შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2020 17:44
მიღების თარიღი ივნისი 04, 2020
შპს „მედია ჯგუფის“კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად (N20-10-755 19.03.2020) რადიომონიტორინგის სისტემის, დასავლეთ საქართველოში (ურთა) განთავსებული სტაციონარული სადგურიდან ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ შპს „მედია ჯგუფის“ რადიოსადგური (FM96.3 მჰც) არ ფუნქციონირებს 2019 წლის 12 დეკემბრიდან. სამსახურებრივი ბარათს თან ერთვის მონიტორინგის შედეგები 2019 წლის 12 დეკემბრიდან 2020 წლის 19 მარტამდე პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჯგუფი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიას 2026 წლის 4 მარტამდე კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, აფხაზური;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ზუგდიდი, ურთას მთა |
96.3 |
FM |
V |
წრიული |
500 |
42°24'49.61"N 41°49'5.40"E |
25 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2020 წლის 16 აპრილს კომისიის №გ-20-23/398 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 21 მაისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 21 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „მედია ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი ბანძელაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ როგორც კომისიისთვის ცნობილია, ურთას მთაზე არ არის სატელევიზიო ანძა, ამჟამად მათი გადამცემი განთავსებულია ინტერნეტის მიმწოდებელ კომპანიასთან, სადაც ელექტროენერგიის მისაყვანად შპს „მედია ჯგუფს“ მოუწია ცალკე 1,5, კმ სიგრძის მაგისტრალის გაყვანა. აღნიშნული სადენის დაზიანებამ გამოიწვია რადიოს გათიშვა. დღეის მდგომარეობით თითქმის აღმოფხვრილი აქვთ დაზიანება და იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, შეუძლიათ 1 კვირაში აღადგინონ მაუწყებლობა. ირაკლი ბანძელაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ ოთხი ლიცენზია და რადიომაუწყებლობას ახორციელებენ ოთხ ქალაქში. აქედან მხოლოდ ერთ ქალაქში არ ხორციელდებოდა მაუწყებლობა, რაც გამოწვეული იყო იმის გამო, რომ ურთას მათაზე სიგნალის მიწოდება ხდება ინტერნეტის საშუალებით ქ. თბილისში განთავსებული კომპანიის სტუდიიდან, კომპანიას ურთას მთიდან უკუსიგნალი არ მიეწოდება და ამიტომ იყო მათთვის უცნობი რადიოს გათიშვის ფაქტი. აღნიშნული არ მომხდარა შეგნებულად ან ხარჯის გამო.
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაწყებულია წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნით რადიომაუწყებლობის შეწყვეტის გამო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომისია მსგავს საკითხს იხილავს; მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ერთ სუბიექტს ოთხი ლიცენზია აქვს თუ არა, არამედ კომისიისთვის ამოსავალი არის კონკრეტული ლიცენზია და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კონკრეტული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას არეგულირებს. თუ კომპანია 3 თვის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრულ საზღვრებში არ მაუწყებლობს, ეს დირექტიულად კონკრეტული ლიცენზიის გაუქმების საფუძველია. შპს „მედია ჯგუფს“ კონკრეტული ლიცენზიის ფარგლებში სრულად ჰქონდა გათიშული მაუწყებლობა სამაუწყებლო ზონაში 3 თვის განმავლობაში; კომპანიას 3 თვის განმავლობაში არ შეუმოწმებია მიეწოდებოდა თუ არა რადიოსიგნალი მსმენელს. კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რადიომაუწყებელს რომელსაც ჰყავს მენეჯმენტი, ამზადებს გადაცემებს, ანთავსებს რეკლამას, რთულად დასაჯერებელი და წარმოსადგენია არ ჰქონდეს ინფორმაცია რადიოსიგნალის მსმენელისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემის ავტორს აინტერესებს აუდიტორია, ვისთვისაც გადაცემას აკეთებს, რეკლამის დამკვეთს აინტერესებს, რადიოს აქვს თუ არა წვდომა აუდიტორიასთან, ვის გამოც რეკლამა ან სპონსორობის შესახებ ინფორმაცია განათავსა, გაურკვეველია რადიოს მფლობელი, მენეჯმენტი, რეკლამის განთავსების დამკვეთი, გადაცემის ავტორები, ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი რატომ არ დაინტერესდა და არ გაარკვია, მაუწყებლობდა თუ არა შპს „მედია ჯგუფი“ ქ. ზუგდიდში.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 4 სამუშაო დღე - 2020 წლის 28 მაისი. კომისიის 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე, საკითხის განხილვა კვორუმის არ არსებობის გამო (სხდომას ესწრებოდნენ ზეპირის მოსმენის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრებიდან მხოლოდ ორი კახი ბექაური და ელისო ასანიძე) გადატანილ იქნა 2020 წლის 4 ივნისს.
კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მედია ჯგუფის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან შპს მედია ჯგუფის“ მიერ ქ. ზუგდიდში არ ხორციელდება რადიომაუწყებლობა 2019 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმება და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილება;
2. განემარტოს შპს „მედია ჯგუფს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედია ჯგუფისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მედია ჯგუფისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „მედია ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
