შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნ. მანაგაძის საჩივრების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2021 13:34
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2021
შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნ. მანაგაძის საჩივრების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 20 აგვისტოს რეაგირებისთვის მომართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) სოფიო ჯაფარიძემ (მიმართვა N 21-10-1525, 20/08/2021). აღნიშნული მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2021 წლის 09 ივლისს შემოვიდა, ნიკოლოზ მანაგაძის საჩივარი (რეგისტრაციის Nშ21-9/2933, 9.07.2021), შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ, რომელიც ეხება, მობილური სატელეფონო მომსახურების ფარგლებში, ინტერნეტით მომსახურების შეზღუდვას და ზიანის ანაზღაურების საკითხს.
საჩივრის თანახმად, 2020 წლის 22 დეკემბერს, კომპანიამ მომხმარებელს გაუფრთხილებლად გაუთიშა კავშირი ნახევარი საათის განმავლობაში. 2021 წლის 21 მარტს, კომპანიამ მომხმარებელს გაუფრთხილებლად გაუთიშა ინტერნეტ კავშირი და გაუნულა შეძენილი მეგაბაიტები. 2021 წლის 3 მაისს, კომპანიამ გაუთიშა კავშირი მომხმარებელს და მხოლოდ, მეორე დღეს 4 მაისს, ოფისში მისვლის შემდეგ, 10:00 საათზე მოხდა მომსახურების აღდგენა. 2021 წლის 7 ივლისს, საღამოს 19:00 საათიდან მომხმარებელს გაუფრთხილებლად გაეთიშა ინტერნეტის მიწოდება და დაახლოებით 15 საათის მანძილზე დარჩა კავშირის გარეშე.
როგორც მიმართვიდან ირკვევა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნიდან გამომდინარე, სამსახურში დაწყებული წარმოების ფარგლებში, შპს ,,მაგთიკომიდან“, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მომხმარებლისთვის ინტერნეტით მომსახურების შეზღუდვის მიზეზის და ზიანის ანაზღაურების შესახებ, კომპანიის პოზიციის წარმოდგენის თაობაზე.
შპს „მაგთიკომის“ მიერ სამსახურში წარმოდგენილი წერილით (რეგისტრაციის Nშ21-9/3160,27.07.21), წარმოდგენილ იქნა კომპანიის განმარტება/პოზიცია, ინტერნეტით მომსახურების შეზღუდვის თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში. რომლითაც, უდავოდ დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მიმართვის თანახმად, ასევე დადგენილია, რომ კომპანიამ შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელს შესთავაზა კოქტეილი 25-ის, ან მისთვის სასურველი სხვა პაკეტის გააქტიურება, თუმცა მომხმარებელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
2021 წლის 30 ივლისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, 2021 წლის 27 ივლისის Nგ-21-9/2219 წერილის პასუხად, სამსახურში კვლავ შევიდა, მომხმარებელ ნიკოლოზ მანაგაძის დამატებითი საჩივარი Nშ-21-9/3236, მობილური მომსახურების შეზღუდვის გამო, შპს ,,მაგთიკომის“ დაჯარიმებისა და კომპენსაციის სახით 5000 ლარის დაკისრების თაობაზე.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და საჩივარზე რეაგირების მიზნიდან გამომდინარე, სამსახურის მხრიდან სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით (საჩივარში მოყვანილი გარემოებების დაზუსტება და შესაბამისი მტკიცებულებით გამყარება, საჩივრის განხილვის წესის, მომხმარებელთა უფლებების და ვალდებულებების განმარტება, დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა და სხვა) მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისას, მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირდა წინადადება, დავის მორიგებით დასრულების წინაპირობად, ერთი წლის მანძილზე, ულიმიტო მობილური ინტერნეტით მომსახურების მიღების შესახებ, ამასთან, ვინაიდან, კომპანიის მხრიდან დაფიქსირებული იყო მზაობა, მომხმარებლისთვის შექმნილი დისკომფორტის გამო, კომპენსაციის სახით გარკვეული პროდუქტის შეთავაზების შესახებ, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშულების - მედიაციის ფარგლებში, კვლავ მიმართულ იქნა შპს ,,მაგთიკომისთვის“ მომხმარებელ ნიკოლოზ მანაგაძის საჩივრის/მოთხოვნის განხილვისა და კომპანიის პოზიციის წარმოდგენის თაობაზე. ასევე გაცემულ იქნა რეკომენდაცია, მომხმარებელთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი წესების დაცვის შესახებ.
შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სამსახურში წარმოდგენილი Nშ-21-9/3366 და Nშ-21-9/3575,12.08.2021) წერილებით დგინდება, რომ სამსახურის რეკომენდაციის გათვალისწინებით, კომპანიის წარმომადგენელი არაერთხელ დაუკავშირდა მომხმარებელს სხვადასხვა შეთავაზებით, თუმცა მომჩივანმა შეთავაზებები არ მიიღო და განაცხადა, რომ აპირებს დავის გაგრძელებას.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის 12 აგვისტოს Nგ-21-9/2369 წერილით, მომხმარებელს ეცნობა ზემოაღნიშნულის თაობაზე, ეთხოვა მოთხოვნის დამადასტურებელი მის ხელთ არსებული მტკიცებულების წარმოდგენა და ასევე, დავის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაგრძელების შესახებ, პოზიციის წარმოდგენა.
2021 წლის 17 აგვისტოს, სამსახურში წარმოდგენილ იქნა ნიკოლოზ მანაგაძის განცხადება Nშ-21-9/3677, რომლითაც მომხმარებელი მხარს უჭერს თავის საჩივარს, ითხოვს დავის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განხილვას, შპს ,,მაგთიკომისგან“ მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და 30 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის ღირებულების საკითხის შესწავლას.
ასევე, კომისიაში 2021 წლის 9 სექტემბერს შემოვიდა ნიკოლოზ მანაგაძის დაზუსტებული მოთხოვნა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/4062, 09.09.2021), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის (N21-10-1525, 20/08/2021) საფუძველზე, განსახილველად წარმოდგენილ, შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მის საჩივრებთან (Nშ21-9/2933, 9.07.2021 და Nშ-21-9/3236, 30.07.2021) დაკავშირებით აზუსტებს მოთხოვნას. წერილობით წარმოდგენილ დაზუსტებულ მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 22 დეკემბერს, კომპანიამ გაუფრთხილებლად გაუთიშა კავშირი ნახევარი საათის განმავლობაში. 2021 წლის 21 მარტს, კომპანიამ ასევე გაუფრთხილებლად გაუთიშა ინტერნეტ კავშირი და გაუნულა შეძენილი მეგაბაიტები; 2021 წლის 3 მაისს, კომპანიამ გაუთიშა კავშირი და მხოლოდ, მეორე დღეს 4 მაისს, ოფისში მისვლის შემდეგ, 10:00 საათზე აღდგა მომსახურება. 2021 წლის 7 ივლისს, საღამოს 7 (19:00) საათიდან კვლავ გაუფრთხილებლად გაეთიშა შეძენილი მეგაბაიტები და სალაპარაკო წუთები და დაახლოებით 15 საათის მანძილზე დარჩა კავშირის გარეშე. ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში მისი მხრიდან ადგილი ქონდა კომუნიკაციის მცდელობას, რასაც ძალიან ძნელად აღწევდა, რადგან ხშირად ტელეფონზე და სოციალური ქსელში (მესენჯერი) შპს „მაგთიკომი“ არ პასუხობს, ან თუ პასუხობს ძალიან არაკორექტულ პასუხს იძლევა და იმასაც კი არ თვლიან საჭიროდ, რომ ბოდიში მოიხადონ შექმნილი დისკომფორტის გამო.
ნ. მანაგაძის დაზუსტებულ მოთხოვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-11 მუხლის თანახმად, ,,მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება“. ხოლო, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება“. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლით, დადგენილია კომპანიის მხრიდან მომხმარებლის საინფორმაციო და საანგარიშსწორებო უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც მოიცავს, მომხმარებლის უფლებას, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიიდან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ასევე მომსახურების შეფერხების დროული აღმოფხვრის, მიუწოდებელი და უხარისხო მომსახურებისათვის გათვალისწინებულ საკომპენსაციო პირობების თაობაზე.
ამასთან, ნ. მანაგაძე ასევე უთითებს, რომ შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მისთვის მომსახურების მიწოდების სისტემატურად უსაფუძვლო შეზღუდვით (აღნიშნული კომპანიის მიერ სადავო არ არის და ადასტურებს მომსახურების შეზღუდვის ფაქტებს) დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის ნორმები. შესაბამისად, ნ. მანაგაძე ითხოვს, შპს
,,მაგთიკომის“ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის გამო, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიება.
ამასთან, როგორც დაზუსტებულ მოთხოვნაშია აღნიშნული, მომსახურების მიწოდების უსაფუძვლო სისტემატური შეზღუდვით და კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლო/უპატივცემულო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ნ. მანაგაძეს მიადგა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი. შესაბამისად, ითხოვს, შპს
,,მაგთიკომს“ კომპენსაციის სახით დაეკისროს მის სასარგებლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება მის მოთხოვნას, 30 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის ღირებულების საკითხის შესწავლას, დაზუსტებულ მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ უარს ამბობს აღნიშნულ მოთხოვნაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა მისი საჩივარი კომისიამ განიხილოს, წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნების ფარგლებში.
კომისიის 2021 წლის 9 სექტემბრის N გ-21-23/507 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნ. მანაგაძის საჩივრები (Nშ21-9/2933, 9.07.2021 და Nშ-21-9/3236, 30.07.2021) მიღებულ იქნა განსახილველად შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში, ხოლო, შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნ. მანაგაძის საჩივრები (Nშ21-9/2933, 9.07.2021 და Nშ-21-9/3236, 30.07.2021) დაუშვებლად იქნა ცნობილი, მატერიალური და მორალური ზიანის გამო კომპენსაციის სახით შპს „მაგთიკომისთვის“ მის სასარგებლოდ 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2021 წლის 23 სექტემბერს, 15 საათზე.
კომისიაში 2021 წლის 20 სექტემბერს შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/422, 20.09.2021), რომლითაც წარმოდგენილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიკოლოზ მანაგაძესთან 2014 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესულია ცვლილებები. წერილის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება სააბონენტო ნომერზე გაიგზავნა 2019 წლის 5 აგვისტოს, დანართის სახით წარმოდგენილია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ხელშეკრულების დღეს მოქმედი რედაქცია, რომლის ნახვა ასევე შესაძლებელია შპს „მაგთიკომის“ ვებგვერდზე: https://www.magticom.ge/files/mobile-contract.pdf .
კომისიის შეტყობინებით (Nგ-21-03/2705, 22/09/2021) შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/422, 20.09.2021) თანდართული დოკუმენტაციით გაეგზავნა ნ. მანაგაძეს და მომხმარებელთა დამცველს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წერილით (N გ-21-03/2694 , 20/09/2021) შპს „მაგთიკომს“ საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით ეთხოვა 2021 წლის 21 სექტემბრისთვის კომისიაში წარმოედგინა ნ. მანაგაძის საჩივრებში დაფიქსირებულ მომსახურების მიწოდების წყვეტის ან/და პაკეტის გაუქმების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია/მტკიცებულებები: მიმართა თუ არა აბონენტმა განცხადებით ხარვეზის თაობაზე და როდის (მომსახურების მიმწოდებლის დაზიანების ბიუროში აღირიცხება მომხმარებლისგან ან სხვა მოქალაქისაგან შემოსული ნებისმიერი წერილობითი ან ზეპირი განცხადება); რა იყო მომსახურების შეწყვეტის მიზეზი და რა ვადაში მოხდა მომსახურების აღდგენა ან/და დაზიანების აღმოფხვრა; შეატყობინა თუ არა შპს„მაგთიკომმა“ აბონენტს მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და ხანგრძლივობის თაობაზე და როდის.
კომისიის 2021 წლის 20 სექტემბრის Nგ-21-03/2694 წერილის პასუხად შპს „მაგთიკომმა“ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4239, 21.09.2021) აცნობა, რომ აღარ არსებობს კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების საჭიროება, ვინაიდან მომხმარებელმა უარი განაცხადა საკუთარ საჩივარზე, რაც, კომისიის 09.09.2021 Nგ-21-23/507 გადაწყვეტილებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
კომისიაში 2021 წლის 21 სექტემბერს შემოვიდა მომხმარებელ ნ. მანაგაძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ21-9/4236, 21.09.2021), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიაში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის (N21-10-1525, 20.08.2021) საფუძველზე განსახილველად წარმოდგენილ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მის საჩივრებთან (Nშ21-9/2933, 9.07.2021 და Nშ-21-9/3236, 30.07.2021) დაკავშირებით აცნობებს კომისიას, რომ შპს „მაგთიკომთან“ შედგა შეთანხმება და აქედან გამომდინარე პრეტენზია აღარ გააჩნია და თავის საჩივრებზე უარს ამბობს.
ზემოაღნიშნული განცხადება შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა კომისიის წერილით (N გ-21-03/2706,22/09/2021).
კომისიის 2021 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები ლ. გიორგაძე და დ. ძიძიგური, ასევე მომხმარებელთა დამცველი ს. ჯაფარიძე. სხდომას არ დაესწრო ნ. მანაგაძე.
კომისიის 23 სექტემბრის სხდომაზე ს. ჯაფარიძემ მხარი დაუჭირა საჩივრებზე უარის თქმის შესახებ. ნ. მანაგაძის განცხადებას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ21-9/4236, 21.09.2021).
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ვინაიდან, მომხმარებელმა ნ. მანაგაძემ შპს „მაგთიკომთან“ მორიგების გამო უარი განაცხადა საჩივრებზე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ნ. მანაგაძის საჩივრების განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-11 მუხლების, 42-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 95-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ნ. მანაგაძის საჩივრების განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ ნ. მანაგაძის მიერ საჩივრებზე უარის თქმის გამო.
2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის“ და მომხმარებელ ნ. მანაგაძისთვის ჩაბარების დღიდან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) გადაწყვეტილების მომხმარებელ ნ. მანაგაძისთვის, შპს „მაგთიკომისთვის“ და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
ბ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comocm.ge) გამოქვეყნება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
