წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანის, დეკანოზ ა. მინდიაშვილის და სხვათა საჩივრების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-20-23 / 846

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2020 17:03

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2020

 შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანის, დეკანოზ ა. მინდიაშვილის და სხვათა საჩივრების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ (კომისიაში რეგისტრაციის N20-10-2225; 04.11.2020). აღნიშნული წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს    (შემდგომში    ,,საზოგადოებრივი    დამცველი“)    საჩივრით    (Nშ-20-9/5256; 07.10.2020) მიმართა ფიზიკურმა პირმა გ. ყიფიანმა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების და რეკლამების დღის საათებში ჩვენების გამო.

გ. ყიფიანის საჩივრის თანახმად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ ა/წ  7 სექტემრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე 15:00 საათიდან აჩვენებდა სერიალს „ანტიმაფია“, კატეგორიით (U) ძალადობის სცენებით, მაშინ, როდესაც ამ კატეგორიის ფილმების ჩვენება დაშვებულია 21:00 საათიდან. ასევე, შპს   ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ აჩვენებდა სერიალს „კრიმინალური აზროვნება“ ასაკობრივი კატეგორიით (12) წამებისა და განსაკუთრებული სისასტიკის ძალადობის სცენებით (7, 16, 25 სექტემბერს 19:00 საათიდან, 29 სექტემბერს წამების სცენები 20:00 საათზე). შპს ,,ჯი-დ-ეს თი-ვიმ“ ა/წ 29 სექტემბერს აჩვენა სერიალი „დაკარგულნი“ (მკვლელობის სცენა) დილის საათებში და ამავე დღეს აჩვენა სერიალი „მზარეულები“ ბილწსიტყვაობით კატეგორიით (U) 10:56 საათზე.

გ. ყიფიანის საჩივრის თანახმად, ტელეარხ „მარაოს“ (შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“) სამაუწყებლო ბადეში სისტემატიურად განთავსებული იყო   ფილმები ასაკობრივი კატეგორიის მითითების გარეშე,   კერძოდ, ა/წ   21 სექტემბერს დილის 09:00 საათზე განთავსდა ფილმი “ვიოლეტი და დეიზი” ძალადობის სცენებით, ხოლო ა/წ 23 სექტემბერს დილის 09:00 საათზე განთავსდა ფილმი „ის მომდევს“(“It Follows”) ძალადობისა და სექსის სცენებით.   ეს ფილმები ასევე ნაჩვენები  იქნა წინა დღეებში  16:30 საათზე ასაკობრივი კატეგორიის გარეშე. ყველა ზემოთ დასახელებული ფილმი მიჩნეულია როგორც მწარმოებელი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მიერ 14 და 16 წლამდე შეუფერებლად. ეს ფილმები ასევე ნაჩვენები იქნა წინა დღეებში 16:30 საათზე ასაკობრივი კატეგორიის გარეშე. ყველა ზემოთ დასახელებული ფილმი მიჩნეულია როგორც მწარმოებელი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მიერ 14 და 16 წლამდე შეუფერებლად.

გ. ყიფიანის  საჩივარში  აღნიშნულია,  რომ შპს  „სამაუწყებლო  კომპანია  რუსთავი-2“ და ,,ტელეიმედი“ ეთერში გადასცემდნენ აზარტული თამაშების   ხელშემწყობ ინფორმაციას (რეკლამას), აზარტულ თამაშებში მონაწილეობის პროპაგანდის და მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით, რადგან რეკლამებში ასეთი ტექსტებია: ,,ბეთლაივი“ - ,,აირჩიე საჩუქარი“,  ,,კროკობეთი“ - ,,მოიგე მილიონი ერთი სპინით, გახდი მილიონერი, მიიღე  შენი  წილი“;  ,,კრისტალბეთი“  -  ,,აიწყე  ცხოვრება ერთ  წამში,  მოიგე  წილი“; ,,აჭარაბეთი“ - ,,ყველა  ბილეთი იგებს“. საჩივრის ავტორი  მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმების და აზარტული თამაშების რეკლამის ჩვენებით, დასახელებული მაუწყებლების მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად,  ის მოითხოვს მაუწყებლების მიერ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმების და აზარტული თამაშების რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ გადატანას 22:00 და 24:00 საათის შემდეგ და დამრღვევ პირთა მიმართ სანქციის გამოყენებას.

