შპს „სმარტ ტვ“-ის ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2021 19:41
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021
შპს „სმარტ ტვ“-ის ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სმარტ ტვ”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/151, 20.01.2021 და შ-21-7/49, 14.01.2021) ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სმარტ ტვ”-ს მიერ არასრულყოფილად არის წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ არ არის ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები და ავტორიზაციის დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2021 წლის 21 იანვრის Nგ-21-22/8 გადაწყვეტილებით შპს „სმარტ ტვ“-ს განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-20-6/6382, 21.12.2020) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „სმარტ ტვ“- ს კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2021 წლის 25 იანვარს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „სმარტ ტვ”-ს (ს/კ438732187) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/151, 20.01.2021 და შ-21-7/49, 14.01.2021);
2. განემარტოს შპს „სმარტ ტვ“-ს, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტ ტვ”-ისთვის გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სმარტ ტვ”- ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სმარტ ტვ”-ისთვის ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
