სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2021 11:04
მიღების თარიღი ივლისი 29, 2021
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, კომისიის 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი. ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე, საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა
გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 05 ივლისი 10 საათიდან 2021 წლის 19 ივლისის 18:00 საათამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადება კომისიაში წარმოადგინა კომპანია „Mediafon Datapro”-მ (კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რეგისტრირებული ლიეტუვაში, საიდენტიფიკაციო ნომერი: 304065322) (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 19.07.2021; №შ – 21-11/3076; დრო: 14:38 სთ.);
კომისიის 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკონკურსო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია გადაეცა საკონკურსო საბჭოს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო საბჭოს მიერ 2021 წლის 26 ივლისს მიღებულ იქნა საკონკურსო საბჭოს დასკვნა (თან ერთვის), საკონკურსო წინადადების შეფასების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც, საკონკურსო საბჭოს მიერ, კომისიის 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილებით დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად შეფასებულ იქნა კონკურსში მონაწილე საკონკურსო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია.
საკონკურსო საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
1. საბჭოს პირველ სხდომაზე 2021 წლის 20 ივლისს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მსჯელობის გამართვის შემდგომ შპს „Mediafon Datapro”-ს“ (საკონკურსო პირობების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე), ვ), ზ), თ) პუნქტების შესაბამისად) საკონკურსო საბჭოს 10 წევრის თანხმობით დაშვებული იქნა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
2. 2021 წლის 20 ივლისს საკონკურსო საბჭოს იგივე სხდომაზე გაიხსნა მეორე კონვერტი, სადაც მოთავსებული იყო საკონკურსო პირობების შესაბამისად ტექნიკური პირობები. ტექნიკური პირობების გასაცნობად სხდომები გაიმართა 2021 წლის 21, 22 და 23 ივლისს. სხდომებზე წევრები დეტალურად გაეცნენ კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებული კონკურსანტის („Mediafon Datapro”) საკონკურსო წინადადების ტექნიკურ პირობებს. საკონკურსო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური შემოთავაზება შეესაბამება საკონკურსო პირობების მე–4 და მე–5 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად „Mediafon Datapro” ერთხმად დაშვებულ იქნა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
3. 2021 წლის 23 ივლისის საკონკურსო საბჭოს სხდომაზე გაიხსნა საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები. „Mediafon Datapro”–ს მიერ წარმოდგენილი სატარიფო პირობები წარმოდგენილ იქნა საკონკურსო პირობების დანართი N1-ს სახით და შეადგინა 245 999 (ორას ორმოცდახუთი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ევრო დღგ-ს გარეშე. წარმოდგენილი სატარიფო პირობა გამოქვეყნდა და საკონკურსო საბჭოს წევრებს ინდივიდუალურად მიეცათ შესაძლებლობა შეემოწმებინათ წარმოდგენილი სატარიფო პირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონკურსო საბჭომ სრული შემადგენლობით, ერთხმად დაასკვნა, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, კომისიის 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილების მე-7 მუხლის 22-ე პუნქტის მიხედვით გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს შპს „ Mediafon Datapro”.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, საკონკურსო საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის დასკვნის საფუძველზე, გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს შპს „Mediafon Datapro” და ამ უკანასკნელთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის და პირობების 8.2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის კონკურსში გამარჯვებულს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს, სადაც სავალდებულო წესით განისაზღვრება: ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
კომისია აღნიშნავ, რომ 2016 წლის 17 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მოქმედ ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობები შემდეგი დარღვევებისათვის:
1. ადმინისტრატორის ინიციატივით, არაპატივსადები მიზეზით წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო 42,000.00 ევროს ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად; აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე, მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში (2.10 პუნქტი);
2. წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებით („ბ“- უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნა წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში; „გ“ - მონაცემთა ბაზის სისტემის ტესტირება განახორციელოს 2016 წლის 24 ნოემბრიდან 2016 წლის 8 დეკემბრამდე) გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი გადაცილებული დღისათვის ადმინისტრატორს ეკისრება პირგასამტეხლო 617 ევროს ოდენობის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (4.3 პუნტი);
3. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის (საქართველოში, NPCDB სისტემის ადმინისტრირების ფარგლებში მიღებული შემოსავლის) (დღგ-ს ჩათვლით) 0,1% ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (4.4 პუნქტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულთან დასადებ ხელშეკრულებაშიც ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ანალოგიური ოდენობების განსაზღვრა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი ოპერატორის მიერ უკვე დანერგილია პორტირების მონაცემთა ბაზის სისტემა, კომისიის მიერ ბაზის დანერგვისა და ტესტირებისთვის ვადისა და აღნიშნული ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა არარელევანტურია. კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის, კომისიის 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-7 მუხლის 27-ე პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული საკონკურსო საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის დასკვნა და აღნიშნული დასკვნა მიჩნეულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „Mediafon Datapro”.
3. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულსა და კომისიას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით.
4. უზრუნველყოს შპს „Mediafon Datapro”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო 8-თვიანი საბანკო გარანტიის 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე, ან მისი ეკვივალენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღისთვის არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით) წარმოდგენა, კომისიის 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
5. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ხელშეკრულებით, შემდეგი პირობებით:
ა) ადმინისტრატორის ინიციატივით, არაპატივსადები მიზეზით წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო 42,000.00 ევროს ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად; აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე, მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის (საქართველოში, NPCDB სისტემის ადმინისტრირების ფარგლებში მიღებული შემოსავლის) (დღგ-ს ჩათვლით) 0,1% ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა):
ა) შპს „Mediafon Datapro”–ს მიერ საბანკო გარანტიის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, 5 დღის ვადაში, გამარჯვებულთან სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის გაგზავნის უზრუნველყოფა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულსა და კომისიას შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
წინამდებარე გადაწყვეტილების კონკურსში მონაწილესთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება (ლ.ბერიძე);
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-7 და მე-8 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
