შპს „ვექტორ ა.ს.“-ის (ს/კ 454409970) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2021 17:47
მიღების თარიღი მარტი 25, 2021
შპს „ვექტორ ა.ს.“-ის (ს/კ 454409970) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 5 მარტს განცხადებით მიმართა შპს „ვექტორ ა.ს.“-მა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1203 05.03.2021), შპს „ვექტორ ა.ს.“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვექტორ ა.ს.“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
შპს „ვექტორ ა.ს.“ ახორციელებს აზერბაიჯანულ თანამგზავრ „აზერსპეისზე“ ქართული ტელეკომპანიების სატელევიზიო სიგნალების მიწოდებას.
შპს „ვექტორ ა.ს.“-ის შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 811 567 ლარი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ვექტორ ა.ს.“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი რავშან ალიოგლი რაგიმოვ (აზერბაიჯანი). შპს „ვექტორ ა.ს“-ის დირექტორები არიან: რავშან ალიოგლი რაგიმოვ (აზერბაიჯანი) და ვაჟა გიორგაძე.
შპს „ვექტორ ა.ს“-ის განცხადების თანახმად, რავშან ალიოგლი რაგიმოვის (აზერბაიჯანი) კუთვნილი შპს „ვექტორ ა.ს“-ის წილის 100%-ის შეძენის სურვილი გააჩნია ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვს (C 03123890, აზერბაიჯანი).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ვექტორ ა.ს“-ის წილის 100%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის რუფატ აბასოვის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვექტორ ა.ს“-ის წილის 100%- ის ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ვექტორ ა.ს“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ვექტორ ა.ს“-ს, შპს „ვექტორ ა.ს“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ვექტორ ა.ს“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ვექტორ ა.ს“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ვექტორ ა.ს“-სათვის გაგზავნა (ო.ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„ვექტორ ა.ს“-სათვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ვექტორ ა.ს“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
