას, რათა მიეცეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, რომელი პაკეტია მათთვის უფრო ხელსაყრელი. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს საკითხის კონტროლზე აყვანას და ზემოაღნიშნულ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ღონისძიებების გატარებას.
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-731; 16/03/2020) მიხედვით, კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N267/9 და N268/9 გადაწყვეტილებებით შპს „მაგთიკომი“ ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებებით შპს „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კონკრეტული პირობებით - არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.
3. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „მაგთიკომმა“ 25 ლარიანი სააბონენტო პაკეტ „მარტივი 25-ის“ გაუქმებით, გაზარდა შერეულ პაკეტში მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების ღირებულება მისაწვდომ ფასში ჩანაცვლებადი მომსახურების დატოვების გარეშე. პაკეტ „მარტივი 25-ის“ მოხმარების საშუალო ყოველთვიური სტატისტიკა მიუთითებს, რომ ხმოვანი მომსახურების (წუთების) ყოველთვიური მოხმარება ერთ აბონენტზე 700 წუთს აღემატება, ხოლო მობილური ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელია საშუალოდ 700 მბ-ია. აღნიშნული პაკეტის მომხმარებლები პრიორიტეტს ხმოვან მომსახურებას ანიჭებენ, რასაც ასევე მოწმობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დაფიქსირებული აბონენტების პრეტენზიები.
4. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-731; 16/03/2020) მიხედვით, პაკეტ „მარტივი 25-ის“ გაუქმების და ახალი პაკეტის, „მარტივი 30-ის“ შემოღების შემთხვევაში ხმოვან მომსახურებაზე (ულიმიტო წუთები) აბონენტებს მოუწევთ 5 ლარით მეტის გადახდა და მომსახურების ღირებულება 20%-ით გაუძვირდებათ. ამასთანავე, მომხმარებლებს არ აქვთ ოპერატორის ქსელში ულიმიტო მოძრავი სატელეფონო ხმოვანი წუთების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შეძენის შესაძლებლობა. შესაბამისად, 25-ლარიანი პაკეტის, „მარტივი 25-ის“ გაუქმება და „მარტივი 30-ის“ შემოღება როგორც ჩანაცვლებადი, 20%-ით გაძვირებული ტარიფის, მიანიშნებს კომისიის N267/9 გადაწყვეტილების 4.1 „ა“ პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე.
5. დასახელებული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ ბაზრის წილი აბონენტების მიხედვით 2019 წლის 3 კვარტლის მონაცემებით შეადგენს 41%-ს და წინა წლებთან შედარებით ზრდადია. შესაბამისად, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ არსებობს კომისიის მიერ მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობები.
6. შპს „მაგთიკომისთვის“ ქმედების დავალდებულებისა და მობილური ქსელით საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საკითხის განხილვა გაიმართა 2020 წლის 26 მარტს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიმართვა (N20-10-681; 11/03/2020).
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-731; 16/03/2020);
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაგთიკომის“ შესახებ;
4. „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (N 267/9, 30.04.2019);
5. „მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (N 268/9, 30.04.2019);
6. შპს „მაგთიკომის“ წერილი (Nშ-20-6/1641, 25.03.2020).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მაგთიკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
2. „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილების (N 267/9, 30.04.2019) მიხედვით, შპს „მაგთიკომი“ განსაზღვრულია ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად.
3. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, შპს „მაგთიკომს“ მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკისრებული აქვს შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;
4. „მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (N 268/9, 30.04.2019) შპს „მაგთიკომი“ განსაზღვრულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვს შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა;
5. შპს „მაგთიკომი“ მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების, მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აბონენტებს სთავაზობს შერეულ პაკეტს „მარტივი 25“ შემდეგი პირობებით: ინტერნეტი 1000 მბ; წუთები (სასაუბრო დრო) - ულიმიტო, SMS/MMS - ულიმიტო, მოქმედების ვადა: 30 დღე, ღირებულება - 25 ლარი. ანალოგიურად, შპს „მაგთიკომის“ მიერ შემოთავაზებულია პაკეტი - „მარტივი 30“ განსაზღვრულია შემდეგი პირობებით: ინტერნეტი 3000 მბ; წუთები (სასაუბრო დრო) - ულიმიტო, SMS/MMS - ულიმიტო, მოქმედების ვადა: 30 დღე, ღირებულება - 30 ლარი.
6. გარდა ამისა, შპს „მაგთიკომმა“ 2020 წლის 18 მარტიდან მომხმარებელს შესთავაზა შერეული პაკეტი „მარტივი 6“ შემდეგი პირობებით: წუთები (სასაუბრო დრო) ულიმიტო, SMS/MMS - ულიმიტო, მოქმედების ვადა: 1 კვირა, ღირებულება - 6 ლარი.
7. შპს „მაგთიკომის“ დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 6 აპრილიდან პაკეტი „მარტივი 25-ის“ გააქტიურება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, აბონენტებს შეეძლებოდათ ესარგებლათ პაკეტით - „მარტივი 30“. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ გარემოებების შესწავლის დასრულებამდე შპს „მაგთიკომმა“ პაკეტ „მარტივი 25-ის“ გაუქმება გადაავადა. კომპანიის წერილის (Nშ-20-6/1641, 25.03.2020) მიხედვით, პაკეტ „მარტივი 25-ის“ აქტივაცია შესაძლებელი იქნება 2020 წლის 6 ივლისამდე.
8. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათის მიხედვით, შპს „მაგთიკომის“ ბაზრის წილი აბონენტების მიხედვით 2019 წლის 3 კვარტლის მონაცემებით შეადგენს 41%-ს და წინა წლებთან შედარებით მზარდია.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, კომისიის ძირითადი ამოცანებია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით კომისია განსაზღვრავს კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით. მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის უზრუნველყოფა და ამ სეგმენტებზე პირველადი და მეორეული კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა დადგენა ხორციელდება ობიექტურობის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის, ფუნქციონალური ეკვივალენტობის (ფუნქციონალური კრიტერიუმების ერთგვაროვანი გამოყენების), მინიმალური საჭირო რეგულირების, პროპორციულად თანაზომადი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების, ეფექტიანი კონკურენციის წახალისების, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ შეთანხმებას „მომსახურებისა და ვაჭრობის შესახებ“.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი ინიციატივით.
როგორც აღინიშნა, შპს „მაგთიკომი“ კომისიის გადაწყვეტილებებით (N267/9, 30.04.2019 და N268/9, 30.04.2019) ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების და მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტებზე. ამავე გადაწყვეტილებებით აღნიშნული ბაზრის სეგმენტებზე შპს „მაგთიკომს“ როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტს დაკისრებული აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები. კერძოდ, შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა (იხ. „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (N 267/9, 30.04.2019), სარეზოლუციო ნაწილი, 4.1 პუნქტი, და „მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების („SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (N 268/9, 30.04.2019), სარეზოლუციო ნაწილი, 4.1 პუნქტი).
შპს „მაგთიკომი“ მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების, მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აბონენტებს სთავაზობს შერეულ პაკეტს „მარტივი 25“ შემდეგი პირობებით: ინტერნეტი 1000 მბ; წუთები (სასაუბრო დრო) - ულიმიტო, SMS/MMS - ულიმიტო, მოქმედების ვადა: 30 დღე, ღირებულება - 25 ლარი.
შპს „მაგთიკომის“ დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 6 აპრილიდან პაკეტ „მარტივი 25-ის“ გააქტიურება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, კომისიის მიერ გარემოებების შესწავლის დასრულებამდე შპს „მაგთიკომმა“ პაკეტ „მარტივი 25-ის“ გაუქმება გადაავადა. კომპანიის წერილის (Nშ-20-6/1641, 25.03.2020) მიხედვით, პაკეტ „მარტივი 25-ის“ აქტივაცია შესაძლებელი იქნება 2020 წლის 6 ივლისამდე. ამრიგად, შპს „მაგთიკომის“ მიერ პაკეტ „მარტივი 25-ის“ გაუქმების გადავადების პირობებში, კომისია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ დგას შპს „მაგთიკომის“ მიერ სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევისა და მისთვის ქმედების დავალდებულების საკითხის განხილვის საჭიროება.
ამავდროულად, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 3 კვარტლის მონაცემებით მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე შპს „მაგთიკომის“ წილი წინა წლებთან შედარებით ზრდადია და შეადგენს 41%-ს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილებების (N 267/9, 30.04.2019) და (N 268/9, 30.04.2019) მიღების შემდგომ შეიცვალა მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის მდგომარეობა. შეცვლილმა საბაზრო მდგომარეობამ, შესაძლოა, განაპირობოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების ხელახლა განსაზღვრისა და მათთვის განსხვავებული სახისა და მოცულობის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების აუცილებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების საჭიროებაზე და ქმნის კომისიის მიერ ამ მიზნით ადმინისტრაციული საჯარო წარმოების დაწყების წინაპირობას. შესაბამისად, კომისიამ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე და 22-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 3 თვე;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 4 ივნისს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. დაევალოთ ავტორიზებულ პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტების შესასწავლად ინფორმაციის მოწოდება კომისიის მიერ წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
