შპს „ორბის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 11:30
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020
შპს „ორბის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ორბი“ (ს/კ215118904) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2020 წლის 18 სექტემბრის (Nშ-20-10-1898), აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის (Nშ-20-10-1879) და ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის (Nშ-20-10-1878) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ორბი“ 2019 წლის ივნისის თვიდან ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. შპს „ორბი“ კომისიაში 2019 წლის ივლისის თვიდან წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, ხოლო წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური 23,44 ლარი. შპს „ორბი“ ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მაუწყებლობის ტრანზიტს არ ახორციელებს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ორბის“ ავტორიზაციის შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის პირველი ოქტომბერი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
შპს „ორბის“, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა 2020 წლის 22 სექტემბერს ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2020 წლის 22 სექტემბერს კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე.
კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ორბის“ წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ორბის“ დაუსწრებლად. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ორბის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „ორბს“ ს/კ215118904 ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოს შპს „ორბს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. განემარტოს შპს „ორბს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) შპს „ორბისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
