წვდომის მენიუ

„ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-20-23 / 965

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2021 12:54

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2020

„ადგილობრივი     მაუწყებლობის      ზონალური      დაყოფის      შესახებ“      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების   მიღების   მიზნით   საჯარო   ადმინისტრაციული   წარმოების   დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად.   ამავე კანონის 76-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, კომისიის ვალდებულებას წარმოადგენს ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ დადგენილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2006 წლის 5 დეკემბერს მიიღო №10 დადგენილება ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ და საქართველოს ტერიტორია დაიყო 25 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონად (დანართი 1).

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის დანერგვის და ფუნქციონირებისათვის ITU-ს მიერ (გეგმით - ჟენევა 06) განსაზღვრული იქნა სამაუწყებლო ზონები, რომელთა მოხაზულობის ფარგლებში (ITU-ს პირველი რეგიონის ქვეყნებისთვის) განაწილებული იქნა მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონების სატელევიზიო არხები ურთიერთშესათანხმებლად. ამ განაწილების მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაიყო 10 საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების ზონად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2011 წლის 01 აპრილის №2 დადგენილებით ცვლილება შევიდა კომისიის  2006 წლის  5 დეკემბერის  №10  დადგენილებაში  და  საეთერო  მაუწყებლობის მომსახურების ზონებად კომისიამ განსაზღვრა ჟენევა 06 გეგმით განსაზღვრული საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა (დანართი 2), ნაცვლად ანალოგური მაუწყებლობის პირობებში 2006 წლის 05 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრული

25 საეთერო სამაუწყებლო ზონისა, რაც ძირითადად შექმნილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის და ადგილობრივი ანალოგური სამაუწყებლო კომპანიების გადამცემებით გასხივებული  სიგნალებით მოცული გეოგრაფიული ზონებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ჟენევა 06 გეგმით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონების მოხაზულობა არ ემთხვევა ქვეყნის მთიანი რელიეფით გამოყოფილი, შედარებით ერთგვაროვანი რელიეფის მქონე ტერიტორიების კონფიგურაციას. მეტრული და დეციმეტრული ტალღების რეალურ გარემოში გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე ერთი ან რამდენიმე გადამცემით მოცული ტერიტორიის მოხაზულობა მნიშვნელოვნად განპირობებულია მთაგორიანი რელიეფის და ტერიტორიების პირობითად გამყოფი ქედებით. საქართველოს ადმინსტრაციული ერთეულებიც (რეგიონები) ძირითადად შემოსაზღვრულია ასეთი მთიანი მასივებით, შესაბამისად რადიოტალღების გავრცელება, არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, ემთხვევა ამ ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლულ გეოგრაფიულ ტერიტორიებს. რადიოტალღების  გავრცელების  ტოპოლოგიის  და  სამაუწყებლო  ციფრული  ზონების ასეთი შეუთავსებლობის (დანართი 3) მიუხედავად, ჟენევა 06 გეგმით განაწილებული ციფრული სატელევიზიო არხების სამაუწყებლო ზონების მიხედვით დაგეგმარება განხორციელდა იმგვარად, რომ შენარჩუნებული იქნა ციფრული სატელევიზიო გადამცემების ურთიერთთავსებადი ფუნქციონირება, რამაც გამორიცხა ინტერფერენციის წარმოქმნის საფუძვლები.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით დასრულდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი და მულტიპლექსების შესაბამისი სამაუწყებლო ქსელებისთვის სრულად დაგეგმარდა რადიოსიხშირული რესურსი, საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების ზონების საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად შენარჩუნება მხოლოდ FM (87.5-108 მჰც) მოდულაციის და VHF III (174-240 მჰც) დიაპაზონში ციფრული DAB რადიომაუწყებლობისთვის (რომლის უმეტესი ნაწილი უკვე განაწილებულია ადგილობრივი მიწისზედა ციფრული სატელევიზიო ქსელებისთვის) განსაზღვრულ სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სამაუწყებლო არხების დაგეგმარებასა და სიხშირული მინიჭებებისათვის არის განპირობებული. ასეთ შემთხვევაში ბევრად რთულდება ზონალური პრინციპით ანალოგური მოდულაციის (FM) რადიოსამაუწყებლო ქსელების შესაბამისი სიხშირული რესურსის ეფექტიანი განაწილება. აღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების ზონების შენარჩუნება აღარ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, მომზადდა ზონალური დაყოფის ახალი პროექტი, რომლის პროცესშიც გამოყენებული იქნა პროგრამული უზრუნველყოფა ICS telecom-ი. პროექტის ფარგლებში შედგა ვირტუალური მოდელი, რომელიც დაკომპლექტდა ყველა ექსპლუატაციაში მყოფი საიტის და დაგეგმილი ახალი საიტების ტექნიკური მონაცემებით, გათვალისწინებული იქნა არსებული საკომუნიკაციო ანძების ფიზიკური პარამეტრები და პრაქტიკაში არსებული გამოცდილების მიხედვით განხორციელდა FM გადამცემებით შექმნილი სამაუწყებლო სიგნალების გავრცელების ვირტუალური მოდელირება. ასევე პროგრამული უზრუნველყოფა ICS telecom-ის ერთერთი ოფციის (Best Server) გამოყენებით განისაზღვრა ეფექტური მაუწყებლობის ზონები, რომელთა ერთობლიობით ჩამოყალიბდა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა (იხ. დანართი 4). აღსანიშნავია, რომ ის ტერიტორიები, რომელთა დაფარვა მაუწყებლობის მდგრადი მიღების დონეებით შეუძლებელია, მიკუთვნებულია მოცემული ადმინისტრაციული ერთეულის (რეგიონის) საზღვრების შესაბამის ზონაში. თითოეული საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონის კონტური დეტალურად არის წარმოდგენილი ციფრულ ფორმატში დანართი 5-ით.

ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში  ცვლილების    შეტანის    მიზნით    და    აღნიშნული    დადგენილებით დღეისათვის არსებული 10 საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების ზონის ნაცვლად ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვროს 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა (დანართი 4-ის შესაბამისად). ამასთან, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ამ დადგენილების მოქმედება არ გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ ლიცენზიებზე და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების შემთხვევებში. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების მოქმედების ვადის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელება ხდება ამ ლიცენზიებით გათვალისწინებული მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების ტერიტორიების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 11 თებერვალს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ნ. ასპანიძე) დადგენილების პროექტის მომზადება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება ცალკე   გასაჩივრებას  არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

7.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარატამენტს (ნ. ასპანიძე).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი 

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები