შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2020 19:10
მიღების თარიღი აპრილი 16, 2020
შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად (N20-10-755 19.03.2020) რადიომონიტორინგის სისტემის, დასავლეთ საქართველოში (ურთა) განთავსებული სტაციონარული სადგურიდან ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ შპს „მედია ჯგუფის“ რადიოსადგური (FM 96.3 მჰც) არ ფუნქციონირებს 2019 წლის 12 დეკემბრიდან. სამსახურებრივი ბარათს თან ერთვის მონიტორინგის შედეგები 2019 წლის 12 დეკემბრიდან 2020 წლის 19 მარტამდე პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჯგუფი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიას 2026 წლის 4 მარტამდე კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, აფხაზური;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომაზე. შეტყობინება საკითხის განხილვის დაწყების და სხდომის ონლაინ რეჟიმში გამართვის თაობაზე კომპანიას 2020 წლის 3 აპრილს გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე.
კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომას ესწრებოდა კომპანიის დირექტორი ირაკლი ბანძელაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მან კომისიისგან შეიტყო რომ ქ. ზუგდიდში მათი რადიოგადამცემი არის გათიშული. მან ისაუბრა თუ რა სახის პრობლემები შეექმნა ურთას მთაზე გადამცემის განთავსებისას. მან აღნიშნა, რომ იმ საკომუნიკაციო ანძამდე, სადაც ამჟამად განთავსებულია გადამცემი ელექტროენერგიის მისაყვანად შპს „მედია ჯგუფს“ მოუწია ცალკე მაგისტრალის გაყვანა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს მაგისტრალი არის ამჟამად დაზიანებული, რამაც გამოიწვია რადიომაუწყებლობის გათიშვა. ირაკლი ბანძელაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათ ურთას მთიდან უკუსიგნალი არ მიეწოდებათ და ამიტომ იყო მათთვის უცნობი რადიოს გათიშვის ფაქტი. აღნიშნული არ მომხდარა შეგნებულად. რადიოსადგურის გათიშვა არ შედის მათ ინტერესში. პირიქით, კომპანია ცდილობს გააფართოვოს მაუწყებლობა და არ ჩამორჩნენ ძლიერ რადიოკომპანიებს, რომელებიც მთელს საქართველოში ვრცელდებიან. სხდომაზე შპს „მედია ჯგუფის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის თანამშრომლები დაეხმარნენ სამეგრელოში გადაადგილების უფლების მოპოვებაში და რადიომაუწყებლობის აღდგენის საკითხს მოაგვარებს ძალიან მალე.მან იმედი გამოთქვა, რომ კომისია გაითვალისწინებს მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან შპს მედია ჯგუფის“ მიერ ქ. ზუგდიდში არ ხორციელდება რადიომაუწყებლობა 2019 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის№137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2020 წლის 21 მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედია ჯგუფისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
