სს „სიქნეტისთვის“, შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „ვიონი საქართველოსთვის“ სპეციალური სოციალური პაკეტის შემოღებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2021 17:32
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020
სს „სიქნეტისთვის“, შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „ვიონი საქართველოსთვის“ სპეციალური სოციალური პაკეტის შემოღებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
I. საქმის აღწერა
2020 წლის 28 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) შემოვიდა სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ ერთობლივი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20 6/6518).
წერილს თან ახლავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წერილები ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების მიმართ. წერილებში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში პანდემიის COVID-19-ის გავრცელების მიზეზით, ზოგადი განათლების საფეხურზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის მარტის თვიდან შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით, მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის შექმნა ვირტუალური კლასები და კერძო და საჯარო სკოლები სრულად დისტანციური სწავლების ფორმატზე გადაიყვანა. სამინისტრომ განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მაისის თვეში ჩაატარა მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი მიმართულება იყო იმ მოსწავლეების და ოჯახების გამოვლენა, ვისაც არ ქონდა წვდომა ინტერნეტზე. სამინისტროს ვალდებულებაა უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ინტერნეტზე წვდომა პირდაპირ კავშირშია განათლების ხელმისაწვდომობასთან და ხარისხთან.
წერილებში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბერის N2376 განკარგულების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაევალა ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკების დაწყება, რომლის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან შეღავათიან ინტერნეტ პაკეტს მიიღებენ. სამინისტროს დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით მოხდა დათვლა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის თვეში 20 GB ინტერნეტი განისაზღვრა, რაც 10 ლარად შეფასდა.
თავის მხრივ სს „სილქნეტი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს „ვიონი საქართველო“ თავიანთ ერთობლივ წერილში გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ითანამშრომლონ სამინისტროსთან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, გააფორმონ მასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი (შემდგომში - მემორანდუმი) და ამ მემორანდუმის ფარგლებში გააკეთონ სპეციალური შეთავაზება სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოწყვლადი სამიზნე ჯგუფებისთვის და შესთავაზონ 20 GB ინტერნეტი 10 ლარად.
ამასთან ოპერატორები წერილში აღნიშნავდნენ, რომ მითითებული შეთავაზება შეიძლება მოიცავდეს გარკვეულ რისკებს ოპერატორებისთვის რადგან პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფისათვის და აღნიშნული შეთავაზები საფასო განაკვეთის და შეთავაზებული მაქსიმალური მოცულობის გათვალისწინებით, მათთვის იქნება წამგებიანი (სუბსიდირებული). აქედან გამომდინარე, ოპერატორები მიმართავენ კომისიას რათა კომისიამ იმსჯელოს აღნიშნული პაკეტის/შეთავაზების თაობაზე და დაადასტუროს რომ მემორანდუმით გათვალისწინებული მომხმარებელთა ჯგუფისათვის მითითებული სატარიფო პაკეტის შეთავაზება არ გამოიწვევს შეთავაზებაში მონაწილე ოპერატორების მიერ მათზე დაკისრებული სპეციფიური ვალდებულებების დარღვევას, რაც შესაძლოა შემდგომში გახდეს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „სილქნეტის“ შესახებ;
2. ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაგთიკომის“ შესახებ;
3. ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ;
4. სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ 2020 წლის 28 დეკემბრის ერთობლივი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20 6/6518);
5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
21.12.2020წ-ის #MES 8 20 0001216597 წერილი შპს „მაგთიკომისადმი“;
6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
21.12.2020წ-ის #MES 1 20 0001216653 წერილი სს „სილქნეტისადმი“;
7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
21.12.2020წ-ის MES 9 20 0001216642 წერილი შპს „ვიონი საქართველოსადმი“.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს „სილქნეტი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
2. სს „სილქნეტი“ კომისიის გადაწყვეტილებებით (267/9, 30.04.2019 და 268/9, 30.04.2019) მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი და ინტერნეტი) საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად.
3. სს „სილქნეტს" აღნიშნული გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს სუბსიდირების აკრძალვის ვალდებულება, კერძოდ, არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
4. შპს „მაგთიკომი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
5. შპს „მაგთიკომი“ კომისიის გადაწყვეტილებებით (267/9, 30.04.2019 და 268/9, 30.04.2019) მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი და ინტერნეტი) საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად.
6. შპს „მაგთიკომს“ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს სუბსიდირების აკრძალვის ვალდებულება, კერძოდ, არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
7. შპს „ვიონი საქართველო“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
8. შპს „ვიონი საქართველო“ კომისიის გადაწყვეტილეით (გ-20-9 / 559 ივნისი, 25 2020) მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი და ინტერნეტი) საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად.
9. შპს „ვიონი საქართველოს“ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს სუბსიდირების აკრძალვის ვალდებულება, კერძოდ, არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
10. სს „სილქნეტმა“, შპს „მაგთიკომმა“ და შპს „ვიონი საქართველომ“ 2020 წლის 28 დეკემბერს ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20 6/6518) მომართეს კომისიას.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, კომისიის ძირითადი ამოცანებია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ამოცანებია: ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობა საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა, აგრეთვე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მიხედვით, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისიამ შეისწავლა წერილში მითითებული მოცემულობა, აღნიშნული პაკეტის მიწოდების პირობები და საფუძველი, ამისთვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრები ოპერატორების წარმომადგენლებთან და განათლების სამინისტროსთან. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ოპერატორების მიერ მოცემული პაკეტის შეთავაზებისთვის განსაზღვრული აბონენტთა სიის - ანუ მომხმარებლის სეგმენტის დადგენა, ისევე როგორც შეთავაზების სატარიფო განაკვეთს დადგენა მოხდა არა აღნიშნული ოპერატორების, არამედ სამინისტროს მიერ. ასევე აღნიშნული პაკეტის მომხმარებელი აბონენტების შემდგომ კონტროლს, კერძოდ კი თუ ვისთვის უნდა გახდეს აღნიშნული შეთავაზება ხელმისაწვდომი, განახორციელებს თავად სამინისტრო. ამასთანავე, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ შეთავაზების საფუძველი არის ძალიან სპეციფიური და უნიკალური, კონკრეტულად კი, ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით გამოწვეული შეზღუდვები და ადამიანის ისეთი ფუნდამენტური ძირითადი უფლებისთვის, როგორიც არის განათლების უფლება, ხელშეწყობისათვის და უწყვეტობისათვის საჭირო ვირტუალური პლატფორმის მხარდაჭერა. ასევე კომისია ითვალისწინებს იმ მოცემულობას, რომ ოპერატორები აღნიშნული პაკეტის შეთავაზებისთვის მზაობას გამოთქვამენ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის და კეთილი ნების ფარგლებში.
კომისია ითვალისწინებს მსოფლიოში პანდემიის COVID -19-ის გავრცელების მიზეზით შემნილ გამოწვევებს და ოპერატორების - შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ გამოთქმულ მზაობას ითანამშრომლონ სამინისტროსთან მათი კეთილი ნების და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და მოახდინონ მითითებული პაკეტის შეთავაზება სამინისტროს მიერ შერჩეული აბონენტთა ჯგუფებისათვის.
კომისია მიიჩნევს რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული პაკეტი განხილულ უნდა იქნას ოპერატორების სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეთავაზებულ არაკომერციულ წინადადებად. აქედან გამომდინარე, ვერ დადგინდება აბონენტთა ჯგუფის სუბსიდირების წინაპირობები და შესაბამისად არ დგება აღნიშნული პაკეტის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლისა და შეფასების წინაპირობები.
ამასთანავე თუ აღნიშნული ტარიფი იქნება სუბსიდირებული, იგი ვერ იქნება გათვალისწინებული მობილური მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი კომერციული საცალო სატარიფო ზღვრული განაკვეთების განსაზღვრის ან დადგენისას.
აღნიშნული პაკეტი ვერ იქნება განხილული როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე შეთავაზებული კომერციული სატარიფო გეგმა შემდეგი სპეციფიური და უნიკალური წინაპირობების გამო:
- სატარიფო შეთავაზების განაკვეთი განსაზღვრულია არა თავად ოპერატორების, არამედ დამოუკიდებელი მხარის (სამინისტროს) მიერ;
- სატარიფო პაკეტის მომხმარებლები მკაცრადაა განსაზღვრული და კონტროლდება სამინისტროს მიერ;
- სატარიფო პაკეტის მოქმედების ვადა შემოსაზღვრულია კონკრეტული პროექტის განხორციელების ფარგლებით;
- პაკეტის მისაწვდომობას ზუსტად ანალოგიური ფასით და პირობებით განახორციელებს სამივე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი - შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო“;
- აღნიშნული შეთავაზება შექმნილია კონკრეტული და სპეციფიური მიზნისთვის - ქვეყანაში არსებული კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დასაძლევად და ადამიანის ისეთი ფუნდამენტური ძირითადი უფლების, როგორიც არის განათლების უფლება, რეალიზება-ხელშეწყობისთვის და უწყვეტი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად;
- აღნიშნული შეთავაზების მიწოდება მოხდება ოპერატორების სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო პანდემიის დასაძლევად სხვა და სხვა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სექტორის ოპერატორების მიერ განხორციელდა არაერთი მსგავსი სოციალური პროექტი. აღნიშნული ინიციატივები სექტორის მარეგულირებლების მიერ განიხილებოდა როგორც არა კომერციული, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ან/და უნივერსალური მომსახურებების დირექტივის ჩარჩოთი დაშვებული ქმედებები.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლი მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 29-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეთ თანხმობა სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ვიონი საქართველოს“ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შესთავაზონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად შექმნილი მობილური ინტერნეტის პაკეტი (20 გბ - 10 ლარი, მოქმედების ვადა 30 დღე) 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე.
2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პაკეტი არ იქნას განხილული მობილური საცალო მომსახურებების სეგმენტზე არსებულ საცალო კომერციულ შეთავაზებად, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განსაზღვრული პირობების არსებობისას
3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სოციალური ხასიათის პაკეტის ფარგლებში მომსახურების მიწოდებისას, არ გავრცელდეს მობილური ქსელით საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი სატარიფო რეგულაციით დადგენილი სუბსიდირების აკრძალვის სპეციფიური ვალდებულება.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“, შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
