წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 193

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2020 22:18

მიღების თარიღი მარტი 02, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-3/1069, 28.02.20 და №შ-20-3/1074, 29.02.20) მომართა 2020 წლის 3-4 მარტს ქ. თბილისში დაგეგმილ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, რადიოკავშირისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს   ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის   შესაბამისად   გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა ა/წ 28 თებერვალს, ხოლო რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტმა   №20-10-617 სამსახურებრივი ბარათი წარმოადგინა მ/წ 2 მარტს, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ 2020 წლის 2 მარტს გამოაქვეყნა კომისიის № 9 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაცემის საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2020 წლის 2 მარტს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას  მხოლოდ  2020  წლის  3  მარტიდან  4  მარტის  ჩათვლით საქართველოში დაგეგმილ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება ორი დღის ვადით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას;

ბ)„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებდივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 2278 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 450.000 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ორი დღით - 2020 წლის 3 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით;

2.  დაევალოს კომისიის  აპარატის  სამართლებრივი  დეპარტამენტის ავტორიზაციის  და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის   აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები