ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2020 12:42
მიღების თარიღი იანვარი 23, 2020
ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579), რომლის 99-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა შეიმუშავოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება“. ზემოაღნიშნული კანონის 99-ე მუხლი ამოქმედდა ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე, 2019 წლის 27 სექტემბერს.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია ინტერნეტგვერდზე უნდა განთავსდეს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმებისა და ამ პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსების წესების დაცვით, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტპროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით დაბლოკოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტების თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება წესრიგდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1441 მუხლის შესაბამისად, ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა ან შესაბამისი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას.
„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების“ მიღების მიზანს წარმოადგენს ინტერნეტში განთავსებული ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულებით“ უნდა განისაზღვროს ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის პრინციპები და მექანიზმები, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის კატეგორიების კლასიფიკაცია, შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესი, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლის და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით, კომისიაში უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 99-ე მუხლის მე-5 პუნქტის, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 21 თებერვალს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) და სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
მერაბ ქათამაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
