შპს „მალტისოფტსა“ და შპს „ახალი ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2020 11:53
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
შპს „მალტისოფტსა“ და შპს „ახალი ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ შორის დავის განხილვის შესახებ
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებაზე სატელეკომუნიკაციო კომპანიების შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „სისტემ ნეტის“ მიერ უარის თქმის გამო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისიას“) საჩივრებით (03.11.2020 №შ-20-6/5603, 03.11.2020 №შ-20-6/5601, 13.11 2020 Nშ-20-6/5771) მომართა შპს „მალტისოფტმა“.
ვინაიდან, ზემოაღნიშნული საჩივრების ავტორი ერთი და იგივე იურიდიული პირია - შპს„მალტისოფტი“, მოწინააღმდეგე მხარეები: შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ და შპს„სისტემ ნეტი“ აფილირებული იურიდიული პირები არიან და აღნიშნულ კომპანიებს კომისიაში წარმოადგენენ ერთი და იგივე პირები, საჩივრების დავის საგანი, ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები არის იდენტური, საქმის სრულყოფილად შესწავლისა და დავების სწრაფად განხილვის მიზნით, კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის Nგ-20-16/854 გადაწყვეტილებით ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად გაერთიანდა ზემოაღნიშნული საჩივრების განხილვა.
შპს „მალტისოფტის“ საჩივრების თანახმად, კომპანიამ მიმართა შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს„ახტელს“ მათ სატელეკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთა და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვების მოთხოვნით. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „მალტისოფტი“ შპს „სისტემ ნეტთან“ გადაამისამართა იმ საფუძვლით, რომ მათ ავტონომიური ქსელი არ გააჩნიათ და მომსახურებას უწევს შპს„სისტემ ნეტი“. შპს „სისტემ ნეტმა“ კი უარი განუცხადა „მალტისოფტს“ გაფართოებული ურთიერჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, იმ საფუძვლით რომ შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია“ ჯტს-ს, რომელიც მათი განმარტებით წარმოადგენს „მალტისოფტის“ აფილირებულ კომპანიას გააჩნია დავალიანება შპს „სისტემ ნეტის“ წინაშე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. შპს „მალტისოფტის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ მოცემული მუხლის მიზნებისთვის ურთიერთჩართვა განიმარტება ფართოდ და იგი არა მხოლოდ ხმოვან ურთიერთჩართვას, არამედ გაფართოებულ ურთიერთჩართვასაც მოიცავს. შესაბამისად, გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა, რომელიც ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, შპს „მალტისოფტმა“, მომართა კომისიას დავის განხილვის მიზნით და მოითხოვა:
1. დაეკისროთ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელსა“ და შპს „სისტემ ნეტს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს „მალტისოფტისთვის“ გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით;
2. დაევალოთ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს „მალტისოფტის“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად და აღნიშნულთან დაკავშირებით „მალტისოფტთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადება.
2020 წლის 11 ნოემბერს შპს „ახტელმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“ წარმოადგინეს ერთობლივი წერილობითი პოზიცია (შ-20-6/5719) შპს „მალტისოფტის“ საჩივრებთან დაკავშირებით. შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ განმარტებით, მათ არ გააჩნიათ ავტონომიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გაფართოებული ურთიერჩართვის მომსახურების მიწოდებას, ამ კომპანიებს არ აქვთ საკუთარი IP მისამართები, არ არიან რეგისტრირებულნი RIPE-ში, არ აქვთ საკუთარი როუტერი, რომელიც უზრუნველყოფს მარშუტიზაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნიათ, რომ ვინაიდან არ აქვთ ის ქსელის შესაბამისი ელემენტები, ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არ არსებობის გამო.
2020 წლის 17 ნოემბერს შპს „ახტელმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიაში წარმოადგინეს მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებული შპს „ეგრისთან“ (რომლის სამართალმემკვიდრეც არის შპს „სისტემ ნეტი“) და აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში.
2020 წლის 18 ნოემბერს შპს „სისტემ ნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი (შ-20-6/5852) პოზიცია, რომლის თანახმად, შპს „სისტემ ნეტისთვის“ შპს „მალტისოფტის“ მიმართვიდან გასულია ორ თვეზე მეტი და შესაბამისად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდება ორთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, რაც შეეხება დაშვების საკითხს შპს „სისტემ ნეტის“ განმარტებით, შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ არ გააჩნიათ ავტონომიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთჩართვის მომსახურებას, შესაბამისად, შპს „სისტემ ნეტი“ ვერ განახორციელებს შპს „მალტისოფტის“ დაშვებას ისეთ ქსელზე და ფუნქციონალურ რესურსებზე, რომელიც არ არსებობს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, დავის საგნის არარსებობის გამო.
2020 წლის 19 ნოემბრის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე, კომისიამ მიიღო Nგ-20-16/854 გადაწყვეტილება „შპს „ახტელს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს„მალტისოფტს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“, რომლის თანახმად, მიიღო განსახილველად შპს„მალტისოფტის“ საჩივრები და დავის განხილვა დანიშნა 2020 წლის 26 ნოემბრისთვის. აღნიშნულის თაობაზე მხარეები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით, 2020 წლის 19 ნოემბრის კომისიის სხდომაზე.
2020 წლის 26 ნოემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მალტისოფტის“ წარმომადგენლები: დ. ჯიქია, თ.ხარაზიშვილი, გ.სანებლიძე და შპს „ახალი ქსელების“, შპს„ახტელის“ და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია, ტექნიკოსი ბ.გიორგაძე.
2020 წლის 26 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს „მალტისოფტის“ წარმომადგენელი თ.ხარაზიშვილი დაეთანხმა შპს „მალტისოფტის“ საჩივრებში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ საფუძვლებს და დაამატა, რომ გაფართოებულ ურთიერთჩართვას შპს „მალტისოფტი“ შპს „ახტელისგან“, შპს „ახალი ქსელებისგან“ და შპს „სისტემ ნეტისგან“ ითხოვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ავტორიზებული პირი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია განახორციელოს მეორე ავტორიზებული პირის ურთიერთჩართვა, მიერთება მის ქსელთან. თ. ხარაზიშვილის განმარტებით, საჩივარს ერთვის კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილება, რომელშიც ვრცლად არის განმარტებული ამ მუხლის შინაარსი და აღნიშნულია, რომ ინტერნეტ პროვაიდერი ავტორიზებული პირები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ურთიერთჩართვა, რაზედაც შპს „მალტისოფტს“ დავის მეორე მხარისგან ეთქვა უარი, რითიც ზიანდება ავტორიზებული პირის ინტერესი, ჰქონდეს ურთიერთჩართვა და იზღუდება ინტერნეტ პროვაიდერების ბოლო მომხმარებლების უფლება ჰქონდეთ წვდომა მეორე ავტორიზებული პირის ქსელში განთავსებულ კონტენტთან. შპს „მალტისოფტის“ წარმომადგენელმა დ. ჯიქიამ აღნიშნა, რომ როდესაც იზღუდება ლოკალური გამტარიანობა, ანუ მოცულობა არასაკმარისია, ტრაფიკი აუცილებლად წავა გლობალურად და უკან ბრუნდება გლობალური ტრაფიკი, რაც თავისთავად აუარესებს აბონენტებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხს. დ. ჯიქიას განმარტებით, აბონენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად აუცილებელია ლოკალურ ქსელთან დაკავშირება. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „მალტისოფტისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა ტექნიკურად ვინ განახორციელებს ურთიერთჩართვას შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ თუ შპს„სისტემ ნეტი“.
2020 წლის 26 ნოემბრის კომისიის სხდომაზე შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს„სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ აღნიშნა, რომ საჩივრების მოთხოვნა ორი ნაწილისგან შედგება: პირველია სანქცირების, ხოლო მეორე - დაშვების ნაწილი. ხ. ინჯიას მოსაზრებით, კომპანიების სანქცირების ნაწილში შპს „მალტისოფტის“ მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან შპს „მალტისოფტის“ მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნიდან გასულია ორ თვეზე მეტი, რაც ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველია. რაც შეეხება ურთიერთჩართვის ნაწილს ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს„ახტელს“ არ გააჩნიათ IP მისამართები და არ აქვთ საკუთარი როუტერი. მან ასევე აღნიშნა, რომ მათი ტექნიკოსების განმარტებით, ორგანიზაცია RIPE ადგენს რიგ რეგულაციებს, რომელთა გარეშეც ვერ ხორციელდება ურთიერთჩართვები ოპერატორებს შორის. მსოფლიოში გაფართოებული ურთიერთჩართვა, როგორც მომსახურება, არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ურთიერთჩართვა, რომელშიც იგულისხმება როგორც გლობალური, ისე ლოკალური ინტერნეტ ტრაფიკის გაცვლა. ეს არის რეგულაციის კლასიკური გაგება. როდესაც ეს ორგანიზაცია იძლევა RIPE ქსელში შემავალი ყველა სუბიექტისთვის უნიკალურ კოდს, ეს არის სავალდებულო არა მხოლოდ აღნიშნული რეგულაციებით, ასევე ქსელის შიდა უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, ოპერატორის ვალდებულებებით ქვეყნის უშიშროებისა და ქვეყნის წინაშე არსებული ვალდებულებების კუთხით, როდესაც ნებისმიერი საგამოძიებო თუ სხვა სახის მოქმედება მიზნად ისახავს ქსელში შემავალი ყველა სუბიექტის იდენტიფიკაციას, რომლის განხორციელების საშუალება არის მხოლოდ RIPE-ის მიერ გაცემული ინდივიდუალური მისამართი. ამ რესურსის არქონის შემთხვევაში, ოპერატორი არღვევს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ხ. ინჯიას განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი კომპანიები ამ ნორმას არასოდეს არღვევენ და მათთვის ამ პროცესის სხვაგვარად განხორციელება არ არის მიზანშეწონილი. ხ. ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ ტექნიკური გზის გამოძებნა პრობლემა არ არის, მაგრამ ყველანაირი გზა ვერ იქნება მისაღები კომპანიისთვის, რომელსაც მომხმარებლის დიდი რესურსი აქვს. ეს არ შეიძლება იყო მომსახურებების მიწოდება კუსტარული გზებით მილიონობით მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს სახელმწიფოა. ქსელის უსაფრთხოებაზე ქსელის ბევრ რეგულაციას თხოვენ კომპანიას, არა მხოლოდ კომისიის, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხითაც. ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას, რომ ნებისმიერი მსურველი ჩართული იყოს ყოველგვარი იდენტიფიკაციისა და პროტოკოლის გარეშე, რომლის დაცვაც აუცილებელია ნორმალური ოპერატორებისთვის, მათთვის მიუღებელია და ვერ განახორციელებენ. როდესაც კომისიამ 2009 წელს მიიღო გადაწყვეტილება გაფართოებული ურთიერთჩართვის დავალდებულების შესახებ, ოპერატორების ჩამონათვალში არ ყოფილან შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კომისიის ტექნიკური და სამართლებრივი სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ კომპანიებს არ ჰქონდათ გაფართოებული ურთიერთჩართვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია, ისევე როგორც სხვა ოპერატორებს, შპს„ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ დაავალდებულებდა გაფართოებულ ურთიერთჩართვას; შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ ტექნიკოსმა ბ. გიორგაძემ დამატებით აღნიშნა, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ არ გააჩნიათ თავიანთი IP მისამართების სივრცე და ბიჯების ავტონომიური სისტემის ნომერი, რის გამოც პირდაპირ უნიკალურ ურთიერთჩართვას ვერ განახორციელებენ ვერცერთ ოპერატორთან, იყო სურვილი, რომ შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ ჰქონოდა თავისი ავტონომიური სისტემა, მაგრამ ვინაიდან IP მისამართების გაცემა არის შეზღუდული, RIPE ვერ აძლევთ საკმარისი მისამართების რაოდენობას მათი აბონენტების უნიკალურად დაანონსებისთვის;
2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე კომისიამ დაასრულა მხარეთა პოზიციების მოსმენა და დავასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო 2020 წლის 3 დეკემბრისთვის.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:
1. შპს „მალტისოფტის“ საჩივრები შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ (03.11.2020 №შ-20-6/5603, 03.11.2020 №შ-20-6/5601, 13.11 2020 Nშ-20-6/5771);
2. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ წერილობითი პოზიცია (11.11. 2020 შ-20-6/5719);
3. შპს „სისტემ ნეტის“ წერილობითი პოზიცია (18.11.2020 Nშ-20-6/5852);
4. შპს „ახალი ქსელების“ მომსახურების ხელშეკრულება შპს „სისტემ ნეტთან“ 01.08.2006 N322/06-3;
5. შპს „ახტელის“ მომსახურების ხელშეკრულება შპს „სისტემ ნეტთან“ 01.08.2006;
6. შპს „ახალი ქსელების“ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში;
7. შპს „მალტისოფტის“ 2019 წლის 19 ივლისის წერილები შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“;
8. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ 2019 წლის 24 ივლისის წერილები შპს„მალტისოფტს;
9. შპს „მალტისოფტის“ 2019 წლის 17 სექტემბრის წერილი შპს „სისტემ ნეტს;
10. შპს „სისტემ ნეტის“ 2019 წლის 20 სექტემბრის წერილი შპს „მალტისოფტს“;
11. შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 09 ოქტომბრის წერილები შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს„ახტელს“;
12. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ 2020 წლის 13 ოქტომბრის წერილი;
13. შპს „მალტისოფტის“, შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან.
14. კომისიის სხდომებზე შპს „მალტისოფტის“, შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენლების განმარტებები გაკეთებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამართულ კომისიის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „მალტისოფტმა“ 2020 წლის 3 ნოემბერს მომართა კომისიას შპს „ახტელისა“ და შპს„ახალი ქსელების“ მიმართ ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის მიზნით; 2020 წლის 13 ნოემბერს შპს „მალტისოფტმა“ კომისიას მომართა ასევე შპს „სისტემნეტის“ მიმართ ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის მიზნით;
2. შპს „მალტისოფტის“, საჩივრების თანახმად, რომ 2019 წლის 19 ივლისს შპს„მალტისოფტმა“ წერილით მიმართა შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად;
3. შპს „მალტისოფტის“ 2019 წლის 19 ივლისის წერილების პასუხად „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ 2019 წლის 24 ივლისის წერილებით უარი განაცხადეს „მალტისოფტის“ მათ ქსელებთან გაფართოებულ ურთიერთჩართვაზე, იმ საფუძვლით, რომ „ახალ ქსელებს“ არ გააჩნიათ ავტონომიური სისტემა და მათ ამ მომსახურებას უწევს შპს „სისტემ ნეტი“. ამავე წერილით, შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ მოუწოდეს შპს „მალტისოფტს“, რომ მიემართათ „სისტემ ნეტისთვის“ აღნიშნული მომსახურების მისაღებად.
4. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ 2019 წლის 24 ივლისის წერილებში მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, შპს „მალტისოფტმა“ 2019 წლის 17 სექტემბერს მიმართა შპს „სისტემ ნეტს“ და მოსთხოვა, კანონით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში, მისთვის უზრუნველეყო შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს„ახტელის“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად;
5. შპს „მალტისოფტის“ 2019 წლის 17 სექტემბრის წერილის პასუხად „სისტემ ნეტმა“ 2019 წლის 20 სექტემბრის წერილით უარი განაცხადა „მალტისოფტთან“ გაფართოებული ურთიერჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, იმ საფუძვლით რომ შპს ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ს, რომელიც შპს „სისტემ ნეტის“ განმარტებით წარმოადგენს „მალტისოფტის“ აფილირებულ კომპანიას გააჩნია დავალიანება „სისტემ ნეტის“ წინაშე;
6. შპს „მალტისოფტმა“ გაფართოებულ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ მიმართა 2020 წლის 09 ოქტომბრის წერილებით და კვლავ მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის მიზნით შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშვება 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად;
7. „მალტისოფტის“ 2020 წლის 09 ოქტომბრის წერილის პასუხად შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ 2020 წლის 13 ოქტომბრის წერილით მითითება გააკეთეს მათი 2019 წლის 24 ივლისის წერილზე, რა ფორმითაც უარი განაცხადეს „მალტისოფტის“ მათ ქსელებთან გაფართოებული ურთიერთჩართვით უზრუნველყოფაზე და შესაბამისად, კვლავ მიუთითეს შპს „მალტისოფტს“, რომ მიემართათ შპს „სისტემ ნეტისთვის“;
8. შპს „მალტისოფტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ მომსახურებებზე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე (ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე (პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა). ინტერნეტ მომსახურებაზე (ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება);
9. შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ ავტორიზაცია გავლილი აქვთ სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე და ა.შ;
10. შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, „ახტელი“ და „ახალი ქსელები“ იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ “მომხმარებელი” შემდეგი მომსახურებით: ა) “მომხმარებლის” ჩართვა “მიმწოდებლის” („ახტელი“, „ახალი ქსელები“) ინტერნეტ ქსელში FTTH ტექნოლოგიით და შესაბამისი აპარატურით (ოპტიკური ხაზის ორგანიზება)“, ბ) ინტერნეტმომსახურებით (სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულება, მუხლი 1);
11. შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ეგრისს“ (რომლის სამართალმემკვიდრეც არის შპს „სისტემ ნეტი“) ასევე შპს „ახტელსა“ და შპს „ეგრისს“ შორის 2006 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, შპს „სისტემ ნეტი“ კომპანიებს უწევს ინტერნეტ სერვის პროვაიდერის მომსახურებას, რათა შპს „ახტელმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“ თავისი აბონენტები უზრუნველყონ სრული ინტერნეტ და XDSL მომსახურებით.
12. შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ეგრისს“ ასევე შპს „ახტელსა“ და შპს „ეგრისს“ შორის 2006 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების მე-2 მუხლის თანახმად, შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას შპს „სისტემ ნეტს“ ახალი აბონენტებისა და დამატებითი მომსახურების ჩართვის, ასევე იმ აბონენტების ჩამონათვალს, რომელთაც უნდა შეუწყდეს და აღუდგეს მომსახურების მიწოდება, ხოლო შპს „სისტემ ნეტი“ თავის მხრივ ვალდებულია კომპანიების აბონენტებს მიაწოდოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სერვისი (სრული ინტერნეტ და XDSL მომსახურება) დაუბრკოლებლად, დადგენილი ხარისხის შესაბამისად, ხოლო შპს„ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ მიერ მიწოდებული სიის მიხედვით, მოახდინოს ინფორმაციის მიღებიდან 24 საათში, ახალი აბონენტების, დამატებითი სერვისებისა და დავალიანების მქონე აბონენტთა ჩართვა-გამორთვა;
13. შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებიათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისათვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ც) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ეს არის ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ამავე მუხლის ჰ18) ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29) ქვეპუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი არის ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი განმარტებულია, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.თ)ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ15) ქვეპუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არაპირდაპირი დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება; აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი იმავდროულად გულისხმობს მეორე ავტორიზებული პირის ვალდებულებას, მოახდინოს მსურველი ავტორიზებული პირის ურთიერთჩართვა ან/და დაშვება;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის მთავარი მიზანი არის ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, ხოლო ეს დაკავშირება უნდა განხორციელდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. ამდენად, ურთიერთჩართვა კანონმდებლის მიერ, უპირველესად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი სიკეთეა, რომელიც ყველა ავტორიზებული პირისთვის უნდა იყოს შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შპს „სისტემ ნეტი“ „უწევს ინტერნეტ სერვის პროვაიდერის მომსახურებას, რათა შპს „ახტელმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“ თავისი აბონენტები უზრუნველყონ სრული ინტერნეტ და XDSL მომსახურებით“ (მომსახურების ხელშეკრულება, 1აგვისტო, 2006 წ. მუხლი 1). შპს„ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ დავალებების შესაბამისად ხდება შპს „სისტემ ნეტის“ მიერ „ახალი აბონენტების, დამატებითი სერვისებისა და დავალიანების მქონე აბონენტთა ჩართვა-გამორთვა“ (მომსახურების ხელშეკრულება, 1 აგვისტო, 2006 წ. მუხლი 2). სააბონენტო ხელშეკრულებაში შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ მომხმარებლის ჩართვა თავიანთ ინტერნეტ ქსელში. აღნიშნული ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს„ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ ურთიერთჩართვის მსურველი პირის - შპს„მალტისოფტის“ შპს „სისტემ ნეტთან“ გადამისამართება ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29) ქვეპუნქტს, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტს; მით უფრო, რომ შპს „სისტემ ნეტი“ შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ აფილირებული პირია და შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელებისთვის“ განჭვრეტადი იყო შპს „სისტემ ნეტის“ უარი. შპს „მალტისოფტის“ გადამისამართებას ინტერნეტ სერვისებით უზრუნველმყოფ კომპანიასთან, კომისიის მიერ მიჩნეულია, როგორც ურთიერთჩართვაზე უარის თქმა შპს „მალტისოფტისთვის“, რაც არის როგორც შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ მომხმარებლების, ისე შპს „მალტისოფტის“ დამაზიანებელი ქმედება. შპს„მალტისოფტს“ არ მიეცა კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის საშუალება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ შპს „ეგრისთან“ (რომლის სამართალმემკვიდრეც არის შპს „სისტემ ნეტი)“ 2006 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ სრულ ინტერნეტ მომსახურებას შპს „სისტემ ნეტის“ მიერ. შესაბამისად, აბონენტებთან და სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთობაში შპს „სისტემ ნეტის“ მიერ გაწეული მომსახურება განიხილება, როგორც შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ მიერ გაწეული მომსახურება. ვინაიდან შპს „სისტემ ნეტი“ „ახტელისა“ და „ახალი ქსელების“ აბონენტების მომსახურებისთვის, ნებისმიერ ქმედებას ახორციელებს ამ კომპანიების დავალების საფუძველზე, კომისიის უწყებრივი რეესტრის საავტორიზაციო მონაცემებითაც (კომპანიებს ავტორიზაცია გავლილი აქვთ ქსელით უზრუნველყოფაზე) და კომისიაში წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისად, „ახტელი“ და „ახალი ქსელები“ ახორციელებენ ქსელით უზრუნველყოფას, შესაბამისად კანონის ზემოაღნიშნული განმარტების თანახმად, წარმოადგენენ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შპს „სისტემ ნეტთან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე იმგვარად აქვთ თავიანთი ქსელი მოწყობილი, რომ ქსელის გარკვეული ელემენტები (როგორიც არის, მაგალითად, სააბონენტო დაშვების ქსელი - მომხმარებელთან მიყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და მისი დამაბოლოვებელი მოწყობილობები, მომხმარებელთან განთავსებული ტერმინალური საშუალებები) აქვთ საკუთრებაში, ხოლო ქსელის ელემენტების ნაწილი (როგორიც არის მაგალითად სპეციალური სერვერები, მარშრუტიზატორები და ინტერნეტ ტრაფიკის ფორმირების საქსელო ტექნიკური საშუალებები და ა.შ.) კი არის შპს „სისტემ ნეტის“ საკუთრებაში, თუმცა აღნიშნული ელემენტები ერთიანობაში ქმნიან ერთ მთლიან ქსელს, რომლის გარეშე ვერც შპს „ახტელი“ და ვერც შპს „ახალი ქსელები“ ვერ განახორციელებენ საკუთარი აბონენტებისთვის ინეტერნეტის მიწოდებას. აღნიშნული ნათლად აჩვენებს იმას, რომ შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ იმისათვის, რომ შეასრულონ ერთის მხრივ, საავტორიზაციო პირობები, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები (მიაწოდონ ინტერნეტ მომსახურება), აუცილებლად სჭირდებათ ქსელის დასრულებული სახით ქონა, რაც წარმოშობს მათ ვალდებულებას საკუთრებაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ჰქონდეთ ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად საჭირო ქსელური ელემენტები. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ ქსელის გარკვეული ელემენტებით ემსახურება შპს „სისტემ ნეტი“, არ ამცირებს მათ კანონისმიერ ვალდებულებას აბონენტებისა და სხვა ავტორიზებული პირების წინაშე.
კომისია განმარტავს, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა (საჩივრების ავტორის შპს„მალტისოფტის“ მოთხოვნა) ეს არის პრაქტიკაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ეტიმოლოგიურ სათავეს იღებს „ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურებიდან“ და გულისხმობს ინტერნეტ პროვაიდერების ქსელების ურთიერთჩართვას. დღეს მოქმედი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ურთიერთჩართვას არ ყოფს ქვესახეებად და ტერმინ ურთიერთჩართვაში მოიაზრებს ნებისმიერი სახის ურთიერთჩართვას. ურთიერთჩართვის პირობებში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირის გზით ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელი უკავშირდება სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს ან/და სარგებლობს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით (მათ შორის წვდომა აქვს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონტენტთან), ამასთანავე მიწოდების ხარისხი არის მაღალი. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის შემთხვევაში აბონენტების ერთმენთთან დაკავშირება ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდება უნდა მოხდეს პირდაპირ, ლოკალურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის N608/9 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” და ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტი ცნობილი იქნა კონკურენციის წინასწარი რეგულირების საჭიროების არ მქონე ქვესეგმენტად. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია კომისიის მიდგომები, რომლებსაც კომისია გამოიყენებს გაფართოებულ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით წარმოშობილი საკითხების განსამარტად, კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი ვალდებულებაა. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება“.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს მსურველ პირთან ურთიერთჩართვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ურთიერთჩართვით. კომისიის სტატისტიკური მონაცემების ბაზაში ფიქსირდება 126 ავტორიზებული პირი, რომელთაც ჰყავთ ინტერნეტ აბონენტები, მაგრამ მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს უზრუნველყოფილი პირდაპირი ურთიერთჩართვები; კომისიას მიაჩნია, რომ ადეკვატურად უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობის მოწესრიგება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) ინტერნეტ პროვაიდერებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაფართოებული ურთიერთჩართვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ბ) უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვის და ჰოსტინგის მომსახურების მიწოდების პირობების, აგრეთვე „კონტენტის მწარმოებლებსა” და ინტერნეტპროვაიდერების ურთიერთობის ადეკვატურად მოწესრიგება. შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო გამოცდილება ანგარიშსწორების პრინციპების კუთხით; მხარეთა ინტერესები ურთიერთმისაღები და კანონიერი სახელშეკრულებო პირობებით უნდა დარეგულირდეს; გ) ინტერნეტ პროვაიდერმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ბოლო მომხმარებლის, ასევე კონტენტის მწარმოებლის მოთხოვნები ინტერნეტში განთავსებულ კონტენტთან შეუზღუდავი წვდომის, აგრეთვე ინტერნეტის ქსელთან შეუზღუდავი დაშვების შესახებ; მხარეთა შეთანხმებისა და შესაბამისი ანგარიშსწორების გათვალისწინებით;“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.
კომისია აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერების მომხმარებლებისა და სერვისების ერთმანეთთან დაკავშირება სხვადასხვა ლოკალური თუ გლობალური ქსელების/არხების გამოყენებით, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ინტერნეტ პროვაიდერებს, მოთხოვნის შემთხვევაში შეუზღუდავი ურთიერთჩართვა განახორციელონ მსურველ ავტორიზებულ პირთან, რაც გულისხმობს ქსელებისა და მომხმარებლების მაღალსიჩქარიანი და მაღალხარისხიანი დაკავშირების შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა კი წინამდებარე დავის შემთხვევაში წარმოადგენს ურთიერთჩართვას 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით იმგვარად, რომ შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ აბონენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ლოკალურად დაუკავშირდნენ და მიიღონ შპს „მალტისოფტის“ მომსახურებები და პირიქით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ შპს „ახტელისთვის“ ურთიერთჩართვაზე უარის თქმით, აღნიშნული კომპანიების მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს„ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებიათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისათვის, უნდა დაეკისროთ წერილობითი გაფრთხილება. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაეკისროთ ქმედების განხორციელება -შპს „მალტისოფტთან“ ურთიერთჩართვის განხორციელება.
შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახტელისა“ და შპს„ახალი ქსელების“ უარი შპს„მალტისოფტის“ ურთიერთჩართვაზე დენადი სამართალდარღვევაა და მისი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ თარიღიდან, როდესაც კომისიისთვის გახდა ცნობილი აღნიშნული სამართალდარღვევის თაობაზე. კომისიისთვის აღნიშნული დარღვევის ფაქტი ცნობილი გახდა შპს „მალტისოფტის“ 2020 წლის 3 ნოემბრის საჩივრებით და შესაბამისად საჩივრის ავტორთა მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ სატელეკომუნიკაციო ქსელების შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან ურთიერთჩართვის მოთხოვნა შპს „მალტისოფტის“ მხრიდან უნდა წარედგინოთ შპს „ახტელსა“ და შპს „ახალი ქსელებს“. შესაბამისად, შპს „სისტემ ნეტის“, როგორც შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ ინტერნეტ მომსახურების განმახორციელებელი კომპანიისთვის, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვა არასწორია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, აღნიშნული კომპანიების ქსელის მოწყობის არსებული და ზემოაღნიშნული თავისებურებიდან გამომდინარე, ეს გარემოება არ ათავისუფლებს შპს„სისტემ ნეტს“, შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ შპს „მალტისოფტთან“ ურთიერთჩართვაში ტექნიკური მომსახურების გაწევისგან. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში შპს „სისტემ ნეტი“ მომსახურებას გაუწევს შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ და არა შპს „მალტისოფტს“, შესაბამისად, შპს „სისტემ ნეტის“ მიმართ შპს„მალტისოფტის“/აფილირებული პირის ფულადი ვალდებულება (იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი ვალდებულება რეალურად არსებობს, რომელიც აღნიშნული წარმოების ფარგლებში კომისიის მსჯელობის საგანი არ გამხდარა) ვერ გახდება აღნიშნული ურთიერთჩართვის დამაბრკოლებელი გარემოება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, VI თავის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „მალტისოფტის“ საჩივარი შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ წინააღმდეგ;
2. შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ დაეკისროთ გაფრთხილება შპს„მალტისოფტისთვის“ ურთიერთჩართვის მიწოდებაზე უარის თქმის გამო;
3. შპს „ახტელსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ დაევალოთ შპს „მალტისოფტთან“ ურთიერთჩართვა 10 გბ/წმ გამტარუნარიანობის არხით, შეუზღუდავად, არადისკრიმინაციულად და იმგვარად, რომ შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ აბონენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ლოკალურად დაუკავშირდნენ და მიიღონ შპს„მალტისოფტის“ მომსახურებები;
4. არ დაკმაყოფილდეს შპს „მალტისოფტის“ საჩივარი შპს „სისტემ ნეტის“ წინააღმდეგ;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს„ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
