წვდომის მენიუ

მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-20-23 / 435

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2020 17:34

მიღების თარიღი მაისი 07, 2020

მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის  2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო გ-20-9/156 გადაწყვეტილება  მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ.

კომისიის   2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო” - ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისირათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით:

3.1 ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება,

3.2 ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

3.3 დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

3.4 სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

აღნიშნული  გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  3.1.  პუნქტის  თანახმად „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.“

2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კომისიას მიმართეს ავტორიზებულმა პირებმა შპს „ვიონი საქართელომ“ და სს „სილქნეტმა“ MVNO დაშვებასთან დაკავშირებით დამატებითი საკითხების შესასწავლად.

კერძოდ, გამოიკვეთა ისეთი სპეციფიური თემები, როგორიცაა ფინანსური სეგმენტის MVNO ოპერატორის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებული ეკონომიკური ფაქტორების შესწავლა და შესაბამის მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები. კერძოდ, გაჩნდა მოთხოვნა რომ კომისიას დამატებით შეესწავლა საქართველოს ბაზარზე ფინანსური სექტორის MVNO-ს გაჩენით გამოწვეული გავლენა მობილურ ბაზარზე, მოემზადებინა ბიზნეს გავლენის დეტალური ანალიზი და განვითარების შესაძლო სცენარები. გამომდინარე ამ მიმართულების შესწავლის მაღალი ინტერესიდან, კომისია მზადაა ამ საკითხის საფუძვლიანად გამოსაკვლევად საერთაშორისო რანგის საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად წარმართოს პროექტი და ოპერატორების მიერ დასმულ დამატებით კითხვებს ბაზარზე შესაძლო გამოწვევების და ეკონომიკური რისკების შესაფასებლად, კიდევ ერთხელ უპასუხოს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება გ-20-9/156, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე იყო თანმიმდევრული და ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა რამდენიმე თვიანი საკონსულტაციო პროცესი, რომელიც მოიცავდა დიდი ოთხეულის „PriceWaterhouseCoopers Advisory, s.r.o“ (“PwC”) ის სლოვაკეთის ოფისთან ერთად წარმართულ რამდენიმე ეტაპიან საკონსულტაციო პროცესს და ბაზრის კვლევას; საკონსულტაციო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ავტორიზებული პირები. საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ავტორიზებული თუ დაინტერესებული პირებისგან დასმულ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მხოლოდ ამის შემდგომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის მიერ.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 7 მაისის კომისიის სხდომის ფარგლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა შპს „მაგთიკომმა“ სადაც აღნიშნა, რომ  შპს „მაგთიკომისთვის“ ასევე მნიშნელოვანია ისეთ საკითებზე პასუხი როგორიცაა MVNO შემოსვლით გამოწვეული ახალი მოცემულობების და შესაძლო რისკების ანალიზი საქართველოს ბაზრისთვის, თუ რა დადებითი და უარყოფითი ეფექტები შეიძლება მოიტანოს დარგისთვის, ასევე    ჩატარდეს კვლევა როგორც ეკონომიკურ, ისე კიბერ უსაფრთხოების ნაწილში. ასევე შესაძლო ეფექტი თუ რა ეკონომიკურ გავლენას იქონიებს პანდემია.

აღნიშნულის გათვალისწინებით - კომისიის მიერ ინიცირებული საკონსულტაციო პროექტი მეტ აქტუალობას იძენს და ასევე მხარდაჭერას პოვებს ოპერატორებისგან წამოჭრილი დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემის თვალსაზრისით. შესაბამისად მომზადდა პროექტი მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას და შესაბამისი მომსახურების გაწევას სჭირდება გარკვეული დრო, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტის თანახმად განსაზღვრული ოფერტის გამოქვეყნების ვადა იწურება 2020 წლის 27 მაისს, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.“ ვინაიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად საჭიროა რომ ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებაც შევიდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის #გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 11 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე) შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის, წინამდებარე გადაწყვეტილებისა და მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის #გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები