შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2021 14:16
მიღების თარიღი აპრილი 08, 2021
შპს „სეზონი ტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სეზონი ტვ“-იმ (ს/ნ 417897253) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-
21-7/1415, 24.03.2021) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „სეზონი ტვ“ ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის გავლიდან 40 დღეში;
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება
„სეზონი ტვ“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. შპს „სეზონი ტვ“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
4. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
5. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 23 მარტს შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში არ იყო შევსებული: ფაქტობრივი მისამართი; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები; წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; მონაცემები პარტნიორთა/აქციონერთა შესახებ. საკონტაქტო ინფორმაციაში არ იყო მითითებული კომპანიის ვებ-გვერდი; განცხადების მე-2 და მე-3 პუნქტები შეუსაბამოდ იყო შევსებული, კერძოდ გაურკვეველი იყო სათემო ტელემაუწყებლობაზე სურდა კომპანიას ავტორიზაციის გავლა თუ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი: ა) შესაბამისობის დეკლარაცია. არ იყო შევსებული დეკლარაციის მე-5 პუნქტი;
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა; ასევე შემოსავლებში „სესხის აღებაში“ არ იყო მითითებული თანხა, მაშინ როცა გასავლებში „სესხის დაფარვაში“ იყო მითითებული;
გ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. ფორმაში არ იყო შევსებული აქტივების შეძენის თარიღი. ასევე შეძენის ღირებულებაში მისათითებელი იყო ზუსტი თანხები.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი: ა) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ბ) აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
გ) აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ; დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-21-03/915, 26.03.2021წ.). შპს „სეზონი ტვ“-ის მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2021 წლის 2 აპრილის ჩათვლით. კომპანიას ინფორმაცია კომისიაში მითითებულ ვადაში არ წარმოუდგენია.
კომისიის 2021 წლის 8 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენელი. კომპანიას შეტყობინება სხდომის გამართვის თაობაზე გაეგზავნა 2021 წლის 6 აპრილს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „სეზონი ტვ“-ის (ს/ნ 417897253) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;
2. განემარტოს შპს „სეზონი ტვ“-ის, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სეზონი ტვ“-ისთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს„სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
