წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 384

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2020 9:49

მიღების თარიღი აპრილი 15, 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№0219 13.04.20) რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (№244/13, 25.04.2019) მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნის თაობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ერთ-ერთ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა და კომისიის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 3 ხმა, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 2020 წლის 14 აპრილს კომისიის №18 დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნება, რომელშიც შეტანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2020 წლის 15 აპრილს 15:00 საათზე.

,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-7   მუხლის   მე-6   პუნქტის, „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  471-ე  მუხლის  მე-3 პუნქტის,    საქართველოს    ზოგადი    ადმინისტრაციული    კოდექსის    274-ე    მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24  სექტებრის №507   დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის    მე-7      პუნქტის     შესაბამისად, სახელმწიფო     საიდუმლოების     შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირული ზოლები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უროსსს (ნ. ასპანიძე).

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები