შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2021 12:43
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020
შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ვესტ ექსპრესმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/6513, 28.12.2020) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
შპს „ვესტ ექსპრესმა“ კომისიას მიმართა 2020 წლის 28 დეკემბერს და კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ დგინდება, თუ როგორ აპირებს კომპანია მობილური საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა.
სხდომაზე აღინიშნა რომ შპს „ვესტ ექსპრესის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ დგინდება თუ როგორ აპირებს კომპანია აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდებას. შესაბამისად საჭიროა დამატებით იქნას წარმოდგენილი დეტალური აღწერა და ტექნიკური სქემა, თუ როგორ მოხდება მობილური ქსელის საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდება. შესაბამისად კომისიამ მიზანშწონილად მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად 5-დღიანი ვადის განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ვესტ ექსპრესს“ (ს/კ 412716681) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/6513, 28.12.2020) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;
2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართემვს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
