შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2020 15:36
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 14 აგვისტოს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის: Nშ–20-6/4181-20) მიმართა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, შპს „ტელეიმედისათვის“ სოციალური რეკლამის სახით წარდგენილი კლიპის, ამ უკანასკნელის მიერ სამაუწყებლო ეთერში არ განთავსების თაობაზე და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ.
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ ააიპ „ადამინის უფლებათა ცენტი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა სოციალური რეკლამა, რომლის მიზანია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერა უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული, არამედ ემსახურება საქვველმოქმედო მიზნებს.
როგორც საჩივარშია აღნიშნული, 2020 წლის 2 ივლისს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა მატერიალური ფორმით ტელეკომპანია „იმედში“ წარადგინა სოციალური რეკლამა და განცხადება, რითაც მოთხოვნილი იყო, რომ კანონით დადგენილი წესით ეთერში გასულიყო სოციალური რეკლამა. აღნიშნულის მიუხედავად ტელეკომპანია „იმედს“ დღემდე არ გაუშვია სოციალური რეკლამა და განცხადების პასუხად არ უცნობებია უარის მოტივიც. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტის წარმომადგენელი არაერთხელ დაუკავშირდა ტელეფონით ტელეკომპანიას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
საჩივრიდან ასევე ირკვევა, რომ ორგანიზაციამ 2020 წლის 30 ივლისს, კვლავ მიმართა ტელეკომპანიას წერილობით და მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, აპირებდა თუ არა კომპანია სოციალური რეკლამის გაშვებას. აღნიშნული განცხადების პასუხად ტელეკომპანია
„იმედს“ ეთხოვა პასუხის მოწოდება 2 სამუშაო დღის ვადაში, თუმცა დღემდე ოფიციალური პასუხი ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიუღია.
ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2020 წლის 14 აგვისტოს საჩივარში (კომისიაში რეგისტრაციის: Nშ–20-6/4181-20) ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ხოლო, ამავე კანონის 65-ე მუხლის საფუძველძე მაუწყბელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
საჩივარში განმარტებულია, რომ სადაო სოციალური რეკლამა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ არის მიმართული, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. სადაო სოციალური რეკლამით, ორგანიზაცია არ ახორციელებს მომსახურების რეკლამირებას. აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი სიკეთის მიღებისკენაა მიმართული და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ამგავრი ქმედებით არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ითხოვს კომისიამ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
მოთხოვნა:
1. შესწავლილ იქნას შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2020 წლის 20 აგვისტოს. სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (N გ-20-03/2626, 17/08/2020 და N გ-20-03/2627,17/08/2020), ეცნობათ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ და შპს „ტელეიმედს“. შპს „ტელეიმედს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს კომისიის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი გიორგი კაკუბავა და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ანდრო ლაშხი. ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციის მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს და დააზუსტა მოთხოვნა. კერძოდ, ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე ითხოვს დაევალოს შპს „ტელეიმედს“ ეთერში გაუშვას ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარდგენილი სოცალური რეკლამა. ხოლო, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ა.ლაშხმა აღნიშნა, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მათთივ წარდგენილი რეკლამა შეიცავს კერძო სუბიექტის რეკლამირებას, რის გამოც არ განთავსდა კლიპი სამაუწყებლო ეთერში. ასევე, აღნიშნა, რომ კომისიის მიერ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხს ეთანხმება.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე,
56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხებისგადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
6. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ
„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;
8. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შპს „ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განუთავსებლობას, „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს წარმოებაში ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი და შესაბამისად დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 171 და 21-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი (Nშ–20-6/4181-20, 14.08.2020) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მიღებულ იქნეს განსახილველად და დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 3 სექტემბერს, 15.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს შეისწავლოს სადაო რეკლამა და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინოს ზეპირი მოსმენის სხდომისთვის (კ.ქორიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისათვის“ და ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
