“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2020 12:58
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქმედი „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება“ (შემდგომში - დებულება) ითვალისწინებს ჰარმონიზებული და არა ჰარმონიზებული რადიოსიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრის განსხვავებულ მეთოდებს. არა ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა ხდება სპეციალური ფორმულით, რომელიც რიგ შემთხვევებში ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.
ECA Table-ში (European Common Allocation Table) აღნიშნული ECC Decision (19)02 გადაწყვეტილების, ასევე კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, დაშვებულია CDMA ტექნოლოგიის გამოყენება 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც დიაპაზონში და ეს დიაპაზონი გამოირჩევა მიწისზედა მობილური მომსახურებისათვის მაღალი შეღწევადობის და დიდ ტერიტორიებზე გავრცელების შესაძლებლობით, რაც ოპერატორებს მნიშვნელოვნად უმარტივებს რთულად დასაფარი და მოშორებული ტერიტორიების სიგნალით უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია , რომ 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც სიხშირულ დიაპაზონს გააჩნია შორ მანძილზე გავრცელების მახასიათებელი, არსებულ სხვა დიაპაზონებთან შედარებით, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მხოლოდ აღნიშნული ტექნოლოგიით არის შესაძლებელი მომსახურების მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მაღალმთიან რეგიონებში.
ასევე აღსანიშნავია, რომ CDMA ტექნოლოგია, რომელიც აღარ ვითარდება საქართველოში, სარგებლობს მკვეთრად კლებადი პოპულარობით ასევე მთელს მსოფლიოში, შესაბამისად იკლებს შემოსავლები აღნიშნულ მომსახურებიდან და შესაბამისად, ნაკლებად მიმზიდველია კომპანიებისთვის აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება, რაც საჭიროებს შესაბამის ცვლილებეს სიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას. რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასების მეთოდი უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და დარგის ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ტექნოლოგიით სიხშირული რესურსის ეფექტურად გამოყენებასა და მართვას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნული სიხშირული რესურსისა არსებობს კიდევ რამდენიმე დიაპაზონი, რომლის საფასურის დაანგარიშების მეთოდოლოგიაც საჭიროებს გადახედვას. ასეთ დიაპაზონებს განეკუთვნება მაგალითად 2300-2400 მჰც სიხშირული ზოლი. მიუხედავად იმისა, რომ 2300-2400 მჰც დიაპაზონი არ არის ჰარმონიზებული ევრო კომისიის მიერ ეს დიაპაზონი ევროპის ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება ფართოზოლოვანი ტექნოლოგიისათვის. მას სამომავლოდ განიხილავენ, როგორც 5G ტექნოლოგიისთვის (გამოყენებულია დანიაში, და მიმდინარეობს კონსულტაცია საბერძნეთში, ირლანდიაში, სლოვენიაში და ნორვეგიაში) და შესაძლოა მოხდეს მისი სრული ჰარმონიზაცია ევრო კომისიის დონეზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია შესაბამისი დიაპაზონის ღირებულების გამოთვლა და მისი საწყისი საფასურის დადგენა ბიზნეს მოდელირებით ან/და ბენჩმარკინგით (სანამ მოხდება შესაბამისი დიაპაზონის ევროკომისიის მიერ ჰარმონიზაცია), ვინაიდან სწორედ აღნიშნული მეთოდი ასახავს სიხშირული რესურსის საბაზრო ფასს/ღირებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილებაში ცვლილებები მიზნად ისახავს სიხშირეების საბაზრო ღირებულების ადექვატურ შეფასებას მისი ეფექტური გამოყენების მიზნით.
ცვლილებები მიზნად ისახავს გარკვეული ტექნოლოგისთვის და გარკვეული დანიშნულებით გამოყენებული სიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დაანგარიშების უფრო ეფექტური და ადექვატური მეთოდოლოგიის დანერგვას და სიხშირული რესურსით სარგებლობის მსურველი პირების წახალისებას, სიხშირული რესურსის ეფექტურად მართვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით,
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
7.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