საზოგადოებრივი დამცველის მიმართვას ასევე ერთვის კომისიის  აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2206; 02.11.2020), რომლის თანახმად,, საზოგადოებრივი დამცველის  მიმართვის (N20-10-2075; 08.10.2020) საფუძველზე დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 21 სექტემბერს დილის 9 საათზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხი „მარაოს“ ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმი „ვიოლეტი და დეიზი““ მოიცავდა მკვლელობის კადრებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კანონის 562-ე მუხლის თანახმად, ძალადობის ამსახველი სცენის ახლო ხედით ჩვენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას გააჩნია შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური დანიშნულება, წარმოადგენს პროგრამის 18 წლამდე შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველს.

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, დეპარტამენტმა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ორგანიზაცია ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association of America – MPAA) მიერ, რომელიც მხატვრული ფილმების მწარმოებელი სტუდიების მიერ დაფუძნებული    გაერთიანებაა    და    რომლის    ძირითად    საქმიანობასაც    ფილმების შინაარსობრივი კატეგორიზაცია წარმოადგენს, ფილმისათვის მინიჭებულია R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის და დამატებით მოითხოვს მშობლის თანდასწრებას ფილმის ყურების პროცესში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 561  მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება 6-24 საათის პერიოდში. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ განხილული ფილმი „მარაოს“ ეთერში დილის 9 საათზე იყო ნაჩვენები, რაც დასტურდება როგორც მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი საეთერო ჩანაწერით, აგრეთვე,  მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადით.

აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,სამაუწყებლო რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხის „მარაოს“ ეთერში, 23 სექტემბერს დილის 9 საათზე გასული მხატვრულ ფილმი „ის მოგდევს“ (,,It Follows“) მოიცავდა ძალადობისა და სქესობრივი აქტის სცენებს, რომლებიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562-ე მუხლის თანახმად, ექცევა 18 წლამდე არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელ პროგრამათა კატეგორიაში.

აუდიოვიზუალური  მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ჯი- დი-ეს თი-ვი“   ყოველ დღე, 15:00 საათზე ანთავსებს ეთერში სერიალს „ანტიმაფია“, რომელიც მაუწყებლის მიერ ნიშანდებულია კატეგორიით უნივერსალი - სიმბოლო U წრეში და რომელიც შეიცავს ისეთ სცენებს, სადაც ნაჩვენებია წამება, მკვლელობა, ძალადობა, სექსუალური სცენები. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 561 მუხლის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმი პროგრამას 18 წლამდე ასაკისათვის შეუსაბამოდ მიიჩნევს და მისი განთავსების შესაძლებლობას მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ უშვებს.

აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ძალადობის, მკვლელობის, წამებისა და თვითმკვლელობის მცდელობის სცენებს მოიცავს შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ  ა/წ 7 სექტემბრიდან 29 სექტემბრის პერიოდში, 19:00 საათზე ეთერში განთავსებული სერიალი „კრიმინალური აზროვნება“, რომელიც მაუწყებლის მიერ ნიშანდებულია, როგორც 12 წლამდე არასრულწლოვნებისათვის შეუსაბამო პროგრამა. ასევე, მკვლელობის სცენაა ასახული 29 სექტემბერს, 20:00 საათზე ტელეკომპანია ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებულ სერიალ „დაკარგულებშიც“.

