შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2020 17:32
მიღების თარიღი ივნისი 04, 2020
შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 12 ივნისს კომისიამ მიიღო დადგენილება N1 „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში და განხორციელდა ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2500-2690 მჰც დიაპაზონის, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის ეროვნულ დონეზე განაწილება.
კომისია აღნიშნავს, რომ ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05 გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ და ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში შპს „ტვ სარფი“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №394/5 გადაწყვეტილების თანახმად ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას შემდეგი პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;
ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;
გ) გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;
ე) შპს „ტვ სარფი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 ივნისის №1 დადგენილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2500-2700 მჰც რადიოსიხშირული ზოლები წერტილი-მრავალწერტილი სისტემით განისაზღვრა დროებითი სარგებლობისათვის. აღნიშნული სიხშირული ზოლი მოიცავს შპს „ტვ სარფის“ სარგებლობაში არსებული №F8 ლიცენზიით განსაზღვრულ რადიოსიხშირულ რესურსს (2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც). კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-861, 08/04/2020) შესაბამისად შპს „ტვ სარფი“, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8ლიცენზიის საფუძველზე, MMDS სისტემით (წერტილი-მრავალწერტილი არქიტექტურით) იყენებს 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც სიხშირულ რესურსს. მაღალი ეფექტური გასხივების სიმძლავრის მქონე გადამცემი მოწყობილობები დამონტაჟებულია ქ.თბილისში, მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე, საიდანაც ხდება MMDS სისტემის სამაუწყებლო სერვისის მიწოდება მომხმარებლებამდე. რაც თავის მხრივ ითვალისწინებს მთლიანი, 48 მჰც + 56 მჰც ზოლის სიხშირული სპექტრის გამოყენებას ერთი წერტილიდან გასხივების მეშვეობით. რაც შეეხება ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 2008 წლის 2500-2690 მჰც დიაპაზონის ჰარმონიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების (2008/477/EC) საფუძველზე FDD რეჟიმით გადაცემისას 2500-2570 მჰც გამოიყენება FDD uplink-ისათვის და 2620-2690 მჰც გამოიყენება FDD downlink-ისათვის, და განკუთვნილია მობილური/ფიქსირებული კავშირის ქსელებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ uplink-სა და downlink-ს შორის, არსებული სიხშირული ზოლი (2570-2620 მჰც) გამოყენებადია, როგორც TDD-სათვის ასევე დამატებითი FDD downlink- ისათვის 5მჰც-იანი ზოლებით.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-861, 08/04/2020) თანახმად, აღნიშნული ორი სხვადასხვა სტანდარტის ტექნოლოგიის ერთობლივი გამოყენება შეუძლებელია. ასევე აღსანიშნავია რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა ითვალისწინებს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებებს, რომელიც ტექნიკურად შეუძლებლად ხდის MMDS სისტემის გამოყენებას აღნიშნულ დიაპაზონში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დღეს მოქმედი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიით გათვალისწინებული წერტილი- მრავალწერტილი სისტემის (MMDS) ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნება, თანაარსებობა, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად და ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებთან და ტექნიკური პირობებთან.
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 ივნისის №1 დადგენილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2500-2690 მჰც დიაპაზონის განაწილება პერსპექტივაში უნდა მოხდეს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC905)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად და განკუთვნილი უნდა იყოს მობილური/ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია, ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს: არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ამ მუხლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2020 წლის 10 აპრილის N გ-20-03/1280 წერილობითი შეტყობინებით, შპს „ტვ სარფს“ ეცნობა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლებაზე უარის თქმის განზრახვისა და აღნიშნულის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 2020 წლის 16 აპრილს კომისიის №გ-20-23/ 400 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 21 მაისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 21 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენლები - ლიკა გახარია და ნინო სოსელია. სხდომაზე ნინო სოსელიამ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვას ფორმალური სახე აქვს, ვინაიდან გადაწყვეტილების პროექტშივე ჩანს კომისიის გადაწყვეტილება - არ გააგრძელოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადა. ევროკავშირის დირექტივა და საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი ფორმალურად ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა როდესაც ევროკავშირმა ეს დირექტივა მიიღო და ცვლილება შევიდა საქართველოს კანონში, მართლაც იყო დაგეგმილი, რომ აღნიშნული სიხშირული დიაპაზონი მობილური კავშირებისთვის ყოფილიყო გამოყენებული და ამ შემთხვევაში მართლაც შეუძლებელი იქნებოდა MMDS სისტემით მაუწყებლობა. თუმცა ტექნოლოგიები განვითარდა და 5G ტექნოლოგია ამ რესურსს მობილური კავშირებისთვის აღარ იყენებს. LTE სისტემაც უფრო დაბალი სიხშირეებით ჩანაცვლდა. ამ დიაპაზონში FDD სისტემის დაგეგმვა მოძველებულია და თანამედროვე ტექნოლოგიები ამ სიხშირეებს ამ დანიშნულებით აღარ იყენებს. შპს „ტვ სარფს“ აქვს მთლიანი სისტემა აწყობილი ამ დიაპაზონზე, იყენებს წარმატებით, ჰყავს მომხმარებლები, რომლებსაც მიეწოდება მომსახურება. სხვა სისტემაზე ამ მომსახურების გადაწყობა ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამ დიაპზონის გამონთავისუფლებით გაჩნდება შავი ხვრელი, ვინაიდან ტექნოლოგიები განვითარდა და ამ დიაპაზონის გამოყენება აღარ ხდება FDD ტექნოლოგიისთვის.
კომისიის სხდომაზე ასევე აზრი გამოთქვა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 3 წელიწადში კოლოსალურ წინსვლას ვერ განიცდის. ამ ფონზე კომპანიის საქმიანობის შეწყვეტა, მისი აზრით, არ არის კომისიის ინტერესში. იგი იმედოვნებს, რომ კომპანიას, რომელიც მესამე ადგილზეა ამ ბაზარზე აბონენტების რაოდენობით, კომისია ალტერნატივას შესთავაზებს.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოება იმართება იმისთვის, რომ ეცნობოს შპს „ტვ სარფს“ რომ 3 წლის შემდეგ, როდესაც ლიცენზიას მოქმედების ვადა ამოეწურება, შესაძლოა კომისიამ აღარ გაუგრძელოს მას ვადა. კომპანიის მხრიდან გაკეთდა მძიმე შეფასებები, რაც რეალობასთან არ არის ახლოს. გაჟღერდა, რომ კომისია იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არ არის დაფუძნებული. შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას ჰქონდა 10 წლიანი ვადა, ლიცენზიას ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა, შესაბამისად 20 წლიანი ციკლი ბიზნესისთვის სრული ციკლია. კომუნიკაციების სწრაფად განვითარებად სფეროში 20 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე ტექნოლოგით მომსახურების მიწოდება ძველ პოზიციაზე დარჩენაა. კომისია ორიენტირებულია, რომ კომპანიებმა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენონ და მათი დანერგვისთვის ყველა შესაძლო ზომას იღებს. კომისიის სურვილია დაინერგოს 5G მომსახურება ევროპის და დასავლური სახელმწიფოების პარალელურად და არ ჩამორჩეს პროცესს. შესაბამისად, შეფასებას, რომელიც შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელმა გააკეთა, ვერ მიიღებს. 4G არ არის ტექნოლოგია, რომელიც კვდება, 5G ავსებს 4G-ს, რომელიც ახლაც ვითარდება და მომავალშიც განვითარდება. მისი აზრით, საქართველოში ამ სიხშირულ სპექტრში და საერთოდ ყველა მიმართულებით, ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს.
მან, ასევე აღნიშნა, რომ კომისია ორიენტირებულია გაითვალისწინოს ბაზრის მოცემულობა და მის სწრაფად, მაგრამ ევოლუციურად განვითარებას შეუწყოს ხელი. განვითარების ტემპი არ უნდა იყოს ისეთი, რომ ბაზარი დაზიანდეს. კომისია ცდილობს აცალოს კომპანიებს ევოლუცია და ისეთ კომპანიას, როგორიცაა შპს „ტვ სარფი“, მიეცეს საშუალება მოდერნიზდეს და გაიძლიეროს პოზიციები ბაზარზე, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურებაც გაზარდოს. შპს „ტვ სარფს“ 3 წელი აქვს წინ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ბიზნესის საკეთებლად. ამ წარმოების მიზანია, რომ კომისიამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 3 წლით ადრე შეატყობინოს კომპანიას, რომ მის მიერ დაკავებული სიხშირული ბენდი შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა ტექნოლოგიებისთვის.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 4 სამუშაო დღე - 2020 წლის 28 მაისი. კომისიის 28 მაისის სხდომაზე, საკითხის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო (სხდომას ესწრებოდა ზეპირის მოსმენის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრებიდან მხოლოდ ორი კახი ბექაური და ელისო ასანიძე) გადატანილ იქნა 2020 წლის 4 ივნისს.
კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი ნინო სოსელია. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2500-2690 მჰც დიაპაზონის განაწილება კომისიის მიერ პერსპექტივაში უნდა მოხდეს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC905)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად და განკუთვნილი უნდა იყოს მობილური/ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN). შესაბამისად ვინაიდან შეუძლებელია დღეს მოქმედი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიით გათვალისწინებული წერტილი-მრავალწერტილი სისტემის (MMDS) ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნება, თანაარსებობა, მობილური/ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან და პირობებთან, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის (22.04.2023) ამოწურვის შემდგომ კომისიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად მისი მოქმედების ვადის გაგრძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VII და IX თავებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა
1. არ გაუგრძელდეს შპს „ტვ სარფს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადა, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის (22.04.2023) ამოწურვის შემდგომ;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