მაუწყებელთა ეთერში განთავსებულ აზარტული თამაშების რეკლამებთან დაკავშირებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ვალდებულებები მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამების კატეგორიზაციისა და სამაუწყებლო ბადის აღნიშნული კატეგორიების გათვალისწინებით დაგეგმვის შესახებ, დეპარტამენტის მოსაზრებით,   მხოლოდ პროგრამებზე ან/და ანონსებზე ვრცელდება, ხოლო პროგრამა განიმარტება როგორც პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში განთავსებული ტელერადიოპროდუქცია. რადგანაც რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი განმარტების თანახმად, არ წარმოადგენს პროგრამას, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით კანონით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომისიაში ასევე, შემოსულია დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის და სხვათა საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-9/5262; 08.10.2020) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების და რეკლამების დღის საათებში ჩვენების გამო. შესაბამისად, ისინი მოითხოვენ მაუწყებლების მიერ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმების და აზარტული თამაშების რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ გადატანას 22:00 და 24:00 საათის შემდეგ და დამრღვევ პირთა მიმართ სანქციის გამოყენებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი- დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანის, დეკანოზ ა. მინდიაშვილის და სხვათა საჩივრების განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2020 წლის 12 ნოემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (Nგ-20-03/3523;  06.11.2020;  Nგ-20-03/3522; 06.11.2020;  Nგ-20-03/3589;  09.11.2020;  Nგ-20-03/3590; 09.11.2020; N გ-20-03/3591; 09.11.2020) ეცნობათ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანს, დეკანოზ ა. მინდიაშვილს და საჩივრის სხვა ავტორებს მათ მიერ საჩივრებში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ასევე ეცნობათ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედს“. საჩივრის ავტორებს ასევე, ეთხოვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და შვილების დაბადების მოწმობების ასლების კომისიაში წარმოდგენა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ გ. ყიფიანი და დეკანოზ ა. მინდიაშვილისა და სხვათა საჩივრის თანაავტორი გ. გოცირიძე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დეკანოზ ა. მინდიაშვილის და სხვათა საჩივრის (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) ავტორებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ კომისიის სხდომას, კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ეცნობათ საჩივარში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო საჩივრის ავტორთა მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა დეკანოზ ა. მინდიაშვილის და სხვათა საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი, მათ შორის, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნული საჩივრის ერთ-ერთი ავტორი გ. გოცირიძე ესწრებოდა კომისიის სხდომას.

კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ასევე, ესწრებოდნენ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი გ. ჩხეიძე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი ა. ბურდილაძე, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

2. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562  მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა) 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების,    რეკლამისა    და    სპონსორების    შესახებ    ინფორმაციის    საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561  ან 562  მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი;

8. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  177-ე მუხლის  მე-4  ნაწილის შესაბამისად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული   ადმინისტრაციული   ორგანოს   გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

კომისია აღნიშნავს, რომ გ. ყიფიანი ასაჩივრებს მაუწყებლების, კერძოდ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (სამაუწყებლო არხი ,,მარაო“) და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში განთავსებას და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების დარღვევას, ასევე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ტელეიმედის“ მიერ  აზარტული თამაშების რეკლამების ეთერში განთავსებას და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების დარღვევას. დეკანოზ არჩილ მინდიაშვილი და სხვები ასაჩივრებენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების და აზარტული თამაშების რეკლამების ეთერში განთავსებას და მაუწყებელთა მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვების დარღვევას. ორივე საჩივრის შემთხვევაში საჩივრის  ავტორები  ითხოვენ  მაუწყებლების  მიერ  არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმების და აზარტული თამაშების რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ გადატანას 22:00 და 24:00 საათის შემდეგ და დამრღვევ პირთა მიმართ სანქციის გამოყენებას.

კომისიამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა საჩივრებში აღნიშნული საკითხები კომისიის რეგულირების სფეროს და წარმოადგენენ თუ არა საჩივრის ავტორები დაინტერესებულ პირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ზოგად წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებების კოდექსი“, რომლის მიხედვით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი  ინფორმაციისგან  ბავშვის  დაცვას  ზედამხედველობს  კომისია  (იხ. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლი). ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროით შეზღუდვებს, ხოლო 562 მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კატეგორიებს. აღნიშნული მუხლები  არ  შეიცავენ  მსგავს  წესებს  სამაუწყებლო  რეკლამებთან  მიმართებით.  უფრო მეტიც, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისევე, როგორც ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ არ შეიცავს მსგავს წესებს სამაუწყებლო რეკლამებთან მიმართებით და ასევე, არ შეიცავენ აკრძალვებს აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონით. ამავე კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის სპეციალურ წესებს. ასევე, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით აკრძალვებია დაწესებული ალკოჰოლიანი სასმელების და თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამების მიმართ. აღნიშნული კანონი ასევე, არ შეიცავს აკრძალვას აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით.

2019 წლის 20 სექტემბრის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“    საქართველოს    კანონზე    (5021-Iს)    საქართველოს    პარლამენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი1“ ქვეპუნქტის პროექტი ადგენს მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამებზე კონტროლის უფლებამოსილებას.

,,ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კოდექსის მე-9 თავი (62-68 მუხლები) აწესრიგებს ბავშვის დაცვას მედია სივრცეში, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მასმედიის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვები. შეზღუდვებს საფუძვლად უდევს ბავშვის ასაკობრივი ზღვარი და დღეღამის კონკრეტული დროის მონაკვეთი. განმარტებით ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანიები ვალდებულნი არიან ფილმების და გასართობი პროგრამების მაუწყებლობა მოახდინონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების საფუძველზე. სატელევიზიო გადაცემებისთვის განსაზღვრული ნიშანდების რეგულაცია ვრცელდება, ასევე, საჯარო კინოჩვენებებზე და კომპიუტერულ პროგრამებზე.

ამდენად, როგორც თავად საკანონმდებლო დანაწესებიდან, ასევე, საქართველოს პარლამენტის განმარტებითი ბარათებიდან დგინდება, რომ კომისიის უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის შეუფერებელი ინფორმაციის განთავსების დროითი შეზღუდვების დაცვაზე ვრცელდება მხოლოდ პროგრამებზე.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის   ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

ფიზიკურ პირ გიორგი ყიფიანს კომისიაში არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ის წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის და სხვათა საჩივართან დაკავშირებით, არასრულწლოვან შვილთა დაბადების   მოწმობები   წარმოადგინეს   საჩივრის   შემდეგმა   ავტორებმა:   ალექსანდრე მახაშვილმა, გიორგი გოცირიძემ და შორენა თოფურიამ. მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დაბადების მოწმობების საფუძველზე დგინდება, რომ ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ აქვთ უფლება საჩივრით მიმართონ კომისიას და მოითხოვონ მაუწყებელთა მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი- ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის განხილვის მიზნით მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვების სავარაუდო დარღვევის ნაწილში, ხოლო იგივე საჩივარი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი- დი-ეს თი-ვის“   წინააღდეგ მაუწყებელთა მიერ აზარტული თამაშების რეკლამების განთავსების ნაწილში და ასევე, საჩივარზე ხელმომწერ სხვა პირთა: დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის და სხვათა მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

კომისიას ასევე მიაჩნია, რომ   განუხილველად უნდა დარჩეს გ. ყიფიანის საჩივარი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით  ან  დაინტერესებული  პირის  მიმართვის  საფუძველზე  განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.

მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლების მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულების სავარაუდო დარღვევის საკითხის განხილვა არ არის ინიცირებული კომისიის მიერ, არამედ აღნიშნული საკითხის განხილვას ითხოვენ მოქალაქეები. გ. ყიფიანის, დეკანოზ ა. მინდიაშვილის და სხვათა საჩივრების განხილვაზე უარის თქმა შედეგად არ გამოიწვევს მაუწყებლის მიერ კანონის სავარაუდო დარღვევის საკითხის რეაგირების მიღმა დარჩენას, რადგან იგივე საკითხი (გარდა აზარტული თამაშების რეკლამების განთავსების საკითხისა) იმავე მაუწყებლების მიმართ კომისიის მიერ განხილული იქნება ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრისა და ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“  წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) განხილვის მიზნით მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვების სავარაუდო დარღვევის ნაწილში;

2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“   წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივარი (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) მაუწყებელთა მიერ აზარტული თამაშების რეკლამების განთავსების ნაწილში და ასევე, ამავე საჩივარზე ხელმომწერ სხვა პირთა მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად;

3.   შპს   ,,სამაუწყებლო   კომპანია   რუსთავი   2“-ის,   შპს   ,,ჯი-დი-ეს   თი-ვის“   და   შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ გიორგი ყიფიანის საჩივარი დარჩეს განუხილველად;

4. ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);

ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ შპს ,,ტელეიმედისთვის“ და საჩივრების ავტორებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან;

7.  გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

8.   გადაწყვეტილება   (გარდა   მე-2 და  მე-3   პუნქტებისა)   ცალკე   გასაჩივრებას   არ ექვემდებარება;

9. გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების     დამოწმებული     ასლის  მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები